Accessibility links

logo-print

რას შეცვლის პუტინის გაპრეზიდენტება საქართველოსთვის


ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

მიუხედავად იმისა, რომ 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა კონკურენტი დაჯაბნა და, წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, ხმათა 60%-ზე მეტი მიიღო, ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გაპრეზიდენტებულ ვლადიმირ პუტინს სამოქმედო სტრატეგიის შეცვლა და შერბილება მოუწევს. რამდენად შეეხება ამგვარი პროგნოზი რუსეთის საგარეო პოლიტიკას და რას შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის დაბრუნება საქართველოსთვის?

ოპოზიციური ფლანგის საშინელი შევიწროების, კონკურენტებთან უსამართლო ბრძოლის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ბიულეტენების გაყალბებისა და მრავალი სხვა უსამართლობის მიუხედავად, რუსი ჟურნალისტი, ანალიტიკოსი მატვეი განაპოლსკი 4 მარტის არჩევნებს შემდგარად, ხოლო ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად მიიჩნევს. 5 მარტს თბილისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაპოლსკიმ აღნიშნა, რომ პუტინმა 4 მარტის არჩევნებში ეგრეთ წოდებული ”რეგიონალური რუსეთის - მცირე ქალაქების, სოფლებისა და დაბების რუსეთის” დახმარებით გაიმარჯვა და ეს ის ნაწილია, რომელიც საინფორმაციო ვაკუუმში ცხოვრობს.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გარკვეული მიმართულებებით გაუმჯობესდება, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი სათუოა, რომ გადაწყდეს ჩვენს სიცოცხლეში ...

თუმცა მატვეი განაპოლსკი ასევე თვლის, რომ მის მიერ ”დიდ ბოროტებად” მოხსენიებულ ვლადიმირ პუტინს ”ცუდი დრო” ელოდება და რომ, თუკი ის პრეზიდენტის პოსტის 6 წლით შენარჩუნებას მაინც მოახერხებს, ”ეს იქნება მისი ცხოვრების ყველაზე მტანჯველი 6 წელიწადი”, რადგანაც მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მისდამი დამოკიდებულება შეცვალა და პუტინი აღარ აღიქმება ხელშეუხებელ ქარიზმატულ ლიდერად და, რაც მთავარია, ”ერის მამად”. შესაბამისად, ანალიტიკოსის აზრით, პუტინს შერბილება მოუწევს, მაგრამ არა საგარეოპოლიტიკურ სარბიელზე და, მით უმეტეს, არა მეზობლებთან და, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით.

განაპოლსკი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების რეალური დათბობა მოსალოდნელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არ იქნება ან პუტინი და ან სააკაშვილი. თუმცა, მისი აზრით, ვითარება არ გაუარესდება და რომ ავიაფრენების მსგავსი გარკვეული გაუმჯობესების შესაძლებლობებიც კი არსებობს:

”იმედი მაქვს, რომ, ასე ვთქვათ, გაუხმაურებლად და თანდათან - იმისათვის, რომ არ გააღიზიანონ რუსეთში ისინი, ვინც საქართველოს მიმართ უფრო მკაცრ მოპყრობას მოითხოვს და ამბობს, აი, იქ სააკაშვილია და მას ჰალსტუხის ღეჭვის გარდა არაფერი შეუძლიაო - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გარკვეული მიმართულებებით გაუმჯობესდება, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი სათუოა, რომ გადაწყდეს ჩვენს სიცოცხლეში. ”

მატვეი განაპოლსკი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების რეალურად გაუმჯობესების პროცესს ხელს ყოველთვის შეუშლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ხოლო ოკუპანტი რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის შეცვლას რომ არ აპირებს, ამის შესახებ 4 მარტს, დღის ბოლოს, საარჩევნო მარათონში მკვეთრად დაწინაურებულმა ვლადიმირ პუტინმაც განაცხადა. „ეს გამორიცხულია. უკან არ დავბრუნდებით“, - უპასუხა მან კორესპონდენტის შესაბამის შეკითხვას.

თუმცა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 5 მარტს ახმეტაში სტუმრობის დროს, ”შორს არ არის ის დრო, როცა საქართველო საბოლოოდ გათავისუფლდება, რადგანაც იმას, ვინც აშენებს წარსულს, არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი... იმას, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე ბაზებს აშენებს, მავთულხლართებს წნის, არ შეიძლება მომავალში იმედი ჰქონდეს, რომ ამ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.” მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ოკუპანტი რუსეთის პოლიტიკას საქართველო სწრაფი განვითარებით უნდა დაუპირისპირდეს, რადგანაც ”რაც უფრო ჩქარა ავაშენებთ ჩვენს მომავალს, მით უფრო ამ მომავალში ადგილი ექნება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს.”
ზოგადადაც, საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რუსეთს მომავალი არა აქვს, რადგან ”ისინი აშენებენ წარსულს”.

ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გაატარებს დასავლურ კურსს და შეეცდება ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში და ნატოში, იქნება პუტინის საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ...
5 მარტს, ახმეტელებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე გაიხსენა თავის მიერ 28 თებერვალს მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამით თბილისმა მოსკოვს საპასუხო ნაბიჯის გადადგმის შანსი მისცა. თუმცა საპასუხო ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად გარკვეული პირობების წამოყენებამ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართველ ხალხს სულ ტყუილად ეფიცება სიყვარულს და რომ ქართველი ხალხისთვის ის ელემენტარულად ვიზების გაუქმებასაც კი არ აპირებს.

რუს ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკის ეჭვი ეპარება, რომ რუსეთის ხელისუფლება შესაბამისად უპასუხებს თბილისის ”ბრწყინვალე და უშეცდომო” სვლას და დადებითად გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხს.

ამავე აზრისაა საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძეც. მეტიც, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ კვლავაც შენარჩუნდება ვლადიმირ პუტინის ”მტრული პოლიტიკა” საქართველოსთან მიმართებით და როგორც არ უნდა შეცვალოს ის შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ვერასოდეს შეეგუება საქართველოს მტკიცე სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. და ეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლების სათავეში:

”ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გაატარებს დასავლურ კურსს და შეეცდება ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში და ნატოში, იქნება პუტინის საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგე. აქედან გამომდინარე, ურთიერთობების გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ.”

პუტინის რუსეთის პოლიტიკის უკეთესობისკენ ცვლილებებს საქართველოსთან მიმართებით არც გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე მოელის.

და რა მოეთხოვება ასეთ შემთხვევაში საქართველოს?

”უნდა ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავატაროთ რეფორმები, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად წარმატებული და უნდა გაგრძელდეს კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ... უნდა ვიყოთ გაცილებით უფრო გონიერები, უნდა ვიყოთ გაცილებით უფრო მოქნილები ამ ხისტი მოწინააღმდეგის მიმართ და უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველაფერი იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რადგანაც ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია და, საერთოდ, ქვეყნის არსებობისა და ქვეყნის განვითარების ერთადერთი გარანტია არის სწორედ ეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძემ.

საქართველოს შემდგომი მშვიდობიანი განვითარება და მოთმინება მართებს და ასეთია ანალიტიკოსთა უდიდესი ნაწილის პოზიციაც, თუმცა შეკითხვაზე, როდის მოჰყვება საქართველოსთვის სასურველი შედეგი ამ პროცესს, კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე კრემლის მიერ დამკვიდრებული სისტემა თავის თავს არ შეჭამს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG