Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 მარტის და აფხაზეთში არჩვენების კვირა


გასული კვირის დასაწყისში, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა გამარჯვება აღნიშნა, საქართველოში აქტუალური იყო კითხვა - რას შეცვლის პუტინის გაპრეზიდენტება ჩვენი ქვეყნისთვის. ანალიტიკოსთა ნაწილი იმედოვნებს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გაპრეზიდენტებულ ვლადიმირ პუტინს სამოქმედო სტრატეგიის შეცვლა და შერბილება მოუწევს, თუმცა ამ აზრს საქართველოსთან მიმართებით ნაკლებად იზიარებენ ქართველი ექსპერტები. საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძე დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ კვლავაც შენარჩუნდება ვლადიმირ პუტინის ”მტრული პოლიტიკა” საქართველოს მიმართ და როგორც არ უნდა შეცვალოს ის შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ვერასოდეს შეეგუება საქართველოს მტკიცე სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ:

”ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გაატარებს დასავლურ კურსს და შეეცდება ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, იქნება პუტინის საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგე. აქედან გამომდინარე, ურთიერთობის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ.”

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი
აქვე ვთქვთ, რომ 7 მარტს რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობდა, რომ არაფერი აქვს სალაპარაკო საქართველოს პრეზიდენტთან, რომელმაც მას თავის დროზე ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ჩაუშალა. პუტინმა გაიხსენა 2004 წელს საქართველოდან რუსული სამხერდო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ აჭარაში ანტირერორისტული ბაზის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან საუბრის ამბავი, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ამბობს, ბაზების გაყვანის საკითხი ისედაც გადაწყვეტილი იყო და საქართველოს ეს საკითხი სხვა რაიმე სახის ვალდებულებას არ აკისრებდა:

”რუსეთის ამოცანა, როგორც ეს ნათლად გამოჩნდა, იყო ის, რომ სამხედრო ბაზები უბრალოდ ჩაენაცვლებინა ანტიტერორისტული ცენტრით. აქ მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ საუბარი იყო პრაქტიკულად იმაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცემოდათ საქართველოში. ბუნებრივია, ამაზე არც ერთი სახელმწიფო არ დათანხმდება. სულ სხვა არის ტერორიზმთან ბრძოლა და სულ სხვა არის ასეთი სტრუქტურების შექმნა, რომლებსაც რუსეთი მერე გამოიყენებს საკუთარ, ფაქტობრივად, ოფიციალურ რეზიდენტურად.”

გასული კვირაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გარდაცვლილ სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მომხდარიდან 5 დღის დაგვიანებით გაკეთებულ კომენტარში ვანო მერაბიშვილმა ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა და წინასწარი მოკვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებული ქიმერიძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 45 წლის სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში 27 თებერვალს გარდაიცვალა. პოლიციის განმარტებით, ბრალდებული დაკითხვის შემდეგ მესამე სართულიდან მეორეზე ჩაყვანისას კიბიდან გადავარდა. შს მინისტრი, მსგავსი ფაქტების გამორიცხვის მიზნით, სპეციალური ბრძანებულების გამოცემასა და პოლიციის შენობაში მისული მოქალაქეების გადაადგილებისა და უსაფრთხოების მკაცრად რეგლამენტირებას აპირებს. რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებლობა პოლიციის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელს დაეკისრება:

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი
”იმისთვის, რომ ამ ბრძანებულების აღსრულებაზე მონიტორინგი განვახორციელოთ, ყველგან დავაყენებთ ვიდეოკამერებს, რომლებზე კონტროლიც ჩვენს გენერალურ ინსპექციას დაევალება."

გასულ კვირას საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით მიმდინარე კამპანიის ”ეს შენ გეხებას” ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას იმ ძირითად მოთხოვნებს შეახსენებდნენ, რომელთა შესრულებაც საარჩევნო გარემოს თვისებრივად გააუმჯობესებს.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, პარტიებისათვის თანაბარი საარჩევნო პირობებისა და მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემდეგი წინადადებების გათვალისწინება:

„გაუქმდეს ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მთელი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში დაეკისროს პარტიას ან იურიდიულ პირს.

დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომლებიც შესაძლებელია დაექვემდებარონ პარტიისათვის დადგენილ შეზღუდვებს, შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც განცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისთვის გასწევენ ხარჯებს.

განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ მიეცეს თავისუფალი მანიპულირების საშუალება.“

გასულ კვირას ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, თბილისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა - ქალების ყვავილებით დასაჩუქრებისა და მილოცვის გარდა, იყო ახალი პროექტების პრეზენტაციაც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Woman) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სახელით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლა. პროექტის სახელწოდება გახლდათ ”გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში”, გაეროს ახალი პროექტის მიზანი კი გახლავთ ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და გენდერული თანასწორობის პრინციპის დანერგვას ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა დონეზე. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უმთავრესად, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ამაღლებაა.

”პოლიტიკური კულტურაა ასეთი, რომ მამაკაცი კანდიდატი უფრო მეტადაა წარმოდგენილი როგორც პოლიტიკური ლიდერი და მეტადაა მოწონებული და მას უფრო მეტად ირჩევენ. რაც შეეხება სხვა ბარიერებს, ეს არის შიდაპარტიული შეხედულებები და კულტურა და, ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მათ შორის - ქალებისაც და მამაკაცებისაც, ანუ ხედავს თუ არა ჩვენი საზოგადოება ქალებში პოლიტიკოსებს, ლიდერებს... და ეს ყველაფერი შემდეგ აისახება თვითონ საარჩევნო პროცესზე და იმ შედეგზეც, რაც გვაქვს”, - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამარ საბედაშვილი.

ნიკა რურუა
ნიკა რურუა
გასულ კვირაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის გაერთიანების შესახებ. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იგეგმება სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლებისათვის მხოლოდ სტატუსის შეცვლა და მათი ტრანსფორმირება საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, თუმცა სახელოვნებო სფეროში ამ თემამ მაინც გამოიწვია შიშნარევი ეჭვი.

კინორეჟისორი ლევან კიტია სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების გააზრებული, არამექანიკური შერწყმის წინააღმდეგი არაა. მას არც სასწავლებლების ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია მიაჩნია უარყოფით მოვლენად.

„მთელ ამ საუბრებს, პანიკას საკითხის ბუნდოვანება, ფარულობა იწვევს... ეს აღიზიანებთ, ფაქტის წინაშე დაყენება... აშკარაა, რომ პროცესს აკლია ღიაობა, თორემ ბალასტი აქაცაა დაგროვილი და საჭიროა მისგან გათავისუფლება. მე დაველოდებოდი ბუნებრივ, უმტკივნეულო გათავისუფლებას, მაგრამ შესაძლოა სხვა ასე არ ფიქრობდეს. ცხადია, ბალასტში კონკრეტულ პიროვნებებს არ ვგულისხმობ. მხედველობაში მაქვს საგნები, სახელმძღვანელოები, მეთოდიკა და ასე შემდეგ“, -უთხრა ლევან კიტიამ რადიო თავისუფლებას.

შაბათს კი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, 35-მანდატიან პარლამენტში მოხვედრას 148 კანდიდატი ცდილობდა. დე ფაქტო პარლამენტი 5 წლით ირჩევა. ქართული მხარე დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG