Accessibility links

logo-print
26 თებერვალი, კვირა
მთელი დღე ვაკეთებდი ვებსაიტს ჩემი მეგობრებისთვის. უკვე ერთი კვირაა ვაკეთებ და, მგონი, მოვრჩი. ყოველ შემთხვევაში, რაღაცას მაინც ჰგავს და, ასე თუ ისე, მუშაობს.

როცა გაკეთებას დავპირდი, მეგონა, რომ ადვილი იქნებოდა. საიტი უნდა იყოს მარტივი, ზედმეტი ფუნქციური და დიზაინის დეტალების გარეშე. ადმინისტრატორებს უნდა შეეძლოთ, ატვირთონ სიახლეები და ისინი უნდა გამოჩნდეს საწყის გვერდზე. მოკლედ, სტანდარტული ბლოგი უნდა იყოს, ოღონდ ერთი დამატებითი ფუნქციით: ყოველ კვირას საიტზე განთავსებული ტექსტები ავტომატურად უნდა კაბადონდებოდეს PDF-ის ფორმატში და ბევრ მისამართზე იგზავნებოდეს.

აღმოჩნდა, რომ ადვილი სულაც არ ყოფილა. სტანდარტული ბლოგის დაყენებას ვუპირებდი, მაგრამ ამ დამატებითმა ფუნქციამ მთელი ეს „ბრწყინვალე“ გეგმა ჩამიშალა და ყველაფრის თავიდან, საკუთარი ხელით დაწერა მომიწია - პროგრამირების ოთხ სხვადასხვა ენაზე.

მანამდე, სანამ საქართველოში საბოლოოდ დავბრუნდებოდი, ათი წელი პროგრამისტად ვმუშაობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ უკვე ერთი წელია, პროგრამები აღარ მიწერია. ბოლო იყო, როცა ჩემი ტელეფონი გავაქართულე, რადგან დავიღალე ჩემს ი-მეილში შავი ოთხკუთხედების ყურებით. ასე რომ, ამ საიტის გადამკიდე, ცოტათი მაინც აღვიდგინე ლამის სულ დაკარგული კვალიფიკაცია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. მართალია, ხაჭაპურის გამოცხობა, ერთი ჩვენი პოლიტიკოსის არ იყოს, მეც ვიცი, მაგრამ მეორე, backup-პროფესიად პროგრამისტობა ჯობია.

პროგრამირება რაღაცით პოეზიას ჰგავს – მოცემულია შეზღუდული ენა, რომლის მეშვეობითაც უნდა გამოხატო იდეა და, თან, ეს ელეგანტურად გააკეთო. ალბათ, ამით არის საინტერესო.

27 თებერვალი, ორშაბათი
ამ ბოლო დროის სტანდარტული დღე – ვიძლევი ინტერვიუებს ტელევიზიასა და პრესაში. ამჯერად თემა იგორ ივანოვთან და სხვებთან ჩემი და სხვების ერთი თვის წინანდელი შეხვედრაა.

ქართულ-რუსული შეხვედრა ერთ-ერთი ევროპული ფონდის შუამავლობით, „ექსპერტთა დონეზე“ ჩატარდა მიუნხენში. შეხვედრის დეტალები საჯარო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც მგონია, რუსული მხრიდან ჩვენს ოპოზიციას ვიღაცამ გააგებინა შეხვედრის ამბავი და მეც მომიწია იმის ახსნა, რომ, თუ კარგი კაცი ვარ, მიუნხენში ივანოვთან რა მინდოდა?!

სინამდვილეში არაფერიც არ მინდოდა. ორივე მხრიდან ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვიყავით. ერთმანეთს ავუხსენით საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში დღეს არსებული მდგომარეობის ჩვენეული ხედვა. აღმოჩნდა, რომ მოსაზრება, თითქოს ქართველი ხალხი რაღაც მეტაფიზიკურ კავშირს გრძნობდეს რუსეთთან, მხოლოდ კრემლის ბინადართა ილუზია არ ყოფილა – მის ტყვეობაში ჩვენი რუსი კოლეგებიც ყოფილან მოქცეული.

შევეცადეთ აგვეხსნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური, დასავლური, ანტისაბჭოთა ორიენტაცია მხოლოდ მიშა სააკაშვილისა და მისი მთავრობის ახირება კი არ არის, საქართველოს მოსახლეობის გაცნობიერებული არჩევანია. მგონი, გავაგებინეთ, რომ ნატოში სააკაშვილი ძალით არ მიგვათრევს. ჩვენ თვითონაც გვინდა. შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე, თუკი შედგება, საქართველოს დეოკუპაციის შესაძლო სქემაზე ვილაპარაკებთ.

ზოგადად, ამ შეხვედრისგან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რუსეთში პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ და ბოლომდე არ ესმით, რა ხდება საქართველოში. ან, უბრალოდ, თავს იტყუებენ, რადგან ვერ ეგუებიან იმას, რომ საქართველო აღარ არის არც საბჭოთა და არც პოსტსაბჭოთა ქვეყანა.

საერთოდ, საბჭოურობას ორი რამ განსაზღვრავს: კორუფცია და რუსეთზე ორიენტაცია (ან, სხვაგვარად, დასავლეთისადმი საკუთარი თავის დაპირისპირება). მადლობა ღმერთს, საქართველოში ორივეს შევეშვით!

28 თებერვალი, სამშაბათი
ისევ ტელეინტერვიუები, თან - გვიან ღამემდე: პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წაიკითხა.

მე „რეალ-TV“-ის პირდაპირ ეთერში ვიჯექი და, იტალიელი კომენტატორები რომ არჩევენ ხოლმე ფეხბურთის მატჩს შესვენებაზე, ჩემს სხვა ორ კოლეგასთან ერთად ისე ვარჩევდი სააკაშვილისა და ოპოზიციის გამოსვლებს.

ბოლომდე წესიერად ვერავის მოვუსმინე, რადგან პარალელურად მეც მიწევდა პირდაპირ ეთერში ლაპარაკი, მაგრამ იმან, რაც ოპოზიციისგან გავიგე, იმედი გამიცრუა. თუ ასე გააგრძელებს, ეს ხალხი ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვა.
სააკაშვილმა ილაპარაკა ყველაფერ იმაზე, რაც, ბოლო გამოკითხვების თანახმად, ელექტორატს აწუხებს: ეკონომიკაზე, უმუშევრობაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დახმარებაზე და უსაფრთხოებაზე. ყოველ ამ საკითხზე რაღაც პროგრამა დასახა ამ წლისთვისაც და მომავალი სამი წლისთვისაც. ამ პროგრამებს შეიძლება არ დაეთანხმო. მაგრამ, თუ არ ეთანხმები, ხომ შეიძლება საკუთარი შესწორებები შესთავაზო? ამის მაგივრად (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ოპოზიციისგან მხოლოდ უპასუხისმგებლო პოპულიზმი გავიგონე.

ალბათ მართალია სააკაშვილი, როცა ამბობს, რომ უნდა გაჩნდეს ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც თავს დააღწევს გასული წლების „პოლიტიკურ კულტურას“ და, კონსტრუქციული თუ არა, ადეკვატური მაინც იქნება. ჩემდა სამწუხაროდ, წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციის რიგებში ასეთი ადამიანების გაჩენას არ უნდა ველოდეთ.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ოპოზიცია ტოტალურად მემარცხენეა. როგორც ზურა ჯაფარიძემ და მე დავწერეთ, ერთხელ, ერთ „ფუძემდებლურ ნაშრომში“, მემარცხენეობა ყოველთვის მოითხოვს, სახელმწიფომ იზრუნოს ადამიანთა რაიმე ჯგუფზე და არასდროს ზრუნავს ცალკეულ ადამიანსა და მის თავისუფლებაზე.

29 თებერვალი, ოთხშაბათი
მთელი დღე წინა ღამით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე კომენტარებს ვაკეთებდი და ჩემი მეგობრების ვებსაიტში შეცდომებს ვასწორებდი. თან, დროის განაწილების ჩემთვის ახალ მეთოდს მივაგენი: 10 წუთს რამეზე მუშაობ ყურადღების სრული კონცენტრაციით, ორ წუთს ისვენებ (ყავას სვამ ან ეწევი ან ფეისბუკში დაძვრები).

ციკლური მაღვიძარასავით, პატარა პროგრამა დავწერე, რომელიც მახსენებს შესვენებებს. ასე რომ, ყოველი საათიდან რეალურად 50 წუთს ვმუშაობ და 10 წუთს ვისვენებ. ჩემი დატვირთულობა დაახლოებით 85%-ის ტოლია. ჩემი აზრით, ისეთი ზარმაცისთვის, როგორიც მე ვარ, ძალიან კარგი შედეგია!
საღამოს შევხვდი გერმანელ სტუმრებს, რომლებიც ჩემმა დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა „გამომიგზავნა“. აღმოჩნდა, რომ მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მოგვარების სპეციალისტები არიან და აქ ტრენინგებს ატარებენ ადგილობრივი არასამთავრობოებისთვის. სასიამოვნო საღამო გავატარეთ, რომლის დროსაც დიდი ხანი ქართულ ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოებაზე“ ვილაპარაკეთ.

ვარდების რევოლუციამდე, როდესაც, თუკი რაიმე კლანის წევრი ან მასთან დაახლოებული ადამიანი არ იყავი, არავითარი შანსი არ გქონდა, რომ შენი სოციალური აქტივიზმისთვის გამოსავალი გეპოვნა; არასამთავრობო ორგანიზაციები იყო თვითრეალიზაციის თითქმის ერთადერთი საშუალება. სახელმწიფოს, ხელისუფლების კრიტიკაც ბუნებრივი იყო, რადგან ის სახელმწიფო და ხელისუფლება სწორედ რომ საპირისპირო იყო იმისა, რასაც ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოება ეფუძნება – ევროპული, დასავლური ფასეულობებისა.

მას მერე მტკვარში ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბევრი იმდროინდელი სამოქალაქო აქტივისტი დღეს მთავრობაშია და საქართველოში რეფორმებს ხელმძღვანელობს. უფრო მეტი მთავრობაში ვერ მოხვდა და ისევ არასამთავრობო სექტორშია. და იმ დროიდან აქვს შემორჩენილი წარმოდგენა, რომ ვერ იქნები ნაღდი, 100%-იანი, „პროფესიონალი“ სამოქალაქო აქტივისტი, თუ მთავრობა არ გააკრიტიკე. არ ესმით, რომ დრო შეიცვალა და ასეთი კრიტიკის თვითმიზანი ხშირად საკუთრივ კრიტიკაა.

ეს ჩემი ახალი გერმანელი მეგობრები დამეთანხმნენ და მითხრეს, რომ ზუსტად იგივე სურათია დღეს ბალკანეთში. სამოქალაქო საზოგადოების იდენტობის კრიზისია იქაც და აქაც. ამაზე „ტაბულაში“ რამე უნდა დავწერო.

1 მარტი, ხუთშაბათი
ვიყალთაბანდე მთელი დღე. რაღაც სისულელეებს ვკითხულობდი ინტერნეტში. ის პროგრამა, რომელიც მუშაობისა და დასვენების დროს მიზომავს, არც კი ჩამირთავს. ზარმაცი ვარ, რა ვქნა?

2 მარტი, პარასკევი
შემთხვევით ტელევიზორში წავაწყდი 60-იანების ბოლოს გადაღებულ ფილმს, რომელიც ადრე არ მინახავს. პირველი, რაც თვალში მეცა, ის იყო, რომ ყველა ყველგან ეწეოდა სიგარეტს! აეროპორტის სადისპეჩეროში ფრანგი პოლიციელი ეწეოდა სიგარას!

ვინანე, რომ იმ დროს არ გავჩნდი. ბედი არ მაქვს: შვედეთში პირველად რომ მოვხვდი, აღმოჩნდა, რომ ერთი თვით ადრე კაფეებში და, საერთოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა აეკრძალათ.
სანამ ლონდონში წავიდოდი, თბილისში ჩიბუხს ვეწეოდი. ლონდონში ისევ სიგარეტზე გადასვლა მომიწია, იმიტომ რომ 40 წუთი (რომელიც ჩიბუხის მოსაწევად არის საჭირო) ჩვენი ოფისის ეზოში დღეში რამდენჯერმე ვერ გავჩერდებოდი. ჯერ ერთი, როდისმე ხომ უნდა მემუშავა; მეორეც – ციოდა.

შვედეთიდან, სადაც აივანზე მოწევას (ზამთარშიც კი!) როგორღაც მივეჩვიე, სპეციალურად მოვძებნე სამსახური საფრანგეთში - იმ იმედით, რომ იქ მაინც შევძლებდი ვახშმის მერე სიგარეტის, ყავისა და კონიაკის ერთ ადგილას, ერთდროულად მოწევასა და დალევას. არ გამიმართლა – სანამ პარიზში ჩავედი, მოწევა იქაც აკრძალეს.

მოკლედ, ევროპის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიცხოვრია და სადაც შენობის შიგნით შეგიძლია კონიაკსა და ყავას სიგარა დააყოლო ისე, რომ კანონი არ დაარღვიო, საქართველოა. ამ მხრივ (და სხვა მხრივაც!) აქ მეტი თავისუფლებაა. ამიტომაც ჩამოვედი.

3 მარტი, შაბათი
მთელი დღე – ისევ რუსეთი: არ მოეწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ საქართველომ მას არ ჰკითხა და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეთათვის. ხომ ვამბობდი, პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ-მეთქი! ორმხრივი მოლაპარაკებები დავიწყოთ სავიზო რეჟიმზეო. ჩვენ უკვე გავაუქმეთ და რაზე უნდა მოვილაპარაკოთ?

რუსეთზე გამახსენდა აბსურდისტი პოეტის, ხელოვანთა გაერთიანება ОБЭРИУ-ს წევრის, ალექსანდრ ვვედენსკის ერთი ლექსი, რომელიც წლების წინ ვთარგმნე. ეს ნაწყვეტია მისი პოემიდან „ფაქტი, თეორია და ღმერთი“:

აქ მოდი, მე.
ჩემთან მოდი, მე.
მიჭირს უშენოდ,
როგორც შენ უჩემოდ.
მითხარი, მე
ან საათი ან დღე.
მითხარი, მე,
შენ ხარ მე თუ მე?

ჩემი საათი მეუბნება, რომ უკვე გვიანია და, თუ არ დავიძინე, რადიო თავისუფლების ჩაწერისთვის ხვალ დილით თავს ვერ ავწევ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG