Accessibility links

logo-print
ქალთა საერთაშორისო დღეს ლიახვის ხეობიდან დევნილი ქალებიც ელოდებიან. ეს დღე სხვა დღეებისგან განსხვავებული მხოლოდ იმით იქნება, რომ მეზობელი ქალები შეიკრიბებიან, ერთმანეთს დალოცავენ და გამძლეობას უსურვებენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი ქალები არაერთი მოუგვარებელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ - პრობლემები ოჯახში, სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხები და მუდმივი ზრუნვა ახალი ცხოვრების დასაწყებად. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკვლევებით, ბოლო წლებში,საერთო დეპრესიულ ფონზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ყველაზე ხშირად დევნილი ქალები ხდებოდნენ.

ლიახვის ხეობიდან დევნილი 4 შვილის დედა შორენა ჭიოტაშვილი ამჟამად შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. უმუშევრობის გამო ოჯახში პრობლემების მოგვარება ძალიან უჭირს, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს, რომ გაჭირვებას დაძლევს და მისი შვილებიც უკეთესად იცხოვრებენ.

დევნილთა დასახლებებში სარვამარტო სუფრას ქართველ ქალებთან ერთად ოსი მანდილოსნებიც მიუსხდებიან, ერთმანეთის დალოცვის შემდეგ კი მშვიდობის სადღეგრძელოს იტყვიან. გალინა ქელეხსაევას აზრით, მას შემდეგ, რაც 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე გახდა, მსოფლიოს ქალები საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან და შედეგები ყოველდღიურად უმჯობესდება.

ქალთა საერთაშორისო დღე ასახავს ჩვეულებრივი ქალის როლს ისტორიაში, იგი ეფუძნება ქალთა საუკუნოვან სწრაფვას მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მამაკაცების თანასწორად. ომის შემდეგ დევნილმა ქალებმა „ქალთა სამშვიდობო მოძრაობა“ შექმნეს და ოს კოლეგებთან ერთად სახალხო დიპლომატიის განვითარება დაიწყეს. ქართველი და ოსი ქალები უცხო ქვეყნებში ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს და სამშვიდობო მიმართულებით ერთობლივ აქციებს გეგმავენ. ნაზი ბერუაშვილი პირველ შეხვედრებს იხსენებს, როცა ოსი და ქართველი ქალები ერთმანეთს ემოციურად შეხვდნენ, ომის საშინელ დღეებს იგონებდნენ და ურთიერთბრალდებებს ბოლო არ უჩანდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ემოციებმა იკლო და ყველა შეთანხმდა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და მის შესანარჩუნებლად ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ. ნაზი ბერუაშვილი ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრია. მისი აზრით, კონფლიქტების მოგვარების საქმეში ქალების როლი მნიშვნელოვანია და პოლიტიკოსებმა ამ რესურსის გამოყენება უნდა შეძლონ.

საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღეს წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც აქტიურად აღნიშნავს. მათ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღეს იმის აღიარებისთვის, რომ მშვიდობა და სოციალური პროგრესი მოითხოვს ქალთა და მამაკაცთა აქტიურ მონაწილეობასა და თანასწორობას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში.
XS
SM
MD
LG