Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 12 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობა რუსულ სამხედრო ბაზებზე დასაქმებულმა პირებმა და დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებმა მიიღეს. როგორც ცნობილია, აქ მცხოვრებთა დაახლოებით 98 პროცენტი პარალელურად რუსეთის მოქალაქეცაა. უკვე ცნობილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა ხმების 93 პროცენტი მიიღო. ოსი ჟურნალისტების ცნობით, მოსახლეობის აქტივობა მაღალი არ ყოფილა. ნოემბრის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა 34 ათასკაციანი სია წარმოადგინა. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, ადგილობრივი მედიის ცნობით, მხოლოდ 16 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებზე მისული ცხინვალელები არც მალავდნენ, რომ ხმა ვლადიმირ პუტინს მისცეს.

თვითაღიარებულ რესპუბლიკაში არჩევნების ორგანიზებით რუსეთის საელჩო იყო დაკავებული. რუსეთის ელჩი დე ფაქტო რესპუბლიკაში ელბრუს კარგიევი ჩვენს რადიოსთან საუბარში სიამაყით აცხადებს, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სამხრეთ ოსეთში ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო და მას არალეგიტიმური უწოდა. მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საგარეო უწყება ამის შესახებ სპეციალურ საპროტესტო ნოტასაც ამზადებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებში, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ცხინვალში ეგრეთ წოდებულმა საპრეზიდენტო კანდიდატებმაც ხმა პუტინს მისცეს. ერთ-ერთმა კანდიდატმა კი, დიმიტრი მედოევმა, თავი იმითაც მოიწონა, რომ რუსეთის ლიდერთან პირადი ნაცნობობა აკავშირებს. გარდა ამისა, სოხუმში ანქვაბმა და ცხინვალში ბროვცევმა მონაწილეობა სხვა ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღეს და ხმა პუტინს მისცეს. ნინო კალანდაძე ყველაფერ ამას სასაცილოს უწოდებს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში მარტის ბოლოს კიდევ ერთი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ოსები კიდევ ერთ პრეზიდენტს აირჩევენ. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ყველა დარეგისტრირებული კანდიდატი კრემლისთვის მისაღებია, ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას ბედი კი გაურკვეველი რჩება. იგი საკუთარ თავს არჩეულ პრეზიდენტს და ამჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლების ტყვეს უწოდებს. ცხინვალში ახლა აქტიურად მიმდინარეობს საუბრები 25 მარტის არჩევნების ბოიკოტის შესახებ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG