Accessibility links

საერთაშორისო დამკვირვებლები: რუსეთში არჩევნები ჩატარდა პუტინის ხელშემწყობ პირობებში


რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების უპირობო გამარჯვებულად ვლადიმირ პუტინი გამოაცხადა. კომისიის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ჩუროვის თქმით, მას ხმათა თითქმის 64 პროცენტი ერგო. ამასთან, ჩუროვის განცხადებით, კენჭისყრაზე ამომრჩევლის აქტიურობამ 65 პროცენტი შეადგინა. რუსეთში სულ 110 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასეს უცხოელმა მეთვალყურეებმა. მათი განცხადებით, არჩევნები ჩატარდა კანდიდატებისათვის არათანაბარ, ვლადიმირ პუტინის ხელშემწყობ პირობებში. დამკვირვებლები რეალური კონკურენციის ნაკლებობასა და პუტინის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზეც საუბრობენ.

„პირობები, რომელშიც არჩევნები ჩატარდა, აშკარად ერთი კანდიდატისთვის იყო ხელსაყრელი. ამასთან, კანდიდატების რეგისტრირებისთვის დაწესებულმა აშკარად ვიწრო პირობებმა ჭეშმარიტი კონკურენციის შეზღუდვა მოიტანა“, - განაცხადა ტაინი კოქსმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

ეუთოს მოკლევადიანი სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ტონინო პიკულამ ყურადღება მედიაში „მიკერძოებულ“ გაშუქებასა და „ნამდვილი კონკურენციის“ ნაკლებობაზე გაამახვილა: „არჩევნებში მნიშვნელოვანია ის, რომ შედეგი წინასწარვე ნათელი არ უნდა იყოს. რუსეთში ასე არ ყოფილა. ამ არჩევნების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ იყო რეალური კონკურენცია.“

პირობები, რომელშიც არჩევნები ჩატარდა, აშკარად ერთი კანდიდატისთვის იყო ხელსაყრელი ...
საერთაშორისო დამკვირვებლები გამოდიან მოწოდებით გამოძიებული იქნეს არჩევნებზე დარღვევების შესახებ ცნობები.

ამ მოწოდებას ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონიც შეუერთდა და რუსეთს მიმართა, ყურადღება გაამახვილოს უცხოელი დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებზე.

უცხოელების გარდა, ნაკლოვანებებზე საკუთრივ რუსეთშიც ლაპარაკობენ. დამოუკიდებელი ორგანიზაცია „გოლოსი“, თავისი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დარღვევების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სინამდვილეში პუტინმა, სავარაუდოდ, 50 პროცენტზე ცოტა მეტი ხმა მოიპოვა.

არჩევნებს მიკერძოებული უწოდა კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმაც, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.

დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნებზე დარღვევების ათასობით შემთხვევა აღირიცხა - მათ შორის ბიულეტენების ჩაყრა და ე.წ. „კარუსელი“, როცა ამომრჩეველთა ერთი და იგივე ჯგუფი ხმას რამდენიმე უბანზე აძლევს.

თავად პუტინმა კვირა საღამოს გამოაცხადა გამარჯვების შესახებ: „ჩვენ ღია და სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვეთ. ეს არ ყოფილა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა იყო ყველა ჩვენგანისთვის - ჩვენი ხალხისთვის, მთლიანად.“

პუტინი 2000-დან 2008 წლამდე უკვე ორი ვადით იყო რუსეთის პრეზიდენტი. შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. პრეზიდენტის პოსტზე მისი მესამე ვადით ინაუგურაცია მაისში გაიმართება - პრეზიდენტობის ვადა კი 6 წელიწადს გასტანს.

პუტინს გამარჯვება მიულოცა რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანამ - ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა - ისევე როგორც ჩინეთმა, ვენესუელამ, სირიამ და ავღანეთმა.

დასავლეთის ქვეყნებმა - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ - პუტინის გამარჯვება აღნიშნეს, თუმცა იქვე მოიტანეს საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემები, რომ არჩევნები პუტინისთვის ხელსაყრელ პირობებში ჩატარდა და კანდიდატებს შორის ნამდვილი კონკურენცია არ გამართულა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG