Accessibility links

logo-print

გაერო: ჰომსის რამდენიმე უბანი სრულიად განადგურებულია


გაეროს წარმომადგენელი ჰუმანიტარულ საკითხებში ვალერი ამო შეშფოთებას გამოთქვამს სირიის ქალაქ ჰომსში არსებულ მდგომარეობაზე. ის ქალაქს ოთხშაბათს ეწვია. მისი განცხადებით, ქალაქში რამდენიმე უბანი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდამჭერებს შორის მთავარი შეტაკებები მიმდინარეობდა, მთლიანად განადგურებულია. ბრძოლები ჰომსში ოთხშაბათსაც გრძელდებოდა. ოპოზიცია 39 ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, სირიის ნავთობის განვითარების მინისტრის მოადგილემ აბდო ჰუსამედინმა თანამდებობა დატოვა და ის ოპოზიციის მხარეს გადავიდა. ჩანაწერები მისი განცხადების შესახებ ინტერნეტსაიტ ”იუტუბზე” გავრცელდა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ ოთშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის დაეხმაროს სირიის ოპოზიციას, მაგრამ არა სამხედრო აღჭურვილობით. შეერთებული შტატების ინტერვენციამ სირიაში შესაძლოა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის პროვოცირება გამოიწვიოს, განაცხადა პანეტამ.
XS
SM
MD
LG