Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პირობებში მიიღებს სერბია ევროკავშირის წევრობას


2 მარტს სერბიას ოფიციალურად მიეცა შანსი დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. თავდაპირველად სერბიამ ევროპის ბლოკის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რაც შეეხება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას, მას წლები და სერბიის მიერ მთელი რიგი პირობების შესრულება დასჭირდება.

სერბიისათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კავშირის სამიტზე გადაწყდა. ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერების ერთსულოვანი გადაწყვეტილება ბრიუსელში 2 მარტს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ევროპის საბჭოს თვმჯდომარემ ჰერმან ვან რუმპემ გამოაცხადა:

„ამ საღამოს ჩვენ შევთანხმდით მივანიჭოთ სერბიას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, შედეგი იმ ძალისხმევისა, რომლის დემონსტრირებაც ორივე მხარემ - ბელგრადმა და პრიშტინამ - დიალოგის შედეგად მოახდინა. ვიმედოვნებ, რომ ეს კიდევ უფრო წაახალისებს სერბიას, მომავალშიც არ დაიშუროს ძალისხმევა ევროკავშირის წევრობისათვის აუცილებელი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმების მისაღწევად. ასევე ვიმედოვნებ, რომ ბელგრადი კვლავაც დაუჭერს მხარს რეგიონალურ თანამშრომლობას და შეინარჩუნებს კარგ მეზობლურ ურთიერთობას დასავლეთ ბალკანეთში.“
ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ არა ეპოქალური. ეპოქალური იქნება მაშინ, როდესაც სერბია გადალახავს მოჯადოებულ წრეს და გახდება ევროპული თანამეგობრობის წევრი ...
ბორის ტადიჩი

სერბია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას 2011 წლის დეკემბრიდან მოელოდა. სწორედ გასული წლის ბოლოს შეასრულა ბელგრადმა ერთ-ერთი ვალდებულება - შეიპყრო და სასამართლოს გადასცა ბალკანეთის ომის დროს სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი ბოლო ორი მაღალჩინოსანი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რუმპემ „სავსებით დამაკმაყოფილებელი“ უწოდა ყოფილი იუგოსლავიის საქმეებზე მომუშავე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალთან სერბიის მხრიდან გამოჩენილი თანამშრომლობის ხარისხს. ევროკავშირის 2 მარტის გადაწყვეტილებას მიესალმა სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი სერბიას უხსნის გზას „ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობისათვის“:

„ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ არა ეპოქალური. ეპოქალური იქნება მაშინ, როდესაც სერბია გადალახავს მოჯადოებულ წრეს და გახდება ევროპული თანამეგობრობის წევრი, მიიღებს შესაძლებლობას გამოიყენოს ყველა პოტენციალი, ყველა ფონდი და ყველაფერი ის, რითაც სარგებლობს ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ევროპის კავშირის სრულფასოვანი წევრია. მაგრამ ამისათვის ჩვენ კიდევ ორი ნაბიჯი უნდა გადავდგათ - მივიღოთ მოლაპარაკების დაწყების თარიღი და დავასრულოთ ის, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წარმატება კი ისაა, რომ ეს სტატუსი ჩვენი ქვეყნის წინაშე დიდ პერსპექტივებს წარმოშობს.“

ბორის ტადიჩის სიხარული გასაგებია. მან შეასრულა ის დაპირება, რაც ამომრჩეველს 2008 წლის არჩევნების წინ მისცა. სერბიის პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერ „დემოკრატიულ პარტიას“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება კარგ სამსახურს გაუწევს გაზაფხულზე დანიშნულ საყოველთაო არჩევნებზე.

თუმცა სერბიისათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება რამდენჯერმე გადაიდო, რის გამოც, როგორც სერბი პოლიტიკოსები და მიმომხილველები ვარაუდობენ, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი პრობლემა ელოდება. ეკონომიკურ სფეროში განსახორციელებელი მტკივნეული რეფორმების გარდა, სერბიამ უნდა ითანამშრომლოს კოსოვოსთან, რომლის დამოუკიდებლობასაც ბელგრადი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა ბერლინის ინსტიტუტის ანალიტიკოსი დუშან რელიჩი მიიჩნევს, ევროკავშირი შემდგომშიც დაჟინებით მოსთხოვს ბელგრადსა და პრიშტინას, დაამყარონ კეთილმეზობლური ურთიერთობები და გადაჭრან ყველა ის პრაქტიკული საკითხი, რომელიც მოქალაქეების ნორმალურ ცხოვრებას აფერხებს:

ყველაზე დიდი დაბრკოლება სერბიის ეკონომიკის მდგომარეობაა. რეგიონს ამძიმებს არამხოლოდ პოლიტიკური პრობლემები ...
დუშან რელიჩი
„მე ვფიქრობ, ვითარების იმგვარი ნორმალიზებისათვის, როგორსაც პრიშტინისა და ბელგრადისაგან დასავლეთი მოითხოვს, საჭიროა გადაიჭრას ტრანსპორტის ნორმალიზაციის, ელექტროენერგიით მომარაგებისა და ტელეკომუნიკაციის პრობლემები - კერძოდ, თუ ვინ უზრუნველყოფს ელეტროენერგიით ჩრდილოეთ კოსოვოში არსებულ სერბიულ ანკლავებს, როგორ იმუშავებს სატელეფონო კავშირი. ეს არის უპასუხოდ დარჩენილი და რთული საკითხები, რომელთა მოსაგვარებლადაც დიპლომატებს მოუწევთ შეიმუშაონ შეთანხმება, რამაც ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობებში პროგრესი უნდა უზრუნველყოს.“

გასულ კვირაში სერბიამ და კოსოვომ დაჩქარებულად მიაღწიეს ერთ მნიშვნელოვან წარმატებას. ევროკავშირის სამიტის წინ, ბოლო წუთში, ბელგრადმა ნება დართო კოსოვოს, გამოიყენოს სახელმწიფოებრივი დროშა რეგიონალური შეხვედრების დროს და დათანხმდა ხელი მოაწეროს კოსოვოსთან საერთაშორისო შეთანხმებებს, როგორც სრულფასოვნად აღიარებულ ქვეყანასთან. მხარეები დათანხმდნენ, ერთობლივად მოაგვარონ ჩრდილოეთ კოსოვოში სასაზღვრო დავები, რასაც გასულ წელს შეტაკებებიც მოჰყვა ნატოს მშვიდობისმყოფელებსა და სერბ აქტივისტებს შორის.

თუმცა, პოლიტიკური პრობლემების გარდა, ევროინტეგრაციის გზაზე სერბიის მთავარ დაბრკოლებად დუშან რელიჩს ეკონომიკური კრიტერიუმების მიღწევა მიაჩნია:

„მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი დაბრკოლება სერბიის ეკონომიკის მდგომარეობაა. რეგიონს ამძიმებს არამხოლოდ პოლიტიკური პრობლემები. ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული პრობლემა ამჟამად ეკონომიკური ზრდის არარსებობა, უმუშევრობა და ქვეყნის დავალიანებაა.ამიტომ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება ის, თუ როდის დაიწყებს სერბიისა და მთელი რეგიონის ეკონომიკა ზრდას.“

მიუხედავად ამ პრობლემებისა, სერბიამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო ბრიუსელმა 1 მარტს მოუწოდა კავშირის აღმასრულებელ ორგანოს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ბელგრადთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. სერბია 1990-იანი წლებიდან იმყოფებოდა იზოლაციაში - მას შემდეგ, რაც დასავლეთმა სლობოდან მილოშევიჩს ხორვატიაში, ბოსნიასა და კოსოვოში ომის გაჩაღებაში დასდო ბრალი.

ხსენებული ხორვატია უკვე არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც კავშირის წევრობის მოსაწვევს 2013 წლის ივლისში მიიღებს. ევროკავშირთან მჭიდრო სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს აძლიერებს კოსოვოც. ბრიუსელის მიერ 1 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აპირებს შეისწავლოს კოსოვოსთან გაფორმებული სავაჭრო და პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სტაბილიზაციისა და ასოცირებული წევრობის შეთანხმების სახელით არის ცნობილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG