Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააპატიმრეს პუტინის ოპონენტთა დემონსტრაციის ათამდე მონაწილე


დღეს ათამდე დემონსტრანტი დააკავეს მოსკოვის ცენტრში გამართულ აქციაზე, რომლის მონაწილეებმაც პროტესტი გამოთქვეს 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის გამარჯვების გამო. დაკავებულებს შორის არის მოძრაობა "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი სერგეი უდალცოვი. ის რამდენიმე პირთან ერთად ცდილობდა არასანქცირებული სვლის ორგანიზებას, რისთვისაც მთავარი, სანქცირებული დემონსტრაციის მონაწილეებს მოუწოდებდა, მიეტოვებინათ აქცია და შეერთებოდნენ სვლას პუშკინის მოედნისაკენ. დღესვე მოსკოვის პოლიციამ დააკავა 25-მდე ულტრანაციონალისტი უსანქციო მიტინგის გამართვის მცდელობისას. რაც შეეხება მოსკოვში გამართულ მთავარ დემონსტრაციას, ათასობით ადამიანი შეიკრიბა თეთრი ბუშტებითა და ბანერებით, საპრეზიდენტო, ისევე როგორც მანამდე, დეკემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე ყურადღების გასამახვილებლად. დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილის, ალექსეი ნესეტერნკოს განცხადებით: „პუტინმა დაარღვია კონსტიტუცია, მესამე ვადაზე წავიდა. ჩვენი ქვეყანა კი ისეთია, რომ ვერც უზენაესი საბჭო და ვერც საკონსტიტუციო სასამართლო ეუბნება, რომ არა აქვს მესამე ვადაზე წასვლის უფლება. ამიტომაა არეულობა საზოგადოებაში“. მოსკოვში დემონსტრაციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს არჩევნების განმეორებით ჩატარება და პუტინის გადადგომა. ოფიციალური მონაცემებით, აქციაზე მისული იყო 10 000-მდე ადამიანი. ხოლო ორგანიზატორების მონაცემებით, დემონსტრანტების რიცხვი 30 000 აღწევდა.
XS
SM
MD
LG