Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი პარლამენტის წინაშე წარსდგა


ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი პარლამენტის წინაშე წარსდგა და დაიცვა ის ფორმა, რომლითაც ის ქვეყანას მართავს. 1979 წელს ისლამური რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ პირველად მოხდა, რომ ირანის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე გამოვიდა. აჰმადინეჟადი პარლამენტში გამოიძახეს დეპუტატებმა, რომლებსაც არ მოსწონთ აჰმადინეჟადის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მართვის სტილი და არ აკმაყოფილებთ მის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა. სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში აჰმადინეჯადმა კანონმდებლებს განუცხადა, მთავრობის მიღწევებს „100 პროცენტზე ნაკლებს თუ დაუწერთ, ეს უსამართლო და ლაჩრული საქციელი იქნებაო“. პრეზიდენტმა თავიდან აიცილა დეპუტატების შეკითხვები, რომლებიც ცდილობდნენ მის დადანაშაულებას მაღალ ინფლაციაში - ისევე, როგორც უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ არასაკმარის ერთგულებაში და სურვილში, შეამსუბუქოს ქალებისთვის და სქესებს შორის ურთიერთობებისთვის დაწესებული ისლამური წესები. პარლამენტის სხდომამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აჰმადინეჟადის პოპულარობის კლება იმ ფონზე, როცა ის თავისი მეორე და საბოლოო ვადის დასასრულს უახლოვდება. მისი მანდატი 2013 წელს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG