Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადოსლავ შიკორსკი: „ევროკავშირის წევრობა ცვლის ქვეყანას, მის საზოგადოებას და ბევრს ამისი ეშინია“


რადოსლავ შიკორსკი
რადოსლავ შიკორსკი
პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს, მათ ევროპულ ინტეგრაციას. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს.

ინტერვიუს დასაწყისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად დაახასიათა მოლდავეთი - თქვა, რომ ის სხვა ქვეყნებზე უფრო წინაა, რომ მოლდავეთს მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, და შეაქო მოლდავეთის ლიდერები:

„მოხიბლული ვარ მოლდავეთის ლიდერების მოქმედებით. მათ მიიღეს რთული გადაწყვეტილება, რომ მოლდავეთისთვის უკეთესი კურსია არა ტერიტორიულ დავაში ჩართვა (თუმცა ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს), არამედ ქვეყნის წარმატებისკენ სწრაფვა.“
ბრიტანეთშიც და პოლონეთშიც არიან ისეთები, ვისაც ევროპის კავშირიდან გასვლა სურს. ევროკავშირის წევრობა არ არის საგარეოპოლიტიკური გეგმა ...

შიკორსკი მოლდაველებს მოუწოდებს, იმედს ნუ დაკარგავთ, ფაქტებს შეხედეთ, ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიაზე ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ნახეთ, ახლახან ხორვატია მივიღეთ ევროკავშირში და სერბიას კი კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთო. შიკორსკი კიდევ ერთხელ უმეორებს მოლდავეთს, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბრიუსელში იმედი არ გაუცრუვდეს. ის ამბობს, ვიცი, ხშირად არაწევრი ქვეყნების მთავრობები ევროპის კავშირის მოთხოვნებს უყურებენ როგორც თემებს, რომლებიც კომპრომისს საჭიროებს, მაგრამ, ირწმუნება ის, ამ მოთხოვნებს უნდა შეხედოთ, როგორც დაჩქარებას, მათი შესრულება ტემპს შეგმატებთ ევროპის კავშირისკენ სავალ გზაზეო. შიკორსკი ოპტიმისტურადაა განწყობილი - იმედი აქვს, რომ ევროპა კრიზისს გადალახავს და ამბობს, საჭიროა მოლდავეთი იმ მომენტისთვის მოწინავე იყოსო. მისი აზრით, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ევროპაში მოლდავეთის ინტეგრაციის პროცესს სკეპტიკურად უყურებენ, ცდებიან. შიკორსკი ფიქრობს, რომ მოლდავეთი უდავოდ ევროპული ქვეყანაა, რომ მას ჰყავს ევროპაში მეგობრები, რომელთაც სურთ, ის კავშირის წევრი გახდეს. ასე რომ, ახლა ბევრი იმაზეა დამოკიდებელი, რასაც მოლდავეთი თვითონ მოიმოქედებს და გააკეთებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამ საუბარში წარმოიშვა მწვავე საკითხიც, რომელიც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია აქტუალური, კერძოდ, ევროსკეპტიციზმის თემა, ის, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში უფრო სასარგებლო ჩანს ეგრეთ წოდებულ ევრაზიულ კავშირში, ასე ვთქვათ, დაბრუნება. რომ დაკარგონ მოლდაველებმა ევროკავშირში შესვლის სურვილი, შეიძლება თუ არა შეიცვალოს ამ ქვეყნის ვექტორი? შიკორსკი პასუხობს, „ეს ჩემ სურვილზე არაა დამოკიდებელი, გსურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებაო“, და განაგრძობს:

„ეს მოლდაველმა ხალხმა და მოლდავეთის მთავრობამ უნდა განსაზღვროს. ევროსკეპტიკოსები ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებშიც არიან. ბრიტანეთშიც და პოლონეთშიც არიან ისეთები, ვისაც ევროპის კავშირიდან გასვლა სურს. ევროკავშირის წევრობა არ არის საგარეოპოლიტიკური გეგმა. წევრობა ცვლის ქვეყანას, მის საზოგადოებას და ამისი ბევრს ეშინია. მე მხოლოდ პოლონეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილნი ვართ, რადგან მათ, ვინც ადრე განსაკუთრებით სკეპტიკური იყო, -კერძოდ, ფერმერებმა, - ყველაზე მეტად იხეირეს. ახლა პოლონელების 80 პროცენტი ევროკავშირში დარჩენის მსურველია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ხალხს განემარტოს ის სარგებელი, რაც მოჰყვება ევროპის კავშირისკენ სვლას.“
მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკება განახლდა. რუსეთის მხარეს განვუცხადეთ, რომ ეს შეხვედრები გაყინული კონფლიქტების მოგვარების საკითხში რუსეთის ფედერაციის კეთილი ნების გამოცდა ...

მოლდავეთის ირგვლივ ამ საუბარში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვერდი ვერ აუარა სეპარატიზმის პრობლემას, გაყინულ კონფლიქტს, რომელიც მოლდავეთს აქვს დნესტრისპირეთის სახით. შიკორსკი, რომელმაც, როგორც ზემოთ ითქვა, ქებით მოიხსენია მოლდავეთის ლიდერები იმის გამო, რომ კონფლიქტს არ ამწვავებენ, ფიქრობს, რომ ასეთი კონფლიქტები ხანგძლივი და ძნელად მოსაგვარებელია. მისივე თქმით, მოლდავეთის პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია თვით ამ კონფლიქტების გარშემო საერთაშორისო არენაზე მოლაპარაკებების დროს. მისთვის რუს კოლეგებს უთქვამთ, დავიცადოთ, ჯერ მოლდავეთს პრეზიდეტი არ ჰყავს და როცა აირჩევენ, მერე ვილაპარაკოთო:

„გაყინული კონფლიქტები, ჩვეულებრივ, რთული კონფლიქტებია. დნესტრისპირეთის კონფლიქტთან გამკლავება ნაკლებად შეუძლებელია, თუკი მას შევადარებთ მთიან ყარაბაღს ან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირებას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოლდავეთი სწორ გზას ადგას, როცა კონფლიქტს არ ივიწყებს, მაგრამ დროს იყენებს იმისათვის, რომ მოლდავეთი გადააქციოს წარმატებულ ქვეყნად, რომელიც შორეულ მომავალში დნესტრისპირეთის მოსახლეობასაც გაუჩენს სურვილს გახდეს ამ წარმატების მონაწილე.“

სეპარატისიტული რეგიონის გამო რუსეთთან მოლაპარაკებაში ევროკავშირის როლზე შეკითხვას შიკორსკიმ ასე უპასუხა:

„მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკება განახლდა. რუსეთის მხარეს განვუცხადეთ, რომ ეს შეხვედრები გაყინული კონფლიქტების მოგვარების საკითხში რუსეთის ფედერაციის კეთილი ნების გამოცდაა. ჩვენ სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიულ საკითხებში რუსეთთან დიალოგის მომხრე ვართ, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდეს, გვსურს წინსვლა ვიხილოთ დნესტრისპირეთის საკითხში.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG