Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: ჯვრის მონასტრისა და ევროპის ჩემპიონატის თემებით ხელისუფლება ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს


იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შესაძლო დაბრუნებისა და 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესაძლო ჩატარების თემებით საქართველოს ხელისუფლება ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯვრის მონასტერს იჯარით ფლობს საბერძნეთი და, შესაბამისად, საკითხი არა ისრაელთან, არამედ საბერძნეთთანაა გასარკვევი. ”ქართული ოცნება” პროპაგანდად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის აზერბაიჯანთან ერთად ჩატარების გეგმის შესახებაც. მაია ფანჯიკიძის თქმით, როგორც გაირკვა, მსგავსი გეგმის არსებობას აზერბაიჯანის მხარე უარყოფს. საქართველოს და აზერბაიჯანის განზრახვაზე, ერთად ჩაატარონ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, 7 მარტს, ბაქოში ვიზიტისას ისაუბრა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, აზერბაიჯანმა, რომელსაც განაცხადი აქვს წარდგენილი 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე, განმარტა, რომ სწორედ ოლიმპიადაზეა ფოკუსირებული. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ქენულ ნურულაევამ ინტერნეტგამოცემა azerisport-ს 9 მარტს უთხრა, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ სურვილს გამოხატავდა და ოფიციალურ, სახელმწიფო დონეზე აზერბაიჯანში ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.
XS
SM
MD
LG