Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი შენგენის ზონის დატოვებით იმუქრება


კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, ვიდრე ევროპის კავშირი წარმატებას არ მიაღწევს არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, სარკოზიმ განაცხადა, რომ ევროპამ აშშ-ს უნდა მიბაძოს და უპირატესობა მხოლოდ ევროპის ქვეყნების პროდუქციას მიანიჭოს.

სარკოზიმ, რომელსაც მეორე ვადით არჩევისათვის საპრეზიდენტო კამპანია აქვს გაჩაღებული, კვირას თავის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, უკონტროლო იმიგრაცია ძირს გამოუთხრის ევროპის ძალისხმევას, ახალი ემიგრანტების ინტეგრაციისა და მათი სოციალური უსაფრთხოებისკენ მიმართულსო.

„საფრანგეთი ვერ დაუშვებს, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპის საგარეო საზღვრების არსებული ნაკლოვანებების ობიექტი“, - განაცხადა კვირას სარკოზიმ და დასძინა, „ევროპა მხოლოდ ამჟამინდელი საკანონმდებლო ბაზის რეფორმირების შემთხვევაში“ შეძლებს ‘შიდა აფეთქების“ თავიდან აცილებასო.

სწორია. იგი, უბრალოდ, სიმართლეს ამბობს - იმას ამბობს, რაც არის. მაგრამ ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია ხალხს რაიმე დაპირება მივცეთ, ამიტომ ის მხოლოდ მათ კონსოლიდაციას ცდილობს ...
ბერნარ სკრეფერი
არალეგალური ემიგრაცია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემაა. რამდენიმე დღის წინ სარკოზიმ ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ საფრანგეთს ძალიან ბევრი უცხოელი ჰყავს. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის აზრით, ევროკავშირმა უნდა წამოიწყოს კამპანია იმის მისაღწევად,რომ ევროპის ბაზარზე იყიდებოდეს ევროპაში ნაწარმოები პროდუქცია. „რატომ უნდა შეიზღუდოს ევროპამ თავი იმისგან, რის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევს მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ბაზრის მქონე აშშ?“, რიტორიკულად იკითხა სარკოზიმ, რომელმაც კვირას განაცხადა, აშშ-ის „ვაჭრობის ამერიკული კანონის“ ანალოგიით, საფრანგეთიც შეიმუშავებს „ვაჭრობის ევროპულ კანონსო.“

სარკოზის მომხრე ბერნარ სკრეფერი სრულიად ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის იდეას:

პერსონალურად უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მხარი დაუჭირონ პრეზიდენტს, რომელიც ნამდვილად სჭირდება საფრანგეთს ...
ვინსენტ პოლ-პეტიტი
„სწორია. იგი, უბრალოდ, სიმართლეს ამბობს - იმას ამბობს, რაც არის. მაგრამ ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია ხალხს რაიმე დაპირება მივცეთ, ამიტომ ის მხოლოდ მათ კონსოლიდაციას ცდილობს. ვფიქრობ, რომ მისი მიდგომა ევროპისადმი ძალიან კარგია, რადგან ევროპა ჩვენი მეორე, დიდი სამშობლოა, საკუთარი სამშობლოს შემდეგ.“

საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის კიდევ ერთი მხარდამჭერი კი, ვინსენტ პოლ-პეტიტი, მიიჩნევს, რომ სარკოზი სწორედ ის პრეზიდენტია, რომელიც „საფრანგეთს სჭირდება.“

„ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ გვჯერა, სარკოზის აქვს შანსი და საფრანგეთის ხალხი გააცნობიერებს, თუ რა მნიშვნელოვანია გყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ძალუძს საფრანგეთს მომდევნო წლებში გაუძღვეს. ამ მომენტში, დიახ, ეს არის რთული ამოცანა და ჩვენ კარდაკარ სიარულით, პერსონალურად უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მხარი დაუჭირონ პრეზიდენტს, რომელიც ნამდვილად სჭირდება საფრანგეთს.“

სარკოზი, რომელიც მეორე ვადით აპირებს საფრანგეთის პრეზიდენტობას, საკმაოდ მძიმე ამოცანის წინაშეა. სოციოლოგიური გამოკითხვა ცხადყოფს, რომ სარკოზისა და მის მთავარ მეტოქეს, სოციალისტების ლიდერს ფრანსუა ოლანდს, თითქმის თანაბარი მხარდამჭერები ჰყავთ. ეს კი დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვინაობის გარკვევას მეორე ტური დასჭირდება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კი საფრანგეთში 22 აპრილს გაიმართება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG