Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს


ნიკოლოზ რურუა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნიკოლოზ რურუა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის გაერთიანების შესახებ. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იგეგმება სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლებისათვის მხოლოდ სტატუსის შეცვლა და მათი ტრანსფორმირება საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. რა მიზანს ემსახურება სიახლე და რას ფიქრობენ მის შესახებ სახელოვნებო წრის წარმომადგენლები?

2012 წლის 29 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ხელი მოაწერა რამდენიმე დადგენილებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მატარებელი სამი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ. დადგენილების ტექსტში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, არაფერია ნათქვამი სასწავლებლების გაერთიანების შესახებ, რასაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუაც გამორიცხავს:

„არანაირ გაერთიანებაზე არ ყოფილა საუბარი. არ ვიცი, ვინ გამოიგონა ეს მითი! აქ ლაპარაკია რეფორმების დაჩქარებაზე, სასწავლებლების როგორც ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, ასევე მეთოდოლოგიურად და რეფორმების თვალსაზრისით. სამივე უმაღლესი სასწავლებელი საჭიროებს ცვლილებებს და უმჯობესია ეს ცვლილებები მოხდეს მალე.“

ეს არის სერიოზული შეცდომა. ვფიქრობ, ლაპარაკი დაიწყება სასწავლებლების ტერიტორიების გარკვეულ მანიპულაციებთან მიმართებაში ...
გია ბუღაძე
ბევრი რამ მართლაც მალე შეიცვლება. მთავრობის დადგენილებებში კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა და კონსერვატორიის რეორგანიზაციის დასრულების ვადად მიმდინარე წლის 20 მარტია დასახელებული. რეორგანიზაცია კი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასამეწარმეო პირად გარდაქმნას ითვალისწინებს, რამაც, თავის მხრივ, როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განმარტავენ, მეტად მოქნილი და ეფექტიანი უნდა გახადოს უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობა. სამინისტრო თავისი მოსაზრების გასამაგრებლად იშველიებს ამონარიდს კანონიდან:

„სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას. კერძოდ, როდესაც შესყიდვა ეხება ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის) შესყიდვას, ასევე, როდესაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას რეგენტთა საბჭოს თანხმობით.“

და კიდევ, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ასევე გათვალისწინებულია არაერთი შეზღუდვა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის. მაგალითად, ლიმიტირებულია შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნების 2 პროცენტს და ასე შემდეგ. თუმცა სამინისტროსა და მთავრობის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება სახელოვნებო წრის არაერთ წარმომადგენელს. მათ შორისაა მხატვარი გია ბუღაძე, რომელიც სამხატვრო აკადემიას უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა:

„ეს არის სერიოზული შეცდომა. ვფიქრობ, ლაპარაკი დაიწყება სასწავლებლების ტერიტორიების გარკვეულ მანიპულაციებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ სამივე სასწავლებელი პრესტიჟულ უბნებში მდებარეობს. მე, რა თქმა უნდა, ახლა თავისუფალი ვარ, მაგრამ ჩემი დირექტორობის დროსაც აქტიურად ვეწინააღმდეგებოდი ამ იდეის განხორციელებას. იყო ეს აზრები მაშინაც და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან არასწორი. საერთოდ, ამ ტიპის რეორგანიზაციები იწვევს სტრუქტურულ ცვლილებებსაც, სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვევს ბევრი რამის მოშლას და რეალურად ის, რასაც ვაკეთებდით 9-10 წლის განმავლობაში ბოლონიის პროცესთან დაკავშირებით (რომელიც ძალიან რთული იყო სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში), შეიძლება თავზე დაგვემხოს.“
მთელ ამ საუბრებს, პანიკას საკითხის ბუნდოვანება, ფარულობა იწვევს... ეს აღიზიანებთ, ფაქტის წინაშე დაყენება ...
ლევან კიტია

უნდა ითქვას, რომ მთავრობის მხრიდან სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაციის მცდელობას წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდა ადგილი - მაშინაც გავრცელდა ინფორმაცია თეატრალურის, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის შესაძლო გაერთიანების შესახებ, თუმცა, როგორც კინორეჟისორი ლევან კიტია იხსენებს, სასწავლებლების შერწყმამდე საქმე აღარ მისულა:

„მაშინდელია ბიძინა კვერნაძის გადასარევი ფრაზა: ნუ იზამთ ამას, ბატონო ედუარდ, თორემ ვისი ფუნჯი ვის როიალში იქნება, ვეღარ გაიგებთო.“

თავად ლევან კიტია სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების გააზრებული, არამექანიკური შერწყმის წინააღმდეგი არაა. მას არც სასწავლებლების ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია მიაჩნია უარყოფით მოვლენად.

„მთელ ამ საუბრებს, პანიკას საკითხის ბუნდოვანება, ფარულობა იწვევს... ეს აღიზიანებთ, ფაქტის წინაშე დაყენება... აშკარაა, რომ პროცესს აკლია ღიაობა, თორემ ბალასტი აქაცაა დაგროვილი და საჭიროა მისგან გათავისუფლება. მე დაველოდებოდი ბუნებრივ, უმტკივნეულო გათავისუფლებას, მაგრამ შესაძლოა სხვა ასე არ ფიქრობდეს. ცხადია, ბალასტში კონკრეტულ პიროვნებებს არ ვგულისხმობ. მხედველობაში მაქვს საგნები, სახელმძღვანელოები, მეთოდიკა და ასე შემდეგ“, უთხრა ლევან კიტიამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ოპტიმიზაციისა და სხვა ცვლილებების შესახებ საუბარი, ალბათ, მოგვიანებით, სასწავლებლების რეორგანიზაციის შემდეგ დაიწყება. გარდამავალ პერიოდში, მთავრობის დადგენილებით, სამხატვრო აკადემიას ირინე პოპიაშვილი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს - ნოშრევან ჩხაიძე, კონსერვატორიას კი რევაზ კიკნაძე უხელმძღვანელებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG