Accessibility links

logo-print

საია უკანონობას უწოდებს სამართალდამცველების ქმედებას


კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაბარებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებას უკანონობად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მაშინ, როცა მოწმედ დაბარებული პირი უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. ჩუგოშვილის განცხადებით, "კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილი უწყების შინაარსი იყო ბუნდოვანი და არ იყო განმარტებული, ხდებოდა, თუ არა მათი ახსნა-განმარტებისთვის დაბარება მოწმის სტატუსით.” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატა გასცდა უფლებამოსილებას, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაბარებულ პირებზე საგამოძიებო უწყებას მასალები გადასცა. "კონტროლის პალატისა და შსს ამგვარი მიდგომა აძლიერებს ეჭვს, რომ ეს მოქმედებები სცილდება პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესწავლის საქმიანობას და სულ უფრო მეტად იძენს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის ხასიათს" - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მან მოუწოდა კონტროლის პალატას, საკუთარ მანდატს დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, კონტროლის პალატის კონკრეტულ წარმომადგენლებს მთავარ პროკურატურაში უჩივლებენ. საქართველოს შსს-მ 15 მარტს განაცხადა, რომ კონტროლის პალატიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და მოწმის სტატუსით დაკითხვა იმ პირებისა, რომლებიც კონტროლის პალატაში არ გამოცხადდნენ.
XS
SM
MD
LG