Accessibility links

9 მარტს თბილისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებმა, აქტივისტებმა, სტუდენტებმა და სხვა ახალგაზრდულმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანია, სახელწოდებით ”მე თავისუფალი მოქალაქე ვარ”, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მშვიდობიანი აქციით განაგრძეს. მათ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის სახელზე წერილი შეიტანეს, რომლითაც იმ უფლებების აღიარება და პატივისცემა მოითხოვეს, მათი განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რომ ლახავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ 9 მარტის ქარიან შუადღისას შეკრებილ ასამდე ახალგაზრდას ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით ”მე თავისუფალი მოქალაქე ვარ”. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა აქტივისტების მიერ ორგანიზებულ ამ აქციაში მონაწილეობდნენ ისინიც, ვინც ”ფეისბუქზე” წამოწყებული ამ კამპანიის იდეას დაეთანხმა. ყველა მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ საკუთარი პოზიციის გამოსახატად მივიდა:

”პოლიცია არ უნდა იყოს პოლიტიზებული. მან ყველა ადამიანი თანაბრად უნდა დაიცვას და განსხვავებული აზრის გამო არ უნდა დევნოს. ბოლოს და ბოლოს, ისინი ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს.”

ახალგაზრდების თავისუფლება იზღუდება უნივერსიტეტებში - თვითმმართველობების მხრიდან, სკოლებში - მანდატურების მიერ ...
”ჩვენ თავისუფალი მოქალაქეები ვართ და პოლიციისგან დაცვას ვითხოვთ. არანორმალურია, რომ პოლიციის შენობებიდან პანტაპუნტით ცვივიან ადამიანები და ვინც ჩვენი უფლება უნდა დაიცვას, სწორედ ისინი ხოცავენ ადამიანებს.”

”ქართული ოცნების” ახალგაზრდა აქტივისტის სულხან ღლონტის განმარტებით, შსს აქციის ჩატარების ადგილად მიზანმიმართულად შეირჩა - ახალგაზრდების შეფასებით, სწორედ ეს უწყება ზღუდავს ყველაზე მეტად ადამიანების უფლებასა და თავისუფლებას:

”ჩვენი არჩევანია შევცვალოთ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით უკეთესი ხელისუფლებით და ამას დამალულად კი არა, საჯაროდ ვაცხადებთ და ამას მივაღწევთ კიდეც.”

ვანო მერაბიშვილის სახელზე დაწერილ წერილშიც, რომელიც შსს-ს კანცელარიაში ჩაბარებამდე სულხან ღლონტმა წაიკითხა, ნათქვამია, რომ ახალგაზრდები ამ აქციით შიშის სინდრომსაც ამარცხებენ:

”ჩვენ ვართ თაობა, რომელიც დემოკრატიის არსს კარგად ვაცნობიერებთ და ვაღიარებთ მას. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი უფლებები, და თაობა, რომელიც თქვენ მიერ არჩეული მართვის სტილს დემოკრატიის საწინააღმდეგო ლოგიკად მივიჩნევთ და მზად ვართ საქართველოში გამეფებული შიშისა და უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ - ვიბრძოლოთ მანამ, სანამ ქვეყანაში რეალური თავისუფლების და სამართლიანობის განცდა არ გაჩნდება.”

აქციის მონაწილენი

აქციის მონაწილენი


აქციის მთავარი ლოზუნგი, ”მე თავისუფალი მოქალაქე” ვარ, კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, დავით კაჭახიძის თქმით, შემთხვევით არ შერჩეულა:

”ახალგაზრდების თავისუფლება იზღუდება უნივერსიტეტებში - თვითმმართველობების მხრიდან, სკოლებში - მანდატურების მიერ, ქუჩებში - პოლიციელების მხრიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფო დაწესებულებებზე”...

ახალგაზრდების მიერ ხელმოწერილი წერილი შსს-ს კანცელარიამ ჩაიბარა. იქვე გვითხრეს, რომ მის დარეგისტრირებას 15 წუთი დასჭირდებოდა. აქციის ორგანიზატორებმა კი მსგავსი აქციების რეგიონებში გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს და დაიშალნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG