Accessibility links

logo-print
„არგუმენტი ი ფაკტი“ ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ცალმხრივად გააუქმოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. გაზეთის რესპონდენტი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კლიმოვი, ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას, რატომ გააუქმა საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთთან. ხომ არ იმალება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღმა სურვილი, დახმარება გაუწიოს რუსეთის ოპოზიციას? რუსი დეპუტატის ვარაუდით, საქართველოს ხელისუფლება დაშვებული შეცდომებისა და მისი სავალალო შედეგების გამოსწორებას ცდილობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად ანდრეი კლიმოვი ცდება, როცა ამბობს, თავის დროზე სავიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის საქართველომ შემოიღოო: „ჩვენ არ შემოგვიღია ვიზები და ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყნებს შორის. ახლა კი, საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს რა იმ პროლემების მასშტაბს, რაც ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა, ცდილობს ვითარების შერბილებას. საქმე ისაა, რომ მილიონზე მეტი ადამიანი ერთდროულად არის როგორც ეთნიკური ქართველი, ასევე რუსეთის მოქალაქე. სწორედ მათთვის გართულდა ისტორიულ სამშობლოში მოგზაურობა. გარდა ამისა, საქართველო რუსეთის ბევრი მოქალაქისათვის დასვენებისა და ბიზნესის კეთების ადგილიცაა. როგორც ჩანს, თბილისში გააცნობიერეს, რომ კარგავდნენ კვალიფიციურ თანამშრომლებსა და მდიდარ ტურისტებს.“

რუსეთის ბეჭდური მედია ეხმიანება ასევე საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთ ინიციატივას - საქართველომ და აზერბაიჯანმა უმასპინძლონ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. „გაზეტას“ მიმომხილველების გათვლებით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მძაფრ კონკურენციაში გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ. საინტერესოა, რას ეფუძნება მათი ეს მოსაზრება. როგორც ირკვევა, პირველ რიგში, სხვა განმცხადებელი ქვეყნების მდიდარ საფეხბურთო ტრადიციებსა და ეკონომიკურ სიძლიერეს. განმცხადებელთა შორისაა: ბელგია, ნიდერლანდები, თურქეთი, რუმინეთ-უნგრეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ირლანდია-შოტლანდია-უელსი და ყოფილი იუგოსლავიის სამი რესპუბლიკა. საქართველო და აზერბაიჯანი კონკურენტებთან აგებენ ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. პრობლემაა ტრანსპორტი, მაღალი დონის სასტუმროები და სტადიონები. უეფას სტანდარტის მიხედვით, ჩემპიონატის მასპინძელმა ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ რვა ოცდაათათასიანი სტადიონი. ჯერჯერობით ამ მოთხოვნას საქართველოსა და აზერბაიჯანში სულ ორი სტადიონი აკმაყოფილებს.

ასევე სპორტის კონტექსტში და ასევე საქართველოზე წერს გაზეთი „იზვესტია“, რომელიც ვრცელ მასალას უძღვნის რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების მოახლოებულ შეხვედრას. 17 მარტს ქართველი ბორჯღალოსნები თბილისში რუს „დათვებს“ ევროპის ერთა თასის გათამაშების ფარგლებში უმასპინძლებენ. რუსი მორაგბეები საქართველოს პირველად ესტუმრებიან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და, როგორც რუსეთის ნაკრების მთავარი მენეჯერი ზორიკ მასანდილოვი ვარაუდობს, გაცილებით ძლიერ მასპინძლებთან დამარცხდებიან კიდეც. „საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში“, ამბობს მასანდილოვი და მის ამ მოსაზრებას, როგორც ჩანს, იზიარებს გაზეთის რედაქციაც, რომელსაც სტატიისათვის სათაურად წამძღვარებული აქვს ლერმონტოვის ცნობილ გამონათქვამზე - „გარბოდნენ მხდალი ქართველები“- მიმანიშნებელი ფრაზა: “ჯიკაობდნენ ძლიერი ქართველები!
XS
SM
MD
LG