Accessibility links

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის „შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის“ პროექტის ფარგლებში, ექსპერტები გორში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა-დისკუსიის თემა მოუგვარებელი კონფლიქტები და გარე ფაქტორები იყო. ექსპერტებმა ისაუბრეს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებისა და საქართველოსთან მათი შესაძლო კავშირის თაობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივაზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტებმა ადგილობრივი საზოგადოების აზრიც მოისმინეს. „შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის“ პროექტის საქართველოს კომპონენტის დირექტორი ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ანალიტიკოსებმა ინფორმაცია უნდა მიიღონ რეგიონებიდანაც, სადაც დაინტერესებული საზოგადოება შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყოს.

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა ვასილ ჭყოიძემ დაწვრილებით ისაუბრა საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციასა და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივაზე, ტალიავინის დასკვნის სამართლებრივ შეფასებებსა და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაზე.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ იულია ხახარაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი აზრით, ამ სოფლების მიმართ სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა უნდა აამუშაოს და იქ მცხოვრებმა ადამიანებმა ყველა შეღავათით უნდა ისარგებლონ.

შეხვედრას ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ. ბადრი ციქუბაძისთვის საინტერესო იყო ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესები და მათი ასახვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის“ პროექტის დონორი ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა. ქართველი ექსპერტები რეგიონებში გასვლას ადგილზე ვითარების შესწავლისა და საზოგადოების ინფორმირებისათვის მომავალშიც გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG