Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ


ირანში 2 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 290-ადგილიან პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერმა კანდიდატებმა. ეს კი, სავარაუდოდ, მოასწავებს ხამენეის ხელში ძალაუფლების კონსოლიდირებას პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის პოზიციის დასუსტების ხარჯზე.
საქმე ისაა, რომ ირანის საკითხებში ჩვენი რადიოს ექსპერტის, გოლნაზ ესფანდიარის განმარტებით, ფარული დაპირისპირება მიმდინარეობს ხამენეის და აჰმადინეჟადის მომხრეთა ბანაკებს შორის.

ირანში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები. მოქმედებს გაერთიანებები, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გავლენიანს - „კონსერვატორთა გაერთიანებულ ფრონტს“ - , წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი ერგო. ეს ჯგუფი აერთიანებს აიათოლა ალი ხამენეის მხარდამჭერ, მკაცრი კურსის მომხრე ტრადიციონალისტებს.

საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული ხმებით, მეორე ადგილზეა ულტრაკონსერვატიული ძალების „სტაბილურობის ფრონტი“. მას ასევე სასულიერო პირი, აიათოლა მესაჰ იაზდი ხელმძღვანელობს. „სტაბილურობის ფრონტის“ წევრებს შორის არიან აჰმადინეჟადის ყოფილი მომხრეები, რომლებმაც აჰმადინეჟადს ზურგი შეაქციეს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა წარუმატებლად სცადა ირანის პრეზიდენტის როლის გაძლიერება და ამით გაანაწყენა სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ექსპერტების შეფასებით, აჰმადინეჟადისთვის წარუმატებელი იყო 2 მარტის საპარლამენტო არჩევნებიც. ამის ყველაზე მკაფიო ნიშანია არჩევნებში აჰმადინეჟადის დის, ფარვინის წარუმატებლობა. მან ამაოდ სცადა, მშობლიურ ქალაქ გარმსარში მოეპოვებინა დეპუტატის მანდატი. ცნობების თანახმად, ფარვინ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ გაასაჩივრებს არჩევნების დროს დაშვებულ დარღვევებს.

წინასწარი შედეგებით, რომლებიც ასახავს ირანის 290-ადგილიან პარლამენტში მანდატების მფლობელთა დაახლოებით ორი მესამედის ვინაობას, არჩევნებში გამარჯვებულებს, ანუ მომავალ დეპუტატებს შორის არ არიან რეფორმების მომხრეები, უწინარეს ყოვლისა, ბოიკოტის გამო, რომელიც გამოაცხადა „მწვანე მოძრაობად“ წოდებულმა, დემოკრატიზაციის მომხრე ძალამ. მაგრამ გამარჯვებულებს შორის არიან დამოუკიდებელი კანდიდატები.

აქტივისტმა მორთეზა კაზემიანმა ჩვენი რადიოს სპარსულენოვან სამსახურთან ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შესაძლოა, გარკვეული როლი შეასრულონ დაპირისპირებაში, რომელიც მიმდინარეობს კონსერვატიული ძალების ორ ბანაკს - ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ აჰმადინეჟადისა და უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მომხრეებს - შორის.

„გამარჯვებულებს შორის არის საკმაოდ ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატი. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რომელ პოლიტიკურ ძალასა და ძალაუფლების ცენტრს მიემხრობიან, როცა პარლამენტი მუშაობას დაწყებს“, - ამბობს ირანელი აქტივისტი.

ოფიციალური მონაცემებით, ორი მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 65 პროცენტი. თუმცა, განსხვავებულ სურათს ხატავს თვითმხილველების ნაამბობი. ჩვენს რადიოსთან საუბარში არაერთმა რიგითმა მოქალაქემ თქვა, რომ თითქმის ცარიელი იყო ბევრი საარჩევნო უბანი თეირანში და სხვა ქალაქებშიც. ოპოზიციის აქტივისტები ამბობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა, რადგან არ სჯერათ, რომ მათს ხმას რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლო არჩევნების შედეგზე. მნიშვნელოვანი არგუმენტი მოჰყავს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ, ამირ არდეშირ არჯომანდის: რახან არჩევნებს არ დასწრებიან დამოუკიდებელი მეთვალყურეები, ვერც ამ არჩევნების სამართლიანობა დადასტურდებაო.

2 მარტის კენჭისყრა ირანში იყო პირველი არჩევნები 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლებსაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადების გამო.
XS
SM
MD
LG