Accessibility links

logo-print

ძალადობა და პროტესტი ავღანეთში


ავღანეთი, 13 მარტი: დემონსტრაცია ჯალალაბადში

ავღანეთი, 13 მარტი: დემონსტრაცია ჯალალაბადში

ავღანეთის მთავრობის დელეგაცია, რომლის წევრებს შორისაც იყო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ორი ძმა, სამშაბათს ყანდაარის პროვინციის სოფელ ბალანდიში იმყოფებოდა - ერთ-ერთში ორი სოფლიდან, სადაც ამერიკელმა ჯარისკაცმა კვირას 16 სამოქალაქო პირი დახოცა.

დელეგაცია ადგილობრივ მეჩეთში იყო მისული, როცა სროლა დაიწყო. ოფიციალური პირების ცნობით, სავარაუდო ექსტრემისტების მიერ მოწყობილი თავდასხმისას, დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. დაჭრილებს შორის არის სამხედრო პროკურორიც. ოფიციალური დელეგაციის დანარჩენი წევრები, მათ შორის კარზაის ძმები არ დაშავებულან. ისინი უკვე დაბრუნდნენ დედაქალაქ ქაბულში.

აშშ-ის არმიის შტაბის სერჟანტი, 38 წლის მამაკაცი, რომლის სავარაუდო ქმედებასაც მოჰყვა დღევანდელი ინციდენტი, ამერიკელებს ჰყავთ დაკავებული. ეჭვმიტანილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ის სნაიპერად იყო გაწვრთნილი და ბოლოხანს თავის არეში დაიჭრა ერაყში სამხედრო მისიის შესრულებისას.

ინციდენტი, რომელმაც 16 ადამიანი შეიწირა, მათ შორის პრეზიდენტ კარზაის განცხადებით, 9 ბავშვი, დიდ აღშფოთებას იწვევს ავღანელებში. თუმცა, რეაქცია (ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით) ნაკლებად მწვავეა, ვიდრე გამოხმაურება რელიგიური ტექსტების, მათ შორის ყურანების დაწვაზე - ინციდენტზე, რომელიც თებერვალში მოხდა ნატოს ბაგრამის სამხედრო ბაზაზე.

სამშაბათს დემონსტრაცია გამართეს ქალაქ ჯალალაბადის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. აქციაზე პროტესტი გამოთქვეს უდანაშაულო ავღანელების დახოცვის გამო: „სიკვდილი ამერიკას“ ისმოდა დემონსტრაციაზე, რომელის მონაწილეებმაც მოითხოვეს ამერიკელი ჯარისკაცის საჯაროდ გასამართლება და დაწვეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსახულება.
უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ავღანელებმა შეძლონ თავიანი საზღვრების დაცვა და არ დაუშვან ალ-ყაიდის დაბრუნება ...

აქციის მონაწილე დადულა ხანი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცების ყოფნა: „არ გვინდა არანაირი სტრატეგიული პარტნიორობა უცხოეთის ჯარებთან. ავღანელები დამოუკიდებელი ხალხი ვართ: ჩვენ გვინდა დამოუკიდებლად ცხოვრება და არ გვინდა, ვიყოთ რომელიმე ქვეყნის კოლონია. ამიტომ კიდევ ერთხელ, უმკაცრესად ვგმობთ ყანდაარის ინციდენტს და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაასამართლონ დამნაშავე!“

გასამართლების საკითხს რაც შეეხება, თალიბანის წარმომადგენელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოთხოვნილია ამერიკელი ჯარისკაცის, როგორც სამხედრო დამნაშავის გასამართლება და მისი დასჯა დაღუპულთა ახლობლების მიერ...

„უაღრესად სამწუხარო და ტრაგიკული“ - ასე მოიხსენია ყანდაარში მომხდარი ინციდენტი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორშაბათს, შეერთებული შტატების ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში. მან მიუსამძირა დაღუპულთა ოჯახებს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ გაუმართლებელი იქნებოდა ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის გაყვანის დაჩქარება: „ჩვენ არ გვინდა ისე მოხდეს, რომ უბრალოდ, დავაჩქაროთ ჯარების გაყვანის პროცესი. ჩვენ გვყავს ასობით მრჩეველი სამოქალაქო პირთა საკითხებშიც და დიდი მოცულობით აღჭურვილობა, რომელიც ქვეყნიდან უნდა გავიტანოთ. უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ავღანელებმა შეძლონ თავიანი საზღვრების დაცვა და არ დაუშვან ალ-ყაიდის დაბრუნება. ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს“.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აპირებენ, 2014 წლის მიწურულს დაასრულონ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი. ამავე დროს, ვაშინგტონი ქაბულთან აწარმოებს მოლაპარაკებას ავღანეთში ამერიკელი სამხედროების შესაძლო, გრძელვადიანი ყოფნის პირობებზე. როგორც ბარაკ ობამამ ორშაბათის ინტერვიუში განაცხადა, ავღანეთიდან ჯარების წასვლა ისე უნდა მოხდეს, რომ საჭირო აღარ იყოს უკან დაბრუნება.
XS
SM
MD
LG