Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პარლამენტის წინაშე გამოვიდა სიტყვით


საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტის წინაშე დღევანდელი გამოსვლის უდიდესი ნაწილი რუსეთზე საუბარს დაუთმო. მიხეილ სააკაშვილმა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას განწირული უწოდა და განაცხადა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ააშენეს სახელმწიფოები, რომლებსაც ვეღარაფერი დაანგრევს. სააკაშვილის თქმით, მოსკოვში ნოსტალგიურად განწყობილ ლიდერებს ბოლო ხანს გაუჩნდათ ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა, რომლის არსი რუსეთის მეზობლების თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასრულებაა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევრაზიული კავშირის პროექტი წარმატებული ვერ იქნება და თავად რუსეთის ლიდერებიც უნდა მიხვდნენ, რომ უმჯობესია ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი მეზობლები და პარტნიორები, ვიდრე არასტაბილური ვასალები და მტრები. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არ სურს იხილოს სუსტი რუსეთი და მისი ეროვნული ინტერესების მიმართ მტრულად განწყობილი არ არის. ”ვოცნებობ ამაყ, სტაბილურ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულ რუსეთზე, რომელიც არ დაემუქრება და არ დაამცირებს სხვებს, რათა დაამტკიცოს მისი ილუზიური სახელმწიფოებრივი დიდება” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ისაუბრა რუს პატრიოტებზე, რომლებსაც სურთ ხალხს დაუბრუნონ სუსტი ხელმძღვანელების მიერ მოპარული ხელისუფლება და იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე მათთან ერთად აშენდება მშვიდობის და თანამშრომლობის ერთიანი სივრცე. რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის კავშირი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, სულ უფრო გაღრმავდება და არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
XS
SM
MD
LG