Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში რამდენიმე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ.

28 თებერვალს „სტრატფორდ კომენტარიმ“ დაბეჭდა სტატია, სათაურით „რუსეთის გავლენა რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიებზე“. სტატიის შემაჯამებელ აბზაცში ვკითხულობთ: „ბოლო თვეებში საქართველოსა და მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში - პრეზიდენტობის რუსეთის ფავორიტმა კანდიდატებმა არჩევნები წააგეს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ამ სეპარატისტულ რეგიონებს თავიანთი დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის უცხოელი მფარველი სჭირდებათ, რუსეთს კი თავის ყოფილ რესპუბლიკებზე გავლენის მოხდენისთვის ესაჭიროება ბერკეტები. საბოლოო ანგარიშით, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში განვითარებული ეს პროცესები არ წარმოადგენს საფრთხეს ამ რეგიონებზე რუსეთის გავლენისთვის და არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე რუსეთის გავლენის ზოგად შემცირებას“. გამოცემის შეფასებით, რუსეთის ფავორიტი კანდიდატების მარცხი რუსეთის გავლენას კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ წარმოაჩენს ნიუანსებს ამ გავლენისა, რომელიც სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში უფრო ეფექტიანია, ვიდრე შიდა პოლიტიკაში.

ამავე გამოცემამ 29 თებერვალს დაბეჭდა სტატია, სათაურით „აზერბაიჯანის შეთანხმება ისრაელთან იარაღის თაობაზე“. სტატია საქართველოსაც ეხება. კერძოდ, ავტორები წერენ გავრცელებულ ცნობაზე, რომ ისრაელი აზერბაიჯანს 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ანტისაჰაერო სისტემებს და უპილოტო თვითმფრინავებს მიჰყიდის. წერილში აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმებას წინ უძღოდა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გამართული შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერეზსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შორის. „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აშშ მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა საქართველოს დაცვას. იმან, რომ ვაშინგტონი ისლამური სამყაროთი იყო დაკავებული, რუსეთს საშუალება მისცა საქართველო დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის გაკვეთილად გამოეყენებინა, რითაც, ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ რუსეთი რეგიონში ძლიერ მოთამაშედ დაბრუნდა. აშშ-ს შეეძლო ომის შემდეგ საქართველო შეეიარაღებინა, მაგრამ ეს რუსეთთან დაძაბულობის გაზრდას მოიტანდა, რის უფლებასაც იმ მომენტში ვაშინგტონი თავს ვერ მისცემდა“, - წერენ ავტორები და იქვე განაგრძობენ: „მაშინ, როგორც ჩანს, აშშ-მა და რუსეთმა შეთანხმებას მიაღწიეს: რუსეთი თავს შეიკავებდა საქართველოსთან შემდგომი კონფლიქტისგან, თუ ამერიკელები იარაღის მიყიდვას შეზღუდავდნენ. ეს მხოლოდ აშშ-ს არ გაუკეთებია - იარაღის მიყიდვის პროცესი შეწყვიტა ყველა მსხვილმა გამყიდველმა, განსაკუთრებით ისრაელმა, იმ შიშით, რომ რუსეთს შესაძლოა მაღალგანვითარებული სისტემები მიეყიდა სირიისა და ირანისთვის“. აზერბაიჯანის საკითხი, წერენ ავტორები, კიდევ უფრო რთულია. აშშ-ის შიგნით სომხური წარმოშობის ამერიკელების ზეწოლამ ბაქოში ელჩის გაგზავნა გაართულა. მნიშვნელოვანი შეიარაღების მიყიდვა შეუძლებელი იყო. ამას ემატებოდა რეგიონის სტრატეგიული პრობლემა - ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, აშშ-ს არ სურდა აზერბაიჯანში რუსეთის ან ირანის შეჭრა ეხილა, რადგან ამის შემაკავებელი ძალა მაშინ არ გააჩნდა. „სწორედ ეს ხდის აზერბაიჯანისთვის ისრაელის შეიარაღების მიყიდვას და ამასთან დაკავშირებულ მაღალი რანგის შეხვედრებს საინტერესოს. რთული წარმოსადგენია, რომ აშშ და ისრაელი კოორდინირებას არ უკეთებდნენ კავკასიაში თავიანთ ნაბიჯებს“, - წერენ ავტორები და დასძენენ: „შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ აშშ-მა ამ ინიციატივებზე თანხმობა გასცაო“. ეს პროცესები კი, „სტრატფორდ კომენტარის“ ავტორების აზრით, შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ისრაელი და აშშ კავკასიაში რუსეთის მიმართ თავიანთი პოლიტიკის გადახედვას მიმართავენო.

27 თებერვალს კავკასიის საკითხების ცნობილმა ექსპერტმა ტომ დე ვაალმა „ფორინ პოლისიში“ გამოაქვეყნა წერილი, სათაურით „როგორ ხსნის გოგოლი პოსტსაბჭოთა სამყაროს“. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, წერს ავტორი, მსოფლიოს 15 ახალი სახელმწიფო მოევლინა. მას შემდეგ ანალიტიკოსები ცდილობენ ცნობილი კონცეპტუალური მოდელები - „საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა“, „პარტიათა სისტემის განვითარება“ - მოარგონ ქვეყნებს, რომლებსაც ძალიან განსხვავებული ისტორია და კულტურული სპეციფიკა აქვთ. დე ვაალის აზრით, ეს განსაზღვრებები გონივრულია, მაგრამ რეალურ, ცოცხალ საზოგადოებას ადეკვატურად მაინც ვერ აღწერს. „ამიტომაც ნაწილობრივ ქარაფშუტულ შეკითხვას გთავაზობთ: იქნებ ყოფილი საბჭოთა კავშირის გაგების მიზნით თავი დაგვენებებინა პოლიტიკური მეცნიერების სახელმძღვანელოებისთვის და მათ ნაცვლად ნიკოლაი გოგოლის, ანტონ ჩეხოვისა და ფიოდორ დოსტოევსკის წიგნები გადაგვეფურცლა?“ - წერს დე ვაალი. შემდეგ ავტორი ვრცელ ანალიზს გვთავაზობს - აღწერს, მისი აზრით, პარალელებს გოგოლის „რევიზორსა“ და დღევანდელ რუსეთს, ჩეხოვის „ალუბლის ბაღსა“ და დღევანდელ უკრაინას და დოსტოევსკის „ძმებ კარამაზოვებსა“ და დღევანდელ საქართველოს შორის. გოგოლის რევიზორს და თანამედროვე რუსეთს, ავტორის აზრით, საერთო დილემა აქვთ, ავტორიტარულ წყობასა და საზოგადოებრივ კოლაფსს შორის. „გოგოლი რამეს თუ ასწავლის რუსეთში დღევანდელი საპროტესტო აქციების მონაწილეებს, იმას, რომ სისტემაა შესაცვლელი და არა მის სათავეში მყოფი კაციო“, წერს ტომ დე ვაალი. ჩეხოვსა და უკრაინას შორის კი ის პარალელს „შერეული მემკვიდრეობის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების, ახალი ფულის ტრიუმფისა და დანიშნულების ადგილამდე მისვლის გარეშე გარდამავალი პერიოდის“ თემებში ხედავს. რაც შეეხება საქართველოს და „ძმებ კარამაზოვებს“, ტომ დე ვაალისთვის ეს კავშირი რამდენიმე ასპექტით გამოიხატება. მათ შორის მამის მკვლელობის, პატრიციდის თემით - საქართველოსთვის ეს „მამა“ რუსეთია. ამასთან, ტომ დე ვაალი „ინტენსივობის, ქედმაღლობის და ფილოსოფიურობის“ კუთხით პარალელებს ავლებს რომანის ერთ-ერთ გმირს, ივან კარამაზოვსა და დღევანდელი საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორებს შორის. კერძოდ, ტომ დე ვაალი წერს საქართველოს დღევანდელი მთავრობის არჩევანზე რეფორმა დემოკრატიულ კონსენსუსზე წინ დაეყენებინა ან მიზნით საშუალებები გაემართლებინა, და ამბობს, რომ ამ ფილოსოფიურ მიდგომას ფესვები მე-19 საუკუნის რუსეთის რადიკალ მოაზროვნეებთან აქვს. „დოსტოევსკი აღწერს, ეს რაოდენ საშიში შეიძლება იყოს: რაციონალური უტოპიის უკომპრომისო ძიება და მამის სიკვდილით შექმნილი სტრესი მისი რომანის გმირს, ივან კარამაზოვს, ჰალუცინაციებს გაუჩენს და ნერვული კოლაფსის ზღვრამდე მიჰყავს. საქართველოს მთავრობას ამ მდგომარეობამდე ჯერ კიდევ ბევრი აშორებს, მაგრამ გაფრთხილება უკვე ისმის“.
XS
SM
MD
LG