Accessibility links

logo-print
ორშაბათს, 12 მარტს, კიბერცენზურასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა „ინტერნეტის მტრებად“ წოდებულთა სია, რომელშიც წელს ბელორუსიაც მოხვდა.
პარიზში განთავსებული ეს მედიაორგანიზაცია წერს, რომ ბელორუსიის რეჟიმმა გაამკაცრა ინტერნეტის კონტროლი. ორგანიზაციის თქმით, მთავრობა უფრთხის „სოციალური მედიის მეშვეობით რევოლუციას“.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმმა ინტერნეტის რამდენიმე მომხმარებელი და ბლოგერი დააპატიმრა და ბევრი ვებსაიტი დაბლოკა. ორგანიზაციის აზრით, ამის მიზეზი ხალხში არსებული უკმაყოფილებაა, რომელიც უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის ფონზე სულ უფრო მეტად იზრდება. ამასთან, რეჟიმმა „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა მესიჯები, რომლებიც მიზნად დემონსტრანტების დაშინებას ისახავდა.

ორგანიზაციის პრესმდივანმა ლუსი მორილიონმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „ინტერნეტი ბლოკირებული იყო „ჩუმი პროტესტის“ სერიის დროს. ამასთან, მოიმატა ინფორმაციის ფილტრაციის შემთხვევებმაც. სულ უფრო მეტი ვებსაიტი გახდა ხელმიუწვდომელი, რამდენიმე საიტი კი კიბერშეტევის მსხვერპლი იყო. ინტერნეტის ბევრი მომხმარებელი და ბლოგერი დააპატიმრეს. ამასთან, იანვარში ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც რეჟიმს ინტერნეტზე დაკვირვებისა და მისი კონტროლის შესაძლებლობებს უზრდის.“

„ინტერნეტის მტრების“ სია სულ 12 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის - ირანს, უზბეკეთს, თურქმენეთს და სირიას.

ამ ქვეყნებში მოქმედებს როგორც კიბერცენზურა, ისე ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან კიბერდისიდენტებს და ონლაინპროპაგანდას.

წელს „ინტერნეტის მტრების“ სიაში კიდევ ერთი ახალი წევრი - ბაჰრეინი - მოხვდა. „არაბული გაზაფხულით“ შთაგონებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ამ ქვეყნის მთავრობამ უკიდურესად გაართულა ინფორმაციის გავრცელება. შეიზღუდა კომუნიკაცია, დააპატიმრეს ბევრი ბლოგერი და ინტერნეტმომხმარებელი, რომელთაგან ერთი ციხეში გარდაიცვალა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ირანი ახალი ქსლის - ე.წ. ეროვნული ინტერნეტის - ამოქმედების შესახებ აცხადებს. ამასთან, ანგარიშის თანახმად, თეირანმა სირიას აღმოუჩინა დახმარება სოციალური ქსელების მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში. ეს ზომები სირიაში ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლიანი რეპრესიების ნაწილი იყო.

„ინტერნეტის მტრების“ სიაში უშუალოდ მოხვედრილი სახელმწიფოების გარდა, დასახელდა ქვეყნები, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ამ ქვეყნებს განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ აქცევს. ამ სიაში მოხვდნენ ყაზახეთი, ინდოეთი, ეგვიპტე, რუსეთი, თურქეთი, ტაილანდი და საფრანგეთიც კი. საფრანგეთში მთავრობა ფაილების უკანონო ჩამოტვირთვაზე კონტროლს ამკაცრებს და, ამასთან, ინტერნეტზე ფილტრების დაწესებასაც ცდილობს.

ზოგადად, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აცადებს, რომ ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით 2011 წელს გლობალური მდგომარეობა გაუარესდა. ამის მთავარი მიზეზი ის შეზღუდვებია, რომლებიც სოციალური ქსელების საპროტესტო იარაღად გამოყენებაზე რეაქციის ფორმით ამოქმედდა.
თუმცა ანგარიშში გარკვეულ პოზიტიურ ძვრებზეც არის საუბარი.

ბირმის სამხედრო ხელმძღვანელობამ ციხიდან გაათავისუფლა რამდენიმე ბლოგერი და საინფორმაციო ვებსაიტებზე დაწესებული აკრძალვებიც მოხსნა.
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ასევე მიესალმა ინტერნეტის შეზღუდვის შემსუბუქებას ვენესუელაში. ამ ქვეყანაში შარშან მიღებული კანონი, რომელსაც, როგორც მაშინ შიშობდნენ, ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოჰყოლოდა, არ აღმოჩნდა ზიანის მომტანი.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობით იქ ინტერნეტცენზურის ეპოქა დასრულდა.
XS
SM
MD
LG