Accessibility links

logo-print

ჟურნალისტები შს სამინისტროს საიდუმლოს წინააღმდეგ


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

26 მაისის აქციის დარბევის დროს დაზარალებული ჟურნალისტები და მედიაორგანიზაციები სასამართლოს დახმარებით შეეცდებიან გაარკვიონ, თუ რის საფუძველზე ასაიდუმლოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ თანამშრომლების ვინაობას, რომლებიც მინისტრის 14 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაისაჯნენ. ვიდრე სასამართლოში შეიტანდნენ სარჩელს, დაზარალებულმა ჟურნალისტებმა კონკრეტული ინფორმაცია მოსთხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

ინტერნეტგამოცემა ”გურია ნიუსის” კორესპონდენტი ნატო გოგელია ერთ-ერთია 26 მაისს დაზარალებულ იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც დასჯილი სამართალდამცველების ვინაობის დადგენას 2011 წლის ნოემბრიდან ცდილობენ:

”საინტერესო იყო, კონკრეტულად რომელ თანამშრომლებზეა ლაპარაკი და რეალურად არსებობენ თუ არა ეს ადამიანები. სიტყვაზე დაჯერება შეიძლება ადვილია, კი ბატონო, მაგრამ რეალურად მათ შესახებ არავინ არაფერი იცის.”

ნატო გოგელიასა და მისი კოლეგებისთვის იმთავითვე არასაკმარისი იყო შს სამინისტროს მიერ გავრცელებული მოკლე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ”შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს 4 თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა 1 თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა 3 თანამშრომელს, საყვედური - 8 თანამშრომელს.”

მინისტრის ბრძანების გასაცნობად და დამნაშავე სამართალდამცველების ვინაობის დასადგენად, 26 მაისის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულმა ჟურნალისტებმა 2011 წლის 1 ნოემბერს შს სამინისტროს მიმართეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის საიდუმლოსთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ კონკრეტულად ვის მიერ და რის საფუძველზე იმალება ეს ინფორმაცია, თუმცა ვერც ამის დადგენა გახდა შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უშედეგო მიმოწერის შემდეგ, ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერებაზე დავის მიზნით, დაზარალებული ჟურნალისტების ჯგუფმა, სადაც ”გურია ნიუსთან” ერთად, ”ნეტგაზეთის”, ”გაზეთ ბათუმელების”, ”ჩოხატაურის მაცნის”, ”ახალი ამბებისა” და ”რადიოცენტრ პლუსის” წარმომადგენლები შედიან, 5 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. როგორც მათი ადვოკატი ნათია კაპანაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მოსარჩელე მხარე შეეცდება კანონით გათვალისწინებული ყველა უფლება გამოიყენოს:

”საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ გვაძლევს საშუალებას, რომ მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირი გაეცნობა კონკრეტული საიდუმლო ინფორმაციის გრიფს, მას შეუძლია იდავოს ინფორმაციის განსაიდუმლოებასთან დაკავშირებით და შეუძლია, რომ ეს დავა სასამართლო წესით წარმართოს.”

გამოძიება, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ნდობის აღდგენას და იმისათვის, რომ ნდობა აღდგეს, აუცილებელია, რომ კონკრეტულმა პირებმა აგონ პასუხი ...
ნათია კაპანაძე, ისევე როგორც დაზარალებული ჟურნალისტების მეორე ადვოკატი თამარ კორძაია, თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საქმისადმი გამომჟღავნებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს:

”საზოგადოებრივი ინტერესის ტესტი გაცილებით ძლიერია და (სახელმწიფომ) უნდა გადააბიჯოს - იქნება ეს კერძო პირის ინტერესი თუ სახელმწიფო საიდუმლოების ინტერესი კონკრეტულ შემთხვევაში. იქ, სადაც სახელმწიფომ აღიარა, რომ დააშავა, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, კონკრეტულად რომელმა ადამიანმა დააშავა.”

სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესების სამართლიანად წარმართვისა და დამნაშავეთა ღიად დასჯის აუცილებლობას არაერთხელ გაუსვეს ხაზი საერთაშორისო ორგანიზაციებმა თუ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა. ამ თემისადმი ყურადღება გამოკვეთილია ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ერთ-ერთ ბოლო ანგარიშშიც და, როგორც ამ მეტად ავტორიტეტიანი ორგანიზაციის მკვლევარი გიორგი გოგია ეუბნება რადიო თავისუფლებას, დამნაშავეთა გამოაშკარავება, ხალხის ნდობის კონტექსტში, თვითონ სამართალდამცველ უწყებათა ინტერესებშიც უნდა შედიოდეს:

”გამოძიება, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ნდობის აღდგენას და იმისათვის, რომ ნდობა აღდგეს, აუცილებელია, რომ კონკრეტულმა პირებმა აგონ პასუხი და ეს ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი და საჯარო.”

”ჰიუმან რაიტს უოჩის”, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ დიპლომატების მოსაზრებების მიმართ პატივისცემას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი, თუმცა, როგორც ის განუმარტავს რადიო თავისუფლებას, სამინისტრომ უკვე გასცა მაქსიმალურად შესაძლებელი ინფორმაცია და, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სამართალდამცველთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გვარების დასახელება, უბრალოდ, შეუძლებელია:

”როდესაც ხდება დემონსტრაციის აღკვეთა, როდესაც ხდება ქუჩის გათავისუფლება დემონსტრანტებისგან, ამ პროცესში მონაწილე პოლიციელები სპეციალურად არიან აღჭურვილი ისეთი ტანისამოსით, რომ მათი სახე იყოს დაფარული. ამის მიზანი ის არის, რომ შემდეგ ეს პოლიციელები არ გახდნენ შურისძიების მსხვერპლი ამა თუ იმ მოქალაქის მხრიდან. სწორედ ამიტომ არ ვამჟღავნებთ და ვახმოვანებთ მათ სახელებს და გვარებს.”

შოთა ხიზანიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონთან სრული შესაბამისობით მოქმედებს და სასამართლოშიც შესაბამისი არგუმენტებით წარდგება. მიიღებს თუ არა წარმოებაში 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლო, ეს საკითხი 10 დღის ვადაში გაირკვევა.
XS
SM
MD
LG