Accessibility links

ანალიტიკოსები არაერთგვაროვნად აფასებენ ხამანეის მიერ ობამას შექებას


ირანში 8 მარტს გამართული ანალიტიკოსების შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ოქმის თანახმად, რომელიც ხამენეის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ირანის უზენაესი ლიდერი ამბობს: „როგორც ორი დღის წინ გავიგეთ, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანთან ომის შესახებ არ ფიქრობენ. მშვენიერია, ეს ძალიან კარგია. ეს ბრძნული სიტყვებია. ილუზიიდან გამოსვლას მოასწავებს.“
ირანის უზენაესი ლიდერის ეს შეფასება, რომლითაც ის გამოეხმაურა ობამას გაფრთხილებას ირანთან ომის შესახებ არასერიოზული განცხადებების გაკეთების თაობაზე, მკვეთრ კონტრასტში მოდის აშშ-ის შესახებ მის ჩვეულ რიტორიკასთან. როგორც წესი, თავის გამოსვლებში ხამენეი სწორედ აშშ-ს ადანაშაულებს ხოლმე მსოფლიოს ბევრ პრობლემაში.

ამასთან, 8 მარტის შეხვედრაზე ხამენეიმ თქვა, რომ შედეგს ვერ გამოიღებს სანქციები, რომლებიც ირანს აშშ-მა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა დაუწესეს მისი იძულების მიზნით, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა.

„[ობამას] ნათქვამი აქვს, რომ ეს სანქციები ირანელ ხალხს დააჩოქებს. ეს ილუზიაა“, - ამბობს ხამენეი და იქვე დასძენს, რომ ამ ილუზიის არსებობა, საბოლოო ანგარიშით, თავად აშშ-ს მოუტანს ზიანს.

იმ კონტექსტის გამო, რომელშიც გაკეთდა ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებები, ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს, შესაძლოა, ხამენეის მხრიდან ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევის მზაობას მოასწავებდეს. სხვები კი აცხადებენ, რომ ირანის უკომპრომისო პოზიციაში ამით არაფერი შეცვლილა.

თუმცა გარკვეული მოძრაობა ნამდვილად შეინიშნება. ირანი ეს-ეს არის დათანხმდა მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვას გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიასთან და განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან „ახალი ინიციატივებით“ მივა.
ხამენეის ინტონაცია უჩვეულო იყო, მაგრამ მისი განცხადებების დიპლომატიისთვის ჩვეული ენის კონტექსტში ინტერპრეტაციისას მაინც სიფრთხილე გვმართებს ...

გასულ კვირაში ირანის უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ აუქმებს სასიკვდილო განაჩენს, რომელიც ყოფილ მეზღვაურს ჯაშუშობაში ბრალდების გამო გამოუტანეს, და ხელახალი პროცესის გამართვა მოითხოვა.

ხამენეი აცხადებდა, რომ ირანში 2 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნები ირანის მტრებისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იქნებოდა. მან ეს 8 მარტის შეხვედრაზეც განაცხადა - თქვა, აშშ ირანელი ხალხის გახლეჩას შეეცადა, მაგრამ არჩევნებზე ამომრჩეველთა 65 პროცენტიანმა აქტივობამ დაამტკიცა, რომ ხალხი ლიდერებს ენდობაო.

ირანის საკითხების ექსპერტი მეჰრზად ბოროუერდი თვლის, რომ ამომრჩევლის აქტივობამ და ხამენეის კანდიდატების კარგმა მაჩვენებლებმა ირანის უზენაეს ლიდერს მართლაც შეჰმატა თავდაჯერებულობა: „კენჭისყრის შემდეგ ხამენეის ბანაკი კიდევ უფრო გაძლიერდა იმ პოკერის თამაშშიც, რომელიც ირანს, აშშ-სა და ისრაელს შორის მიმდინარეობს. ხამენეი ობამას განცხადებებს გამოეხმაურა და ამით მიანიშნა, რომ ურჩევნია მოლაპარაკებები განახლდეს. ამდენად, ეს იქნებ ერთგვარი შესაძლებლობაც იყოს.“

აშშ-ში მცხოვრები სოციოლოგი ჰოსეინ ღაზიანი კი აცხადებს, რომ ერთი შეხედვით პოზიტიური ტონის მიუხედავად, ხამენეი ამბობს, რომ ირანი თავისი პოზიციიდან უკან დახევას არ აპირებს. სოციოლოგის აზრით, სულიერი ლიდერის სიტყვები ზუსტად ემთხვევა რეჟიმის სტანდარტულ რიტორიკას თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ: „ხამენეის ინტონაცია უჩვეულო იყო, მაგრამ მისი განცხადებების დიპლომატიისთვის ჩვეული ენის კონტექსტში ინტერპრეტაციისას მაინც სიფრთხილე გვმართებს. ხამენეი ამ ენაზე არ ლაპარაკობს.“

ირანის ხელისუფლებას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ თეირანი არ დათმობს თავის უფლებას ურანი მშვიდობიანი მიზნებისთვის გაამდიდროს. ისრაელის განცხადებებს შესაძლო სამხედრო დარტყმის შესახებ ის საპასუხო მუქარას ახვედრებს.

ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის მოადგილემ მუჰამედ ჰეჯაზიმ ახლახან განაცხადა, რომ ირანი მართალი იქნება, თუ იგრძნო, რომ მასზე თავდასხმა გარდაუვალია და ამის გამო პრევენციულ დარტყმას განახორციელებს.
XS
SM
MD
LG