Accessibility links

logo-print

ვაზიანის ბაზაზე იმართება ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები


თბილისთან მდებარე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმართება ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები: შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცების ორკვირიანი ერთობლივი სამხედრო სწავლება სახელწოდებით „Agile Spirit 2012“. ის 10-24 მარტს ტარდება. საქმე ეხება წლიურ სამხედრო მოაზდებას, რომელიც მეორედ იმართება და არის ერთ-ერთი კომპონენტი აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაში, რომელიც ასევე მოიცავს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში, ქართველი ჯარისკაცები ემზადებიან ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „ერთობლივი წვრთნის მიზანია, გააღრმავოს თავსებადობა ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების ერთმანეთისათვის გაზიარებაში ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას. წვრთნა აგრეთვე ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას“.
XS
SM
MD
LG