Accessibility links

დავით ბაქრაძე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს დასვამს ისრაელში ვიზიტისას


იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს ისრაელში ვიზიტისას დასვამს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. ქნესეთის სპიკერის რეუვლენ რივლინის მიწვევით დავით ბაქრაძე ისრაელში ოფიციალური ვიზიტით დღეს გაემგზავრა და როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხებს განიხილავს. პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კონკრეტული საკითხები მითითებული არ არის, თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კალანდაძემ განაცხადა, ბაქრაძე მის კოლეგასთან შეხვედრისას ოფიციალურად დასვამს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს. რაც შეეხება ამ თემაზე ზოგადად მოლაპარაკების პროცესს, ნინო კალანდაძის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა უწყებათშორის დონეზე და მასში ჩართულია ყველა კომპეტენტური ორგანო. დღემდე ისრაელის მთავრობამ და იერუსალიმის საპატრიარქომ რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ჯვრის მონასტრის შესაძლო დაბრუნების გამო დაწყებული პროცესის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ფლობენ.
XS
SM
MD
LG