Accessibility links

logo-print
რუსული პრესის მიმოხილვა გაზეთ „კომერსანტით“ დავიწყოთ. გამოცემა 5 მარტს მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლაზე წერს.
”გუშინ მოსკოვში ვლადიმირ პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მასობრივი აქციები გაიმართა, ოპოზიციამ 15 ათასი ადამიანი შეკრიბა.” პუშკინის მოედანზე შეკრებილი აქტივისტები ხელახალ არჩევნებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჩუროვის გადადგომას მოითხოვდნენ. აქცია ოპოზიციის ლიდერების ალექსეი ნავალნის, ილია იაშინის და სერგეი უდალცოვის უხეში დაკავებით დასრულდა.

„კომერსანტი“ წერს, რომ, წინა მიტინგებისგან განსხვავებით, 5 მარტის მიტინგის მონაწილეებს პლაკატები და ტრანსპარანტები არ ჰქონიათ. აქციის მონაწილეებს პირველმა დაურეგისტრირებელი პარტიის - ”სახალხო თავისუფლების” -თანათავმჯდომარემ ვლადიმირ რიჟკოვმა მიმართა. ”სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა ყვირის, რომ ეს იყო ყველაზე სამართლიანი არჩევნები, ჩუროვის ყველა განცხადება ტყუილია”, განაცხადა მან. ”გადადგეს ჩუროვი!” - პასუხობდნენ მიტინგის მონაწილენი. მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი კი მოედნის დატოვებას პუტინის გადადგომამდე არ აპირებდა.

საბოლოოდ, აქციის მონაწილენი და ოპოზიციის ლიდერები პოლიციამ დაშალა და, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი, ევგენი ჩირიკოვი და სერგეი უდალცოვი დააკავეს კიდეც.
5 მარტს ოპოზიცია მეორე აქციის გამართვას ლუბლიანკაზეც შეეცადა. ოპოზიციური კოალიცია ”სხვა რუსეთის” ლიდერი ედუარდ ლიმონოვი ლუბლიანკაზე 2 ათასი მხარდამჭერის გამოყვანის პირობას დებდა. ლუბლიანკაზე ლიმონოვს 100 ჟურნალისტი და 200 პოლიციელი ელოდა. ”სხვა რუსეთის” წარმომადგენლები განსაკუთრებული სიმკაცრით დააკავეს და პოლიციის ავტობუსებში შეყარეს. ლიმონოვთან ერთად აიყვანეს სხვა 4 აქტივისტიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სულ ლიმონოვის 50 მხარდამჭერი დააკავეს, თავად აქციის ორგანიზატორები 100 დაკავებულის შესახებ ლაპარაკობდნენ, წერს „კომერსანტი“.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი იტყობინება, რომ რუსეთმა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შესთავაზა. იმის შესახებ, რომ რუსეთი მზად არის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს და აღადგინოს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა, გასულ პარასკევს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. მან ეს ქართული მხარის განცხადების საპასუხოდ თქვა. თებერვლის ბოლოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზოდ 90 დღით დარჩენის შესაძლებლობის შესახებ, თუმცა რუსეთის საგარეო უწყება ქართული მხარის განცხადებას ფარისევლობას უწოდებს და ამის საფუძვლად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მოჰყავს, რომლის თანახმადაც, ყველა პირზე, ვინც უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთხელ მაინც სწვევია აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს, სამართლებრივი დევნა ცხადდება. მას,ვინც ერთხელ მაინც, თუნდაც ტურისტული მიზნით, რიწის ტბას მოინახულებს, ქართული კანონმდებლობით, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება, ნათქვამია „ვედომოსტის“ სტატიაში, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველო არ აღადგენს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას, სანამ ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს - ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგო კაპანაძემ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ განუცხადაო, ნათქვამია „ვედომოსტის“ სტატიაში.
გამოცემა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ საუბარს მოულოდნელს უწოდებს, მით უფრო, რომ 2011 წელს პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი გამარტივებულ სავიზო რეჟიმს განიხილავს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, მაგრამ არა სააკაშვილთან. ამავე 2011 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არ გაუქმდება, მაგრამ ამ ქვეყანასთან ცივილიზებული ურთიერთობები შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG