Accessibility links

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ფარსს" აგონებს ჯვრის მონასტრის გარშემო ვითარება


ისრაელის მთავრობაში გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტის მიერ 13 მარტს, საღამოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისრაელში ”დავით ბაქრაძის ოფიციალური შეხვედრების მთავარი თემა იერუსალიმში ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაა” და პირველი, ვისაც პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხზე ესაუბრა, ისრაელის რელიგიის საქმეთა მინისტრი იაკობ მარგი იყო. მისმა მრჩეველმა პრესასთან ურთიერთობის საკითხებში ალონ ნურიელმა ინტერნეტპორტალ izrus-ს დღეს განუცხადა, რომ მარგისა და ბაქრაძის საუბარი მოლაპარაკებად ვერ შეფასდება, რადგან მინისტრს არ შეუძლია მოლაპარაკების წარმოება. მრჩევლის ინფორმაციით, იაკობ მარგიმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის დახმარებით იერუსალიმის საპატრიარქოსთან ქართული მხარის მოლაპარაკებისას შესაძლებელი იქნება კონსენსუსის მიღწევა. ალონ ნურიელის ცნობითვე, მინისტრთან შესახვედრად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიყვანა ქნესეთის დეპუტატმა აბრაამ მიხაელიმ, რომელიც საუბარს თარგმნიდა. დღესვე ამავე ინტერნეტპორტალს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა იგალ პალმორმა განუცხადა, რომ მათთვის არაფერია ცნობილი რელიგიის საქმეთა სამინისტროსთან ქართული მხარის მოლაპარაკების შესახებ. პალმორის განმარტებით, ისრაელის ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებულია სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს, რომ სახელმწიფოს სახელით კონტაქტები აქვს უცხოეთის წარმომადგენლებთან. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია ფარსს აგონებს. იგალ პალმორის განცხადებით, არსებობს სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების წარმოების საყოველთაოდ აღიარებული წესები და სტანდარტები და შემოვლითი გზების ძიების ნებისმიერი მცდელობა მინიმუმ გაოცებას იწვევს.
XS
SM
MD
LG