Accessibility links

საერთაშორისო დამკვირვებლებმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უსამართლო უწოდეს. თავად რუსი მოხალისე დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ 4 მარტის არჩევნები მრავალი დარღვევით ჩატარდა, - თანაც, დარღვევების ნაწილი ეფექტურად გამოიყენებოდა წინა არჩევნების დროს, თუმცა ამჟამინდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტენების გაყალბების ტაქტიკა ახალ სიმაღლეზე ავიდა.


ყალბი ბიულეტენები და ხმის დათვლის გაყალბება

არჩევნების გაყალბების ყველაზე ტრადიციული მეთოდია რამდენიმე ბიულეტენის ერთდროულად ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს კი შეიძლება გააკეთოს როგორც ცალკეულმა პირმა, ისე საარჩევნო უბნის წარმომადგენელმა, რომელიც ყუთში ბიულეტენებს ყრის ან არჩევნების წინ, ანდა არჩევნების დასრულების შემდეგ. რუსეთის საარჩევნო უბნის წარმომადგენლებს საარჩევნო ოქმების გაყალბების ხანგრძლივი გამოცდილება დაუგროვდათ. ისინი გადაწერენ ოქმებს და ზრდიან ციფრებს მას შემდეგ, რაც დამკვირვებლები საარჩევნო უბანს ტოვებენ. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა თქვეს, რომ რუსეთში კვირას გამართულ არჩევნებში შემოწმების დროს დარღვევები ყველა მესამე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.

„კარუსელები“ და ხმის მიცემა სპეციალური ბარათით

ეგრეთ წოდებული „კარუსელების“ მეთოდი ხმის მიცემის დროს - ადამიანები რამდენიმე ბიულეტენს სხვადასხვა საარჩევნო უბანში ყრიან, მათ ტრანსპორტირებას კი უზრუნველყოფენ გაყალბებით დაინტერესებული პოლიტიკური ძალის ანდა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები. 4 მარტის არჩევნების დროს რუსეთში დამკვირვებლებმა კრემლის მომხრე ჯგუფ „ნაშის“ ორგანიზებული რამდენიმე ავტობუსი დააფიქსირეს, რომლებსაც „კარუსელის“ მონაწილე ამომრჩევლები გადაჰყავდათ. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი ბლოგერის ალექსეი ნავალნის თანახმად, „კარუსელის“ მეთოდით ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნებში უპრეცედენტო იყო. თუმცა მოსკოვის ცენტრალური საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ „ნაშის“ წარმომადგენლებს, უბრალოდ, გადაჰყავდათ ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე. წელს რუსეთში „კარუსელი“ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით დატრიალდა - ხალხი იყენებდა ე.წ. საარჩევნო უბანზე არჩევნებამდე აღებულ „სიიდან ამორიცხვის“ სპეციალურ ბარათებს. ასეთი მოწმობა ადამიანს უფლებას აძლევს ხმა მისცეს არა იმ უბანზე, სადაც მიწერილია, არამედ იმ დასახლებულ პუნქტთან ახლომდებარე საარჩევნო უბანში, სადაც იგი უქმე დღეებზე აპირებს წასვლას. თანაც ამგვარი „სიიდან ამორიცხვის“ ბარათით ხმის მიცემის მონიტორინგი ძალიან ძნელია, რადგან ასეთი ბარათის მფლობელ პიროვნებას ხმის მიცემა ერთბაშად რამდენიმე უბანზე შეუძლია. რუსეთში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როგორც იუწყებიან, 4 მარტის არჩევნების დაწყებამდე 2 მილიონი „სიიდან ამორიცხვის“ ბარათი გასცა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი ინოვაციაა ყალბი დამკვირვებლები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე იმ მიზნით იგზავნებიან, რომ ხელი შეუშალონ ხმის მიცემის მონიტორინგს. არსებობს კვოტა, თუ რამდენი დამკვირვებელი შეიძლება იყოს უბანზე. შესაბამისად, რაც მეტია ვითომ დამკვირვებელი, მით ნაკლები ადგილი რჩებათ ნამდვილ დამკვირვებლებს. 4 მარტის არჩევნებში ასეთი დარღვევები განსაკუთრებით ბევრი იყო.

„დამატებითი სიები“, ანუ კორპორაციული ხმის მიცემა

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ, ხმის მიცემა შეუძლიათ სამუშაო ადგილთან ახლომდებარე საარჩევნო უბანზე. 4 მარტს ასეთმა კომპანიებმა სავარაუდო ამომრჩევლებისათვის დამატებითი სიები რამდენიმე დღით ადრე მოითხოვეს და იმაზეც იზრუნეს, რომ საარჩევნო უბნებზე ადამიანები ავტობუსებით მასობრივად გადაეყვანათ. ასეთი მეთოდი შესაძლებლობას აძლევს დამქირავებელს ზეწოლა მოახდინოს პირად შემადგენლობაზე სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენოს ხელქვეითები სხვადასხვა უბნებზე „კარუსელის“ ორგანიზებისათვის.

ზოგიერთი დამკვირვებელი ოპოზიციიდან აცხადებს, რომ 4 მარტის არჩევნებზე ბიულეტენების 20 პროცენტი, ანუ 11 მილიონი ხმა, „დამატებით სიაში“ მყოფ მოქალაქეებზე მოდის. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა საწარმო-დაწესებულებამ და უმაღლესმა სასწავლებელმა 4 მარტი სამუშაო დღედ გამოაცხადა, რათა საკუთარი თანამშრომლები „დამატებით სიებში“ შეეტანა.

ხმების მოპარვა

შედარებით ახალი სქემა, რაც, როგორც ჩანს, 4 მარტის არჩევნების დროს მასობრივად იქნა გამოყენებული, ხმების მოპარვაა. ამომრჩევლები მიდიოდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც აღმოაჩენდნენ, რომ მათ ნაცვლად ხმა უკვე ვიღაც სხვას მიუცია. რუსულმა მედიამ დაწერა ერთ შემთხვევაზე, როდესაც ასეთი თაღლითობის მსხვერპლ ქალს მობილურზე დაურეკეს და დააშინეს, როგორც კი მან საარჩევნო უბნის ხელმძღვანელებს კანონდარღვევის შესახებ აცნობა.

თაღლითობა ვებკამერებით

იმისათვის, რომ ჩაეცხრო გაყალბებასთან წილნაყარი 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებული პროტესტი, ვლადიმირ პუტინმა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად 90 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე ვებკამერები დაამონტაჟებინა, მაგრამ ამ ტრიუკის წარუმატებლობა მონიტორებზე აისახა, რადგან ბევრ შემთხვევაში კამერები საარჩევნო ყუთების მხოლოდ ბუნდოვან გამოსახულებებს აჩვენებდნენ. ქალაქ მაგადანში კი ინტერნეტის მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ ქალაქი უკვე ღამის სიბნელეში იყო ჩაძირული, როდესაც ვებკამერით პირდაპირ ეთერში ნაჩვენები საარჩევნო უბანი დღის შუქით იყო განათებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG