Accessibility links

logo-print

ჰუმანიტარული ვითარების შესაფასებლად სირიას საერთაშორისო ჯგუფი ეწვევა


ამ შაბათ-კვირას სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქებს, სხვათა შორის, ჰომსს, ჰამას და დერაას ეწვევიან სირიის, გაეროს და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლების ჯგუფი, რათა შეაფასონ ჰუმანიტარული ვითარება. ჯგუფს ხელმძღვანელობას სირიის მთავრობა გაუწევს. ეს გამოცხადდა მას მერე, რაც 200 უფლებადამცველი ორგანიზაციის კოალიცია რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გააძლიერებს ზეწოლას სირიაზე, ერთი წლის წინ დაწყებული სისხლისღვრისათვის ბოლოს მოსაღებად. ერთობლივი განცხადება დღეს გავრცელდა - სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების პირველ წლისთავთან დაკავშირებით. რუსეთი, რომელიც სირიის რეჟიმის ტრადიციული მოკავშირეა და მას იარაღით ამარაგებს, ჩინეთთან ერთად ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას. ასეთ რეზოლუციას ემხრობიან დასავლეთი და არაბთა ლიგა. თვით სირიიდან გავრცელებული ცნობებით, მთავრობის ჯარები განაგრძობენ მეამბოხეების პოზიციების დაბომბვას ჩრდილოეთში მდებარე იდლიბის პროვინციაში. დღესვე დამასკში, ალეპოსა და სირიის რამდენიმე სხვა ქალაქში გაიმართა სირიის მთავრობის მხარდამჭერთა დემონსტრაციები.
XS
SM
MD
LG