Accessibility links

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში დაიწყო ახალი ეკონომიკური შესაძლებლობის ინიციატივის პროგრამის (NEO) განხორციელება. ამ დღესთან დაკავშირებით შავშვებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი დევიდ რობინსონი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში სტივენ ჰეიკინი სტუმრობდნენ. სტუმრები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. USAID-ისა და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც განხორციელდება USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის ფარგლებში. შავშვებში მცხოვრები ირინა მაყიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების აღდგენა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ მოსავლიანობა გაზარდოს.

(NEO) –ს USAID-ის მეშვეობით აშშ-ის მთავრობა აფინანსებს. პროექტი შემუშავებულია ისეთი მუნიციპალიტეტებისა და თემების დახმარების მიზნით, როგორიცაა შავშვები. შავშვები იმის გამო შეირჩა, რომ ამ სოფელში დევნილთა კომპაქტური დასახლებაა, ომის დროს კი რუს ჯარისკაცებს სოფლის ყანებში საგუშაგოები ჰქონდათ განთავსებული და გასვლის წინ ეს ყანები გადაწვეს. დაზარალებული სოფლის მოსახლეობაც აქტიურად იქნება პროექტის განხორციელებაში ჩართული, სწორედ იქ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფებმა უნდა გამოკვეთონ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები და დონორების დახმარებით მათი გადაჭრა დაიწყონ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის აზრით, პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ის არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება მასში ჩართული.

შავშვებში საინიციატივო ჯგუფმა სამუშაო უკვე ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ სოფელს სჭირდება სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების აღდგენა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, დახმარება სოფლის მეურნეობასა და სოციალურ საკითხებში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის დევიდ რობინსონის თქმით, ახალი 4 წლიანი პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სასურსათო უსაფრთხოება, მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და დევნილი ოჯახების დახმარება.

აღნიშნული პროექტი საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, 84 თემში განხორციელდება და დახმარება დაახლოებით 70 ათას ოჯახს გაეწევა. „ნეოს“ და სხვა პროექტების მეშვეობით აშშ–ის მთავრობა მხარს უჭერს სტაბილურ და მრავალმხრივ ეკონომიკურ ზრდას, რასაც სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
XS
SM
MD
LG