Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის ანგარიშისა და ქიმერიძის დაღუპვის კვირა

  • ნიკო ნერგაძე

გასული კვირა დაიწყო იმით, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება”, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ქართუ მშენებელი” და მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი 200-200 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძვლად იქცა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული კვლევა, რომელმაც ფინანსური შემოწირულების გადარიცხვის არამართლზომიერება დაადგინა. უკანონობა მდგომარეობდა იმაში, რომ, ”ქართუ მშენებელთან” გარიგების შედეგად, ამავე საწარმოს თანამშრომელს ნუგზარ ხუციშვილს 6 თებერვალს პრემიის სახით ჩაერიცხა 40 000 ლარი, საიდანაც 3 დღეში 20 000 ლარი მან ”ქართული ოცნების” ანგარიშზე შეიტანა. თავად ”ქართული ოცნება” მომხდარში კანონის რეგულაციების დარღვევას ვერ ხედავს. ”ქართული ოცნების ” სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ თქვა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ:

”მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა, რადგან ხუციშვილი არის ფიზიკური პირი, იგი არ არის იურიდიული პირი. არც ერთი კანონი არ დარღვეულა, ფიზიკურ პირს აქვს უფლება წლის განმავლობაში 60 000 ლარის ოდენობით შემოწირულება გააკეთოს ამა თუ იმ ორგანიზაციის მისამართით.”

სამშაბათს პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარდგა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით. პრეზიდენტმა ილაპარაკა ეკონომიკის ზრდასა და ტურიზმის გახშირებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუკი ეს მათ ცხოვრებაზე არ აისახება დადებითად. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხალხის ბევრი მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი რჩება და მოქალაქეების სოციალური კეთილდღეობის გაზრდა მთავრობის მნიშვნელოვანი საზრუნავია.

სააკაშვილმა მთავრობის პრიორიტეტებად განათლების საკითხი და სოფლის მეურნეობის სფერო დაასახელა. მან ასევე ილაპარაკა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე და გამოვიდა ინიციატივით, ცალმხრივი წესით გაუქმებულიყო რუსეთთან სავიზო რეჟიმი.

ეს ხალხი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოს მთავრობაში, ეს ხალხი ცდილობს, რომ ხელახლა მოიფშვნიტოს ხელები და ძარცვოს საქართველო ...
რუსეთთან სავიზო რეჟიმი საქართველომ ცალმხრივად მეორე დღესვე გააუქმა, თუმცა ყველაზე მეტი მსჯელობა ამას არ მოჰყოლია. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ქართული პრესა განიხილავდა დაპირისპირებას სააკაშვილსა და პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას შორის, რომელიც მოხსენების შემდეგ, დებატებისას მოხდა. ”ქართული დასის” ლიდერმა პრეზიდენტს საკუთარი ოჯახის წევრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და გამდიდრებაში დასდო ბრალი, რაზეც პრეზიდენტმა მას, მანდატურების დახმარებით, ტალახის აბაზანების მიღება და ”კარგად დაზელა” შესთავაზა, რადგანაც მას ”ტალახში გორაობა” ჯონდი ბაღათურიას ”ბუნებრივ მდგომარეობად” მიაჩნია. ტალახში გორაობისთვის პრეზიდენტმა დეპუტატს ბალნეოლოგიური კურორტისკენ მიუთითა და დაუზუსტა, რომ მამამისი ამ ობიექტის არა მფლობელი, არამედ დირექტორია.

ამის შემდეგ, ბაღათურიას სიტყვით გამოსვლის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთით გავიდა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან. დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ქმედებებს ”კლოუნადა” უწოდა, რაც, ბაღათურიას გარდა, მისი თანაფრაქციელის, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის გიორგი ცაგარეიშვილის გამოსვლასაც შეეხებოდა, და თქვა, რომ მათი გამოსვლების მიღმა სულ სხვა სურვილი იმალება:

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

”ეს ხალხი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოს მთავრობაში, ეს ხალხი ცდილობს, რომ ხელახლა მოიფშვნიტოს ხელები და ძარცვოს საქართველო... ხელახლა საქართველოს მოაჯდნენ თავზე სისხლისმწოველებლად, ხელახლა აიღონ საპენსიო ფონდები, ხელახლა გაფლანგონ ბიუჯეტი, ხელახლა მთელი ეკონომიკა გადაიყვანონ ჩრდილში და სიბნელეში...”

საანგარიშო მოხსენებისა და შემდგომი დებატების განხილვისას ექსპერტები და კომენტატორები ოპოზიციასაც აკრიტიკებდნენ, ამბობდნენ, რომ მათ უფრო კონკრეტულად უნდა ელაპარაკათ ბოლო დროს დამტკიცებულ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ყველაზე მეტს მაინც აკრიტიკებდნენ პრეზიდენტს. ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, მაგალითად, თქვა, რომ ასეთი მიდგომა დაუშვებელია მწვავე პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებშიც კი:

”შეურაცხყოფებზე გადასვლა უკვე არათუ პარლამენტში, მგონი, ქუჩაშიც აღარ არის მიღებული. პარლამენტიც იქცევა ისე, როგორც უკარნახებს თავისი პოლიტიკური ელიტა. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ელიტას არ აწუხებს პოლიტიკური ეთიკის ასეთი საკითხები და ეს ძალიან მძიმე სანახავია და ძალიან არასასურველი საყურებელია.”
ნახეთ ქიმერიძის ფოტოები? პოლიციაში ხომ ცოცხალი მიიყვანეს? თავისით გადმოხტა თუ არა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? პოლიციაა დამნაშავე ...

მთელი კვირის განმავლობაში ნელ-ნელა ძალას იკრებდა პროტესტი 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სოსო ქიმერიძის ბურუსით მოცული გარდაცვალების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ქიმერიძე ბრალდებულის სახით იკითხებოდა. დაკითხვის დროს, სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე კიბეზე ჩასვლისას, ის კიბის მოაჯირიდან გადავარდა, სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსია მაშინვე კითხვის ქვეშ დააყენა სახალხო დამცველმა, რომელმაც ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების წარმოება და დამაჯერებელი ახსნა-განმარტებების წარმოდგენა მოითხოვა. შაბათს კი პარლამენტის წინ ასამდე ადამიანი შეიკრიბა პროტესტის გამოსახატავად. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას ასე აუხსნა, თუ რატომ მივიდა პარლამენტის წინ:

პოლიციის შენობა ხაშურში

პოლიციის შენობა ხაშურში

”ნახეთ ქიმერიძის ფოტოები? პოლიციაში ხომ ცოცხალი მიიყვანეს? თავისით გადმოხტა თუ არა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? პოლიციაა დამნაშავე. ნუთუ ჰგავს ქიმერიძის ფოტოები კიბიდან გადმოვარდნილი ადამიანის ფოტოებს? სასაცილოა, გვასულელებენ..."

საპროტესტო აქცია, სოსო ქიმერიძის საქმის გამოძიების მოთხოვნით, კვირასაც ჩატარდა ხაშურის პოლიციის შენობასთან. იქ სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის წევრი 20-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა მოთხოვნით, გამოუძიებელი საქმეები საჯარო გახდეს საზოგადოებისთვის. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სჯერათ ოფიციალური ვერსიის, რომლის მიხედვითაც, ქიმერიძე კიბეზე დაგორდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG