Accessibility links

logo-print
აშშ-ის 10 შტატში იმართება რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები, რის გამოც დღევანდელ დღეს „სუპერ სამშაბათს“ უწოდებენ. „სუპერ სამშაბათი“ ყველაზე აქტიური დღეა პროცესში, რომელმაც უნდა გამოავლინოს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის ვინაობა - ვინ დაუპირისპირდება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„სუპერ სამშაბათს“ რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები იმართება ოჰაიოს, ჯორჯიის, მასაჩუსეტსის, ვერმონტის, ვირჯინიის, ოკლაჰომის, ტენესის, აიდაჰოს, ჩრდილოეთ დაკოტისა და ალასკის შტატებში. მათგან სამში ჩატარდება ე.წ. კოკუსი - პარტიის წარმომადგენლების შეკრება, რომელზეც იმართება დისკუსია სასურველი კანდიდატის შესახებ გადაწჩყვეტილების მისაღებად. ხოლო დანარჩენ შვიდ შტატში, როგორც ზოგადად, შტატების უმრავლესობაში ხდება, ტარდება პრაიმერები - კენჭისყრები საარჩევნო ბიულეტენების გამოყენებით.

საზოგადოებრივი აზრის წინასწარ გამოკითხვის შედეგებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში დარჩენილი ოთხი კანდიდატიდან სამი - მიტ რომნი, რიკ სანტორუმი და ნიუტ გინგრიჩი - სულ ცოტა, თითო-თითო შტატში მოიპოვებს მხარდაჭერას.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პრაიმერი ოჰაიოში - ჯერ არც ერთ რესპუბლიკელს არ მოუპოვებია საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი პარტიის კანდიდატად ნომინაცია ამ შტატის შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების გარეშე.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ მონაცემები, რომლებიც ოჰაიოში პრაიმერამდე ჩატარებულ გამოკითხვას ემყარება, მიანიშნებს მწვავე კონკურენციაზე მიტ რომნისა და რიკ სანტორუმს შორის. მათ მხარდაჭერას უცხადებს გამოკითხულების თანაბარი რაოდენობა: 32-32 პროცენტი.

ის, ვინც ემხრობა მიტ რომნის - მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორს და ამჟამინდელ ლიდერს ნომინაციის მსურველებს შორის - აცხადებს, რომ რომნის დანარჩენ რესპუბლიკელებზე უკეთესი შანსი აქვს, არჩევნებში დაამარცხოს დემოკრატი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა შეერთებულ შტატებში. თვით რომნიმაც ეკონომიკაზე გაამახვილა ყურადღება ორშაბათს, ოჰაიოს შტატში მდებარე კანტონში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.

„ვუყურებ ამ კამპანიას და ვხედავ ბევრ ხალხს, რომელიც ბევრ სხვადასხვა რამეზე ლაპარაკობს. მაგრამ ის, რაზეც უნდა ვლაპარაკობდეთ ბარაკ ობამას დასამარცხებლად, არის რიგიანი სამუშაო ადგილების შექმნა და მმართველობის მასშტაბების შემცირება და მე სწორედ ამას ვაკეთებ ... მე რაშიც ვერკვევი, ეს არის ეკონომიკა. მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე რეალურ ეკონომიკაში. ვერკვევი იმაში, თუ როგორ იქმნება და როგორ იკარგება სამუშაო ადგილები“, - განაცხადა მიტ რომნიმ ოჰაიოს შტატში გამოსვლისას.

რაც შეეხება რომნის მთავარ კონკურენტს ოჰაიოში (და არა მარტო იქ), ყოფილ სენატორს პენსილვანიიდან, კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილ რიკ სანტორუმს, მომხრეები განსაკუთრებით აფასებენ მის პრინციპულობას.

ბუნებრივია, სანტორუმმაც მიმართა მომხრეებს ოჰაიოს შტატში: „ყურს ნუ დაუგდებთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს. ყურს ნუ დაუგდებთ მედიის აურზაურსა და ყველაფერს იმას, რაზეც მიდის ეს წინასაარჩევნო კონკურენცია. ყურადღება მიაქციეთ მარტო იმას, გვინდა თუ არა ადამიანი, რომელიც დახატავს სრულიად განსხვავებულ სურათს ამ ქვეყნის მომავლისათვის, ადამიანი, რომელიც ცნობილია თავისი პრინციპების ერთგულებით. ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს და ისაუბროს ყველა საკითხზე, რომლის წინაშეც დგას ეს ქვეყანა - ყველა საკითხზე და არა მარტო იმაზე, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკა. ეს ქვეყანა მეტია, ვიდრე მარტო ეკონომიკა!“ - განცხადა ოჰაიოს შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე რიკ სანტორუმმა.

მაშინ, როცა სანტორუმი და მიტ რომნი სულ უფრო აშკარად
დომინირებენ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატის გამოსავლენად მიმდინარე პროცესში, ჩრდილში ექცევა დანარჩენი ორი კანდიდატი - წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი და კონგრესმენი რონ პოლი.


როგორც უნდა იყოს ამ ეტაპზე, „სუპერ სამშაბათის“ შედეგები დიდწილად განსაზღვრავს წინსაარჩევნო პროცესის ბედს - სიგნალი იქნება, უწინარეს ყოვლისა, დამფინანსებლებისათვის, ღირს თუ არა ფულის ჩადება რესპუბლიკელთა კანდიდატად ნომინაციის ამათუიმ მსურველის საარჩევნო კამპანიაში.

თითოეულ შტატში გამართული შიდაპარტიული არჩევნების შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ შტატის რამდენი დელეგატი დაუჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს პარტიის საერთო ყრილობაზე, რომელიც ზაფხულში, 27 აგვისტოს ჩატარდება. ამ ყრილობაზე ოფიციალურად უნდა დაასახელონ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი.

მთელს შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელი დელეგატების რიცხვია 2061. პარტიის კანდიდატად ნომინირებისათვის საჭიროა, სულ ცოტა, 1144 დელეგატის მხარდაჭერა. დღემდე ლიდერობდა მიტ რომნი 203 დელეგატის მხარდაჭერით. მას მოჰყვება სანტორუმი - 92 დელეგატის ხმით, გინგრიჩი 33 და რონ პოლი 25 დელეგატის მხარდაჭერით. „სუპერ სამშაბათი“ გაარკვევს, როგორ განაწილდება 419 რესპუბლიკელი დელეგატის ხმები.
XS
SM
MD
LG