Accessibility links

ნარკოტიკების პრობლემა საქართველოში


როკის გვირაბი, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთი

როკის გვირაბი, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიას უკავშირდება და რომელშიც 2011 წლის მოვლენები და ტენდენციებია შეფასებული, საქართველო კვლავაც ნარკოტიკების ”სატრანზიტო დერეფნად” არის მოხსენიებული. თუმცა ხელისუფლება საკითხს განსხვავებულ ჭრილში განიხილავს და არ ეთანხმება ანგარიშში აღნიშნულ მოსაზრებას, რომ ქვეყნის საზღვრებზე კონტროლსა და ინსპექტირებაზე მეტი ყურადღება ”ვაჭრობის ხელშეწყობას” ეთმობა. რა მდგომარეობაა საქართველოში - რის ხარჯზე შემცირდა ”მძიმე” ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და რა პროცესები გამოიწვია ამ ტენდენციამ?
ნარკოტიკების ერთ-ერთი ძირითადი სატრანზიტო მარშრუტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ავღანეთიდან და ირანიდან იღებს სათავეს და, აზერბაიჯანის გავლით, დასავლეთ ევროპისა და რუსეთისკენ მიემართება. სწორედ ეს მარშრუტი გადის საქართველოზეც, თუმცა, როგორც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქართველოს ვერ დავარქმევთ ნარკოტიკების ”კლასიკურ სატრანზიტო ქვეყანას”, საიდანაც, ვთქვათ, ევროპის მოსამარაგებლად დიდი ოდენობის ნარკოტიკები გადის. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები ძალიან ცოტაა და ”თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, იმავე დასავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ეს არის მიზერული, და ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.”

ნარკოტიკი პატარა მოცულობის არის და მისი დამალვა დიდ გემებში, პორტებში, დიდ სატვირთო მანქანებში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ...
დავით საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოსთვის მთავარ გამოწვევას ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს და ეს პრობლემა ნახსენებია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც. ყურადღება მახვილდება გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ნარკოტიკები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ვრცელდება, თუმცა ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება შესაბამისი კომუნიკაციის არარსებობის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ნარკოტიკების ტრანზიტის პრობლემას საქართველოსთვის საკმაოდ მასშტაბურად მიიჩნევს ექსპერტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში გიორგი ღლონტი. ის ამბობს, რომ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველო ამ პრობლემას ვერსად გაექცევა და, თანაც, ნარკოტიკების ტრანზიტი არცთუ იოლი გასაკონტროლებელია:

”ნარკოტიკი პატარა მოცულობის არის და მისი დამალვა დიდ გემებში, პორტებში, დიდ სატვირთო მანქანებში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. არ მგონია, რომ საქართველომ შეძლოს მთლიანად გააკონტროლოს მათ შორის ასეთი დიდი ტვირთები, რომლებიც ნაკადივით მოედინება უცხოეთიდან.”
გიორგი ღლონტი ნარკოტიკების ტრანზიტს დიდწილად ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროს გააქტიურებას უკავშირებს და ფიქრობს, რომ ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვა, მაგალითად, ავტომობილებით ვაჭრობის თანმდევ პრობლემას წარმოადგენს. ექსპერტი ამბობს, რომ მეტი უსაფრთხოების მიზნით, ნარკოტიკები, როგორც წესი, შემოვლით გზებზე მეტად ოფიციალური საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით გადააქვთ და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სრულფასოვან კონტროლს ქვეყნის საზღვრებზე.
საზღვარზე ადამიანის თავისუფალი გადაადგილება არ ნიშნავს იმას, რომ მას თავისუფლად შეუძლია შემოიტანოს ნარკოტიკული საშუალებები ...

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებით, საქართველოს საზღვრებზე მეტი ყურადღება ეთმობა ვაჭრობის ხელშეწყობას და უფრო ნაკლები ”კონტროლსა და ინსპექტირებას”. სწორედ ამას მიეწერება ის ფაქტი, რომ საზღვრებზე აღმოჩენილი ნარკოტიკების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება წლიდან წლამდე და ”არ იძლევა კონტრაბანდის მასშტაბის სარწმუნო მაჩვენებელს.”

ასეთ შეფასებას არ იზიარებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომლის აზრითაც, ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესებს არავითარი კავშირი არ აქვს ნარკოტიკების კონტრაბანდასთან:

”საზღვარზე დგას მებაჟე, რომელსაც ევალება კონტროლი და უკანონო ბრუნვაში არსებული ნივთების თუ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენა. საზღვარზე ადამიანის თავისუფალი გადაადგილება არ ნიშნავს იმას, რომ მას თავისუფლად შეუძლია შემოიტანოს ნარკოტიკული საშუალებები. არავითარ კავშირში არ არის საქართველოს ღია საზღვრის პრინციპი, ეკონომიკური ლიბერალიზაცია თუ საინვესტიციო გარემოსა და ტურიზმის ხელშეწყობა საზღვრის ფიზიკურ კონტროლთან.”

იმის დასტურად, რომ სასაზღვრო კონტროლი სათანადო სიმაღლეზეა, დავით საყვარელიძე საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დონის შემცირებას უსვამს ხაზს. მაგალითად, შს სამინისტროსა და პროკურატურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2011 წელს საქართველოში ნარკოტიკული დანაშაული, 2007 წელთან შედარებით, 53.1%-ით შემცირდა. ამ ტენდენციას უშუალოდ უკავშირებენ შავ ბაზარზე ”მძიმე ნარკოტიკების” ბრუნვის შემცირებას. ე.წ. ტრადიციული ნარკოტიკების - მაგალითად, ჰეროინისა და კოკაინის - მოხმარება მართლაც რომ შემცირდა, ეს ტენდენცია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც არის ხაზგასმული და ის, მაღალი ფასების გარდა, დიდწილად შს სამინისტროს ეფექტიან მუშაობას მიეწერება.

თუმცა, როგორც ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ხათუნა თოდაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ე.წ. ტრადიციული ნარკოტიკები შავ ბაზარზე თანდათან კუსტარულად დამზადებულმა ნარკოტიკებმა ჩაანაცვლა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებები არ იწარმოება, თუმცა მაინც ხდება ამფეტამინის ტიპის სტიმულატორების (ATS) დამზადება ადგილობრივი მოხმარებისთვის.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მოხმარების ზრდა მიანიშნებს სახელმწიფოს შედეგიან ბრძოლაზე უკანონო ნარკოტიკების ტრადიციულ სახეობათა წინააღმდეგ. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მთავრობამ ჯერჯერობით ვერ შეიმუშავა სრულყოფილი მექანიზმი კუსტარული წესით დამზადებული სტიმულატორების მიმართ. ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შორის სახელდება მთელი რიგი მედიკამენტების გაყიდვის აკრძალვა ექიმის რეცეპტის გარეშე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG