Accessibility links

logo-print
ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, ბოლო დროს შრომითი მიგრანტები საქართველოშიც გამოჩნდნენ. ჩინეთიდან, თურქეთიდან, ონდოეთიდან და სხვა მეზობელი თუ შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულმა მიგრანტებმა მოახერხეს თავის დამკვიდრება შრომის ადგილობრივ ბაზარზე, სადაც წარმატებით საქმიანობენ მშენებლობის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მომსახურების სფეროში, თუმცა, საქართველოს ეკონომიკისათვის ამგვარი პოზიტიური ტენდეციის მიუხედავად, შრომითი მიგრანტების მოძალებას თან ახლავს ქსენოფობიის ახალი ტალღის წარმოქმნის რისკიც. როგორ რეაგირებს ადგილობრივი საზოგადობა ამ ახალ გამოწვევაზე?

30 წლის ნიგერიელი ჯონსე საქართველოში ექვსი წლის წინ ჩამოვიდა. ერთი ხანობა მუშაობდა, თუმცა ამჟამად მხოლოდ თბილისელთა მოწყალების იმედზეა:

„თვითმფრინავით ვერ წავედით, ჩემი ბილეთით არ გამიშვეს... არ ვიცი, რატომ. პასპორტიც მაქვს... ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასს არ მაძლევდნენ...“

ამ ნიგერიელი ჭაბუკის მსგავსად, სამუშაო ადგილების შეზღუდული რაოდენობა და დაბალი ანაზღაურება ასევე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს სამუშაოს ყველა მაძიებელს, იქნება ის უცხოელი თუ ადგილობრივი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 16-17 პროცენტია, თუმცა, როგორც საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ამბობს, ამ მაჩვენებელში ლომის წილი თვითდასაქმებულებზე მოდის:

„მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებულები რომ ჩავთვალოთ დასაქმებულად, გამოვა, რომ უმუშევრობის დონე 60-65 პროცენტია.“
ჩვენ ვნახეთ, როგორ არიან დასაქმებულები ჩინელები, თურქები, არაბები, ინდოელები... მინდა გავშალოთ ეს თემა საქართველოს მასშტაბით ...

სპეციალისტების შეფასებით, სწორედ უმუშევრობის ამგვარი მაღალი მაჩვენებელია შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზი, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს შრომის ბაზარზე ბოლო დროს სულ უფრო მეტი უცხოელი იკიდებს ფეხს. მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის წარმომადგენლის მარკ ჰულსტის თქმით, საქართველოში დასაქმებული უცხოელი მოქალაქეები, დიპლომატებისა და ეგრეთ წოდებული ოფისების თანამშრომლების გამოკლებით, ორ პირობით კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ. პირველი ევროპაში მიმავალი, საქართველოში დროებით გაჩერებული სტიქიური მიგრანტებია; რაც შეეხება მეორე ჯგუფს, „ესენი არიან ჩინელები, თურქები... რომლებიც დიდ პროექტებზე არიან დასაქმებული - იქნება ეს გვირაბების, ჰესების მშენებლობა თუ სხვა რამ. ისინი ორგანიზებულად არიან ჩაომოსული კონკრეტული ვადით.“

მარკ ჰულსტი

მარკ ჰულსტი

მარკ ჰულსტის თქმით, სწორედ მშენებლობებსა და სხვა მსხვილ პროექტებში დასაქმებული უცხოელები მონაწილეობენ კონკურენციაში ადგილობრივ შრომით რესურსებთან, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთი ნაწილის არაჯანსაღ რეაქციას იწვევს. ალექსანდრე შალამბერიძე, ყოფილი დეპუტატი და „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ დამფუძნებელი, ამბობს:

„ჩვენ ვნახეთ, როგორ არიან დასაქმებულები ჩინელები, თურქები, არაბები, ინდოელები... მინდა გავშალოთ ეს თემა საქართველოს მასშტაბით. ამ ფოტოებზე არ არის ქუთაისის და რუსთავის კადრები. რუსთავში მუშაობენ ინდოელები, ხოლო ქუთაისში - არაბები.“

ალექსანდრე შალამბერიძესთან ერთად უცხოელი მუშახელის მოძალებას აპროტესტებს „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“, რომლის ხელმძღვანელი, თამარ იოვაშვილი, მხილების სახით ასახელებს თბილისში იუსტიციის სახლის მშენებლობაზე დასაქმებულ უცხოელებს:

„ჩვენთვის უცნობია რა პირობებით შემოიყვანეს ჩინელები, რატომ დაასაქმეს ჩინელი მუშები და რატომ ხდება ეს ყველაფერი საქართველოში, სადაც მოქალაქეების 67 პროცენტი უმუშევარია.“
ეს თემა მუდმივად მუსირებს, რომ ყველა შემოსული უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს და ჩამოსული არიან იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა წაგვართვან ...

თამარ იოვაშვილი საქართველოში შექმნილ ვითარებას ასე აღწერს: „სამუშაო ჩინელებს, უმუშევრობა - ქართველებს“. თუმცა მის ამგვარ ხედვაში ეკონომისტთა ნაწილი არამეცნიერული მიდგომისა და ქსენოფობიის ელემენტებს ხედავს. ამ მოსაზრებას იზიარებს ეკონომისტი ზურაბ ჯაფარიძეც, რომლის თქმითაც, კადრების ეთნიკური ნიშნით შერჩევა არალოგიკური და არაპრაქტიკულია:

„უცხოეთიდან ჩამოჰყავთ იმის გამო. რომ უფრო იაფი უჯდებათ მუშახელის ჩამოყვანა, ვიდრე აქ დაქირავება. არანაირ სამუშაოს წართმევაზე ლაპარაკი აქ არ შეიძლება იყოს. უბრალოდ, ეს მათთვის მომგებიანია. ეს კომპანიები იხდიან გადასახადებს ბიუჯეტში, ამ გადასახადებით ვაფინანსებთ ბევრ სახელმწიფო ხარჯს და, მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას. ესაა ერთადერთი ეკონომიკური ლოგიკა. საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას სამუშაო ადგილს ართმევენ, არის ძალიან მოძველებული და დაახლოებით მე-19 საუკუნის მიდგომა.“

ზურაბ ჯაფარიძე ამგვარი მიდგომის მანკიერ მხარედ ქსენოფობიის გაღვივებასაც მიიჩნევს. ამ მხრივ კი, როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, სცოდავენ არამარტო პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები:

გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში

„ეს თემა მუდმივად მუსირებს, რომ ყველა შემოსული უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს და ჩამოსული არიან იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა წაგვართვან. ძალიან ხშირად არის უმეცარი, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებები უცხოელების მიმართ, რასაც მედიაც უწყობს ხელს.“

მსგავსი პათოსით კეთდება სატელევიზიო სიუჟეტები და საგაზეთო სტატიები, რომელთა რაოდენობა, პოლიტიკის ექსპერტა ვარაუდით, ერთიორად მოიმატებს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ამასთან, ქსენოფობიის გაღვივებას ხელს შეუწყობს როგორც ხელისუფლების ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო დაპირება ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, ასევე ოპოზიციის ნაწილის მცდელობა საქართველოს მტრად გამოაცხადოს უცხოურ ინვესტიციებს მოყოლილი სამუშაო ძალა და ამით მოქმედი ხელისუფლება ანტიეროვნულობაში ამხილოს, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, ჯერჯერობით შრომითი მიგრანტების მიმართ ვერბალური აგრესია ფიზიკურ ძალადობაში ერთხელაც კი არ გადაზრდილა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG