Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 13 მარტი, 2012

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომლის მოწინავე სტატიაც დღეს შავნაბადის მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ შიო გაბრიჭიძის ნათქვამს ეხება - ”ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს, არა ვნახო აქ შემოსული... მე არანაირი ეშმაკები აღარ ვნახო მომავალ წირვაზე... ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი, არის ეშმაკიო..." გაზეთი წერს, რომ ქადაგებისას წარმოთქმული ეს ფრაზა შემდეგ სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა და ბევრის აღშფოთებაც მოჰყვაო. ”რეზონანსი” წერს პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის საპასუხო განცხადებაზეც: ეს ამბავი ადრე მოხდა და მსგავსი განცხადებები, თან ამბიონიდან, მიუღებელია. - ასეთი ქადაგებები ეკლესიას სახელს უტეხს და ამიტომაც მონასტრის წინამძღვარმა გაფრთხილება მიიღოო. მან ასევე დასძინა: ”ეკლესიაში შეიძლება იყვნენ როგორც ხელისუფლების მომხრენი, ისე ხელისუფლების მოწინააღმდეგეები, მაგრამ ამ ნიშნით მათი დაყოფა არ შეიძლება. სასულიერო პირები საკუთარ პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიებს არ უნდა ამჟღავნებდნენო".

დღევანდელი „ალია“ კი სტატიას ზურაბ მელიქიშვილის მიხეილ მაჭავარიანით ჩანაცვლების შესახებ ასე იწყებს: ”ნაცშპანის წელიწადში ერთხელ ნეხვივით აყვავებულმა, აწ უკვე ყოფილმა გენსეკმა ზურაბ მელიქიშვილმა ბოლო ყვავილობა ჩვენი მაღალის პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას მოასწრო და კვლავ ნეხვად გადაიქცაო”. გაზეთი წერს, წინასაარჩევნოდ ნაციონალების რიგებს დატოვებენ უვარგისები, მათ რიგებს შეავსებენ მხოლოდ "ვიშიბალებიო" და ამატებს, დაპირისპირება უკვე დაიწყოო: ”სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლამდე ხმამაღალი გარჩევა მომხდარა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, სადაც დათა ახალაია და გია უდესიანი მერაბიშვილის მარჯვენა ხელს, ამირან მესხელს დაუპირისპირდნენ, იმასაც ამბობენ, რომ უდესიანმა მესხელს ხელი გაარტყა და ახალაიამაც მუშტი მიაყოლაო”. გაზეთი წერს, ეს მხოლოდ ხმებიაო, მაგრამ იმასაც ამატებს, ცხადია, ასეთი ხმები უცეცხლოდ არ ჩნდებაო.

”ახალ თაობას” კი პირველ გვერდზე გამოაქვს თინა ხიდაშელის ფრაზა: ”ველოდები ნათია მოგელაძის ისტერიკებს”. თინა ხიდაშელი ჰყვება: "კვირას მთელი დღისა და ღამის განმავლობაში საქართველოს პრაქტიკულად ყველა რაიონსა თუ ქალაქში ჩვენი აქტივისტების ტერორი მიმდინარეობდა. ადამიანები, რომლებიც მათთან მიდიოდნენ, ამბობდნენ, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან კონტროლის პალატას ყველა რაიონსა თუ ქალაქში არ აქვს წარმომადგენლობაო“, - ამბობს თინა ხიდაშელი და დასძენს: ეს იმითაც დასტურდება, რომ ადგილები, სადაც მათ იბარებდნენ, უმრავლეს შემთხვევაში კონტროლის პალატის შენობები არ იყოო.
XS
SM
MD
LG