Accessibility links

logo-print
13 მარტს, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უწყების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონში კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ახსნა-განმარტებას სთხოვდნენ. ამასთან, თბილისში კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებოდა ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში კონტროლის პალატის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე სასაუბროდ. არასამთავრობოები კანონის მოსალოდნელ ლიბერალიზაციაზე ლაპარაკობენ, თუმცა დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ.

”პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად”, - ასეთია კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უწყების ტექსტი, რომელიც აჭარაში ”ქართული ოცნების” 6 წევრს მიუვიდა 12 მარტს. რესპუბლიკური პარტიის წევრი კობა ბეკტაშვილი ახსნა -განმარტების მისაცემად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შენობის მესამე სართულზე 2 საათის განმავლობაში სპეციალურად გამოყოფილ ოთახში იმყოფებოდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა:

” აინტერესებდათ, ძირითადად, შემოწირულობის რაიმე თანხა მივიღე მე თუ გადავრიცხე. არანაირი სხვა თანხა, გარდა იმისა, რომ ხელმოწერები შევაგროვე, სადღაც 80 ლარი იყო, არ მიმიღია. არ მიმიღია შემოწირულობა და არც გადამირიცხია. აინტერესებდათ ჩემი შემოსავალი, სად ვმუშაობდი. ყველაფერი დეტალურად ავუხსენი და ასევე ოჯახში რა შემოსავლები მაქვს, ყველაფერი დეტალურად ავუხსენი.”
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება, საქართველოს კონტროლის პალატის მეშვეობით, ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ”გურია ნიუსის” გამომცემელსა და კამპანიის - ”ეს შენ გეხება” - აქტიურ მიმდინარეობაზე ...

” ქართული ოცნების” რეგიონალური პოლიტიკის თემატური ჯგუფის წევრის ასლან ლორთქიფანიძის თქმით, იმ 6 ადამიანს, რომელსაც ახსნა-განმარტებას სთხოვდნენ, „ქართულ ოცნებასთან“ ის კავშირი აქვს, რომ ერთჯერადი დაფინანსება მიიღეს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებისთვის და ისინი „ქართული ოცნების“ გაზეთსაც არიგებდნენ.

ამ შემთხვევისგან განსხვავებით, კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" ცნობით, გურიაში კონტროლის პალატის მიერ დაბარებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ:

"უწყება მიუვიდა გაზეთ ”გურია ნიუსის” გამომცემლის, კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლის, ია მამალაძის ძმას - ზაალ მამალაძეს, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წევრი, არაა ჩართული არავითარ პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება, საქართველოს კონტროლის პალატის მეშვეობით, ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ”გურია ნიუსის” გამომცემელსა და კამპანიის - ”ეს შენ გეხება” - აქტიურ მიმდინარეობაზე", - ნათქვამია კოალიციის მიერ 13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიციის წევრი ია მამალაძე კი იმაზე ლაპრაკობს, რა მეთოდებით შეჰყავთ მოქალაქეები ახნა- განმარტების მისაცემად გურიაში:

”გაჩხრეკის უპრეცედენტო ფორმებია. ყველა შემსვლელს ფეხსაცმელებს, წინდებს ხდიან, მეტალოდეტექტორით ამოწმებენ. ეს არის ადმინისტრაციული შენობა, ისევე როგორც გუშინ ლანჩხუთში იყო, გარშემორტყმული პოლიციელებით, რაღაც გაურკვეველი ძალოვანი სტრუქტურებით, და ადამიანები ამ პირობებში იძლევიან ახსნა-განმარტებებს.”

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა თავისი უწყების მიერ რეგიონებში წარმოებულ მუშაობასთან დაკავშირებით. მან თქვა, კონტროლის პალატა პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლის აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს იმის დაზუსტება, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვაო:

” ხდება რეგიონებში ინფორმაციების დაზუსტება, თუ რამდენად ხორციელდება კანონშესაბამისად პოლიტიკური ხარჯები რეგიონებში, ხდება ინფორმაციის შეგროვება და ხდება მათი შედარება შემდგომ იმ დეკლარაციებთან, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს წარმოდგენილი აქვთ კონტროლის პალატაში თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.”

ეს კომენტარი ლევან ბეჟაშვილმა დღეს, 13 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ლევან ბეჟაშვილს ტელეჟურნალისტების მიერ დასმულ სხვა კითხვებზე აღარ უპასუხია.

მხოლოდ მოწოდება ვიღაცის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იურიდიულ და ფიზიკურ პირს უკვე აკავშირებდა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რაც იყო სერიოზული პრობლემა და იყო ადამიანის უფლებების დარღვევა ...
არასამთავრობოებთან შეხვედრა კი მიზნად ისახავდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარს, რომელიც ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონში უნდა შევიდეს და რომელსაც კონტროლის პალატა ამზადებს. ცვლილებებმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუფერხებელი საქმიანობის საკანონმდებლო გარანტიები უნდა შეუქმნას. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობით სათათბირო საბჭოს შექმნის შესაძლებლობის საკითხი.

შეხვედრას კოალიციაში ”ეს შენ გეხება” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები - მათ შორის, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”სამართლიანი არჩევნები” და ”ღია საზოგადოება- საქართველო“ - ესწრებოდნენ. მათთან ერთად ლევან ბეჟაშვილს შეხვდნენ ”სუფთა პოლიტიკისა” და კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” წარმომადგენლებიც.

არასამთავრობოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული ცვლილებები გაცილებით უკეთესია, არსებულ კანონთან შედარებით. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კი კონკრეტულ პოზიტიურ ცვლილებას ასახელებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კანონპროექტში გათვალისწინებული ლიბერალური პუნქტები მთლიანად ვერ აუმჯობესებს კანონს:

”მხოლოდ მოწოდება ვიღაცის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იურიდიულ და ფიზიკურ პირს უკვე აკავშირებდა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რაც იყო სერიოზული პრობლემა და იყო ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს ამოვიდა კანონიდან და რაღაც შეზღუდვები იმ შემთხვევაში შეიძლება დაუწესდეს ორგანიზაციას ან პირს, თუ დასტურდება ფინანსური კავშირი ამ პირსა და პოლიტიკურ პარტიას შორის. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური ცვლილებაა. თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა შენიშვნებიც, რომლებიც ამ ვერსიაში არ არის მოხვედრილი.”

ამასთან, თამარ ჩუგოშვილს აღელვებს ის გარემოება, რომ ცვლილებების პაკეტს კონტროლის პალატასთან ერთად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც ამზადებს და, როგორც ის ამბობს, ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობოებს არა აქვთ. შესაბამისად, კანონის ლიბერალიზაციაზე საუბარი ნაადრევია, რადგან არავინ იცის, რა სახის იქნება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული ცვლილებები, რომლებიც ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონში უნდა შევიდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG