Accessibility links

"ქართული ოცნება" მისი აქტივისტების ტერორიზებაში ადანაშაულებს ხელისუფლებას


დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენელმა რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ 11 მარტს, მთელი დღის განმავლობაში ”ქართული ოცნების” აქტივისტებთან რეგიონებში მიდიოდნენ ადამიანები, რომლებიც თავს კონტროლის პალატის წარმომადგენლებად აცნობდნენ და დაკითხვაზე იბარებდნენ. ”საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს "ქართულ ოცნებასთან" არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვთ და მოძრაობის გაზეთებს არიგებდნენ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ" - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისი განმარტებით, ”ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვაზე დაბარება ფინანსური მაქინაციების მუხლით ხდება. ხიდაშელის შეფასებით, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური და მისი ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან, ამიტომ კოალიცია პროკურატურას მოკვლევის დასაწყებად მიმართავს. დღესვე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" კოალიციის ერთ-ერთ სუბიექტს შემოწირულობას გადაურიცხავს და კონტროლის პალატაში დაბარებას დაელოდება. შემოწირულობის გადარიცხვას აპირებს კოალიციის კიდევ ერთი წევრი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელიც პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობის გადამცემი ფიზიკური პირების ინტენსიურად დაკითხვას აპროტესტებს. თინა ხიდაშელთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ ითხოვს შეხვედრას ლევან ბეჟაშვილთან, რომელმაც ”კონტროლის პალატა თვალთმაქცური საქმიანობის ორგანოდ და შსს-ს დანამატად გადააქცია.”
XS
SM
MD
LG