Accessibility links

logo-print

შსს-მ დაიწყო გამოძიება კონტროლის პალატის ინფორმაციის საფუძველზე


კონტროლის პალატა

კონტროლის პალატა

საქართველოს შსს-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონტროლის პალატიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველოებში გადაიგზავნა მასალები იმ პირებზე, ვინც უარი განაცხადა საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში ჩვენების მისაცემად გამოცხადებულიყო. საქართველოს შსს-ს განცხადებით, ”აღნიშნული მასალების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პირების დაკითხვა მოწმის სახით”.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ”სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წარმოება პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ჟურნალისტების უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით”. საქმის გამოკვლევის მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულები ახსნა-განმარტებებს ართმევენ ”კონტროლის პალატის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ” გამოკითხულ მოქალაქეებს. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს. შეკითხვები კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული წარმოების იურიდიულ საფუძველსა და პროცედურულ დეტალებს ეხება. სახალხო დამცველის აპარატი ინტერესდება იმითაც - იყო, თუ არა დაცული სხდომების მიმდინარეობის საჯაროობა.

ქართული სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში - ჯონ ბასმა ”ფეისბუკის” გვერდზე გამოაქვეყნა კომენტარი, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს შეეხება. კერძოდ, ჯონ ბასი წერს: ”სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ“.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “ემნისტი ინტერნეიშენალი” შეშფოთებულია იმის გამო, რომ ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში ოპოზიციური პარტიების წევრებისა და მხარდამჭერების ფართომასშტაბიან დაკითხვის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები სამართლებრივი გარანტიების დარღვევისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინების შესახებ. ორგანიზაციის მიერ 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში წაიკითხავთ: “ემნისტი ინტერნეიშენალი” მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატას და ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, რომ კონტროლის პალატისთვის მინიჭებული უფლებამოსილება - დაკითხოს პირები - გამოყენებული იყოს მხოლოდ კანონის დაცვისთვის და კანონის ფარგლებში; დაკითხვა წარმოებდეს ადამიანის უფლებათა სრული დაცვით და დაკითხვაზე გამოძახებულ პირებს ჰქონდეთ შეუზღუდავი უფლება წარმოდგენილი იყვნენ მათ მიერ არჩეული ადვოკატის მიერ".
XS
SM
MD
LG