Accessibility links

logo-print

ჯარისკაცები და მათი ჭირისუფლები


ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული ექვსი სამხედრო მოსამსახურე

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული ექვსი სამხედრო მოსამსახურე

7 მარტიდან მოყოლებული, მთელი ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა იორკშირის სამხედრო პოლკის მესამე ბატალიონი, რომელმაც წინა დღით ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში - სწორედ იმ ყველაზე საშიშ რაიონში, სადაც 21 თებერვალს 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ბრიტანული სამხედრო ტრადიციის თანახმად, დაღუპული ჯარისკაცების პირველი ჭირისუფალი სწორედ მისი მშობლიური სამხედრო ნაწილია. შესაბამისად, ბრიტანეთისათვის ყველაზე „სამწუხარო კვირაში“ სწორედ იორკშირის სამხედრო პოლკის მესამე ბატალიონის მეთაურმა პოლკოვნიკმა ზაკ სტენინგმა აცნობა მთელ ბრიტანეთს 8 მარტს, რომ დაღუპულები არიან კაპრალები ჯეიკ ჰარტლი, ანტონი ფრემპტონი, კრისტოფერ კერშოუ, დენიელ ვეიდი, დენიელ ვილფორდი და სერჟანტი ნაიჯელ კიპი, რომლებიც ავღანეთში ერთი თვის ჩასულებიც კი არ იყვნენ:

„ჩვენი დანაკარგი დღეს უდიდესია, მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ დიდ დანაკარგს, რაც მათმა მშობლებმა და მეგობრებმა განიცადეს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა დღეს მათ ოჯახებს დასტრიალებს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ კეთილისმსურველს, ვინც ამ უმძიმეს დღეს თავისი მხარდაჭერა გამოხატა.“

ორგანიზაცია „353...“

მანამდე კი, 6 მარტიდან მოყოლებული, ორი დღის განმავლობაში ბრიტანეთის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები გადასცემდნენ ცნობებს ექვსი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. საზოგადოება განსაკუთრებით შეძრა იმის გაგებამ, რომ ეს არის ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტის ყველაზე დიდი დანაკარგი ავღანეთში ბოლო 6 წლის განმავლობაში.

2006 წლის სექტემბერში ავღანეთში ჩამოვარდა „ნიმროდის“ ტიპის სამეფო საავიაციო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი, რომლის დროსაც ერთბაშად 14 ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა.

ამ კვირაში ჩვენი ექვსი ძმა დაეცა. ეს არის სამწუხარო დღე, მაგრამ, როგორც მათი თანამებრძოლები, ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ვალდებულებისა, განვაგრძოთ ჩვენი მისია ...
7 მარტს პირდაპირ ეთერში „ბი-ბი-სის“ სამხედრო რეპორტიორმა ჯონათან ბილმა დასვა შეკითხვა, თუ რატომ იბრძვიან და იღუპებიან ბრიტანელი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში და, კიდევ, როდემდე უნდა დარჩნენ ისინი ავღანეთში.

კრიტიკა ხვდა წილად ბრიტანეთის სამხედრო უწყებას, რომელმაც ორი დღე მოანდომა დაღუპული ჯარისკაცების ვინაობის დადგენას. აი, როგორ ხსნის „ბი-ბი-სის“ სტაჟიანი კორესპონდენტი იმას, თუ რატომ დასჭირდა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ორი დღე, რომ დაედგინა და საზოგადოებისათვის გაემხილა 6 მარტს დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა:

„ამის მიზეზი ისაა, რომ ყოველთვის პირველად ინფორმირებული უნდა იყვნენ ის ოჯახები, რომელთა ახლობლებიც არიან დაღუპულები. მათ კი ინფორმაცია წინა ღამით უნდა მიეღოთ. ჩვენ არ გაგვიმხელენ ამ ჯარისკაცების ვინაობას, ვიდრე მათ გვამებს არ იპოვიან და არ იქნება გამოძიებული ზუსტად, თუ რა მოხდა. შესაძლოა ამას დასჭირდეს კიდევ 24 საათი. ოჯახის წევრებთან უნდა მივიდეს სამხედრო ნაწილის ოფიცერი, რომელიც დეტალურად შეატყობინებს მათ მომხდარი ტრაგედიის შესახებ. შემდეგ კი რამდენიმე დღე დასჭირდება ცხედრების გადასვენებას და დაკრძალვას. ეს ძალიან მძიმე დღეა ამ ოჯახებისათვის.“

ამ ტრაგედიას ზოგჯერ ისიც ემატება, რომ ჭირისუფალი კვირების განმავლობაში ვერ ღებულობს უფლებას დაკრძალოს ჯარისკაცის ცხედარი. ასე მაგალითად, ბრიტანული კონტინგენტის რიგითი კონრად ლევისი 2011 წლის 9 თებერვალს დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში, მაგრამ, როგორც მისი დედა სანდრა ლევისი იხსენებს, შვილის ცხედრის დაკრძალვა ოჯახმა მხოლოდ 3 კვირის შემდეგ შეძლო.

სამწუხაროდ, წესი წესია და ომში დაღუპული ჯარისკაცისათვის დაწესებული ფულადი კომპენსაციის მისაღებად საჭიროა სიკვდილის გარემოების დადგენა, გვამის გაკვეთა, იდენტიფიკაცია და გადასვენება, რასაც ბრიტანეთში ლამის ერთი თვე სჭირდება.

ზემოხსენებული ლევისების ოჯახმა შვილის ცხედრის დაკრძალვის უფლება სამი კვირის თავზე მოიპოვა. მალევე დაღუპული ჯარისკაცის მამამ ტონი ლევისმა დააარსა არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, სახელად „353...“. როგორც თვითონ ამბობს, მისი შვილი 353-ე ბრიტანელი ჯარისკაცი იყო, ვინც ავღანეთში დაიღუპა, მრავალწერტილი კი იმის მანიშნებელია, რომ მისი შვილი კონრადი არ იქნებოდა ბოლო დაღუპული ჯარისკაცი, რაც 6 მარტს, სამწუხაროდ, გამართლდა.

ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად ორგანიზაცია „353...“ სხვადასხვა აქციებს მართავს და რამდენიმე თვეში 70 ათას ფუნტ სტერლინგსაც მოუყარა თავი.

ხსოვნის გვერდი

თუმცა, როგორ ტონი ლევისი ამბობს, დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის საუკეთესო პატივისცემა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მემკვიდრეობას დატოვებს ბრიტანეთი ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაყვანის შემდეგ.
„ტრაგედია იქნება ავღანეთის დატოვება მანამდე, სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი“, - ამბობს ტონი ლევისი, ავღანეთში დაღუპული ერთ-ერთი ბრიტანელი ჯარისკაცის, რიგით კონრად ლევისის მამა.

იგივე გაიმეორა 8 მარტს იორკშირის სამხედრო პოლკის მესამე ბატალიონის მეთაურმა პოლკოვნიკმა ზაკ სტენინგმა, რომელმაც ჰელმანდიდან ასეთი სამძიმრის სიტყვა უთხრა თავისი ექვსი თანამებრძოლის ოჯახის წევრებს:

„ამ კვირაში ჩვენი ექვსი ძმა დაეცა. ეს არის სამწუხარო დღე, მაგრამ, როგორც მათი თანამებრძოლები, ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ვალდებულებისა, განვაგრძოთ ჩვენი მისია. ეს არის ის, რასაც ისინი ჩვენგან ითხოვენ.“

ეს კი რთული მისიაა. ავღანეთში, 2001 წლიდან მოყოლებული, ბრიტანულმა ქვედანაყოფმა 404 ჯარისკაცი დაკარგა, დაახლოებით სამი ამდენი კი დაიჭრა და მწყობრიდან გამოვიდა. ყველა ინფორმაცია დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების შესახებ, გარკვეული პროცედურების შემდეგ, ხელმისაწვდომი ხდება ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისათვის. გარდა ამისა, წამყვან საინფორმაციო საშუალებებს შექმნილი აქვთ ხსოვნის გვერდი, რომელზეც გამოქვეყნებულია სამხედრო უწყების მიერ ოფიციალური არხებით მიღებული თითოეული დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცის ფოტო, ბიოგრაფია და მათი დაღუპვის ზედმიწევნით ზუსტი გარემოება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG