Accessibility links

ბაქოში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის "გაჩუმებას" შანტაჟის გზით ცდილობენ


ცივილიზებული საზოგადოებისათვის მიუღებელი „ბინძური შანტაჟის მცდელობა“ უწოდა "რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის" პრეზიდენტმა სტივენ კორნმა, ამ რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარას. ისმაილოვამ, რომელიც ცნობილია კორუფციის მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიებებით, მიიღო ფოტოსურათებით სავსე საფოსტო გზავნილი, რომელშიც მას ემუქრებიან, რომ გამოაქვეყნებენ მის ინტიმურ ფოტოებს, თუ ჟურნალისტი "წესიერად აქ მოიქცევა". ხადიჯა ისმაილოვას საგამოძიებო რეპორტაჟებმა ფარდა ახადა იმ კორუფციულ სქემებს, რომლებშიც უშუალოდ მონაწილეობენ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრები. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურში კი ხადიჯა ისმაილოვა უძღვება პოპულარულ საავტორო პროგრამას "სამუშაოს შემდეგ". 7 მარტის მუქარის წერილამდე, ხადიჯა ისმაილოვა არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე პოლიციაში, ხოლო სამთავრობო მედიამ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია გააჩაღა. "რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის" პრეზიდენტმა სტივენ კარნიმ განაცხადა, რომ „ამაყობს ხადიჯა ისმაილოვას საქმიანობით“ და პირობას დებს, რომ მომავალ კვირაში, ბაქოში ვიზიტისას, აპირებს, აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრებთან შეხვედრაზე დააყენოს ჟურნალისტის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენების საკითხი.
XS
SM
MD
LG