Accessibility links

logo-print

ელჩი ჭიაბერაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა


ანდრია ურუშაძემ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად კი სამინისტროს უხელმძღვანელებს ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დანიშვნამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში. საქართველო მთავრობაში მოულოდნელი საკადრო ცვლილება განხორციელდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ წარმატებით ხორციელდება ახალი საავადმყოფოების მშენებლობის სამთავრობო პროგრამა. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვა კვლავ „აქილევსის ქუსლია“ და ხელისუფლება მხოლოდ გარეგნულად ლამაზი საავადმყოფოების მშენებლობით არის დაკავებული. ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა თავის ნებით პოსტი მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ დაინიშნა. თუმცა, ცნობილია, თუ რატომ მიენიჭა მინისტრის პოსტზე უპირატესობა დიპლომატ ზურაბ ჭიაბერაშვილს. „ზურაბ ჭიაბერაშვილი კარგი მენეჯერია და ჯანდაცვის სფეროს ახლა კარგი მენეჯერი სჭირდება, რათა განხორციელდეს სოციალური რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სამთავრობო ცვლილებაზე საუბრისას. 15 მარტსვე გადაწყდა ანდრია ურუშაძის დასაქმების საკითხიც. ყოფილი მინისტრი თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა სოციალური საკითხების სფეროში.
XS
SM
MD
LG