Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი აფხაზეთის არჩევნებს გამოეხმაურა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 10 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისი შეფასებით, ”რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მარიონეტული რეჟიმის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული უკანონო საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნოწმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას.” სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთის და მისი მარიონეტული რეჟიმების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ძირეულად შეცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გამოდევნილ ადამიანებს წაერთვა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები კი ყოველდღიურად ირღვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ საპალამენტო არჩევნებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფად აფასებს და მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის მიერ დადგმული „ფარსი“ და განაგრძოს მოსკოვზე ზეწოლა, რათა მან საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს.
XS
SM
MD
LG