Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია გასამხედროებული ჯგუფების არსებობაზე საუბრობს


პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის 15 მარტს გამართული შეხვედრისას ირაკლი ალასანიას გამოსვლის ტექსტი გაავრცელა პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურმა. ალასანიამ კონტროლის პალატის მოქმედებებზე საუბრის გარდა, უცხოელ დიპლომატებს მიმართა, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში, რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები, რატომ არიან მისი წევრები მუდმივად შეიარაღებულნი და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას. ”ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპიზიცია გაანადგუროს, რადგან მისი თქმით, ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები და ვიმართებით კრემლიდან" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მიანიშნებს, რომ ის ემზადება სამოქალაქო ომის და კონფრონტაციისთვის და მისი თავიდან აცილება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რთული იქნება საერთაშორისო დახმარებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადების მონაწილეობის გარეშე. ალასანიამ უცხოელ დიპლომატებს სთხოვა, რეგიონებში მონიტრინგი გაააქტიურონ. ”თქვენ და ევროკავშირის მისიას შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ყველაფერი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან და ასევე სხვა რეგიონებშიც” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლეს სთხოვა, მტკიცე რეაქცია ჰქონდეთ, რათა საარჩევნო ბრძოლის ველი სამართლიანი და კონკურენტუნარიანი იყოს.
XS
SM
MD
LG