Accessibility links

logo-print

"ემნისტი ინტერნეიშენალი" შეშფოთებულია საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვის პროცესით


“ემნისტი ინტერნეიშენალი” შეშფოთებულია იმის გამო, რომ ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში ოპოზიციური პარტიების წევრებისა და მხარდამჭერების ფართომასშტაბიან დაკითხვას ახლდა ცნობები სამართლებრივი გარანტიების დარღვევისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინების შესახებ. 11 მარტიდან კონტროლის პალატის მიერ100-ზე მეტი პირი იყო გამოძახებული დასაკითხავად სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების შენობებში, უმეტესად დასავლეთ საქართველოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მხოლოდ ძირითად ოპოზიციურ მოძრაობა - “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები” იყვნენ გამოძახებული დაკითხვაზე. "ემნისტი ინტერნეიშენალის" განცხადებაში წაიკითხავთ: "მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრებისა და მხარდამჭერების შერჩევითი დაკითხვა და მანერა, როგორც მიმდინარეობდა დაკითხვები, ზოგიერთი შეკითხვის არსი, დაკითხვაზე გამოძახებულთა დიდი რაოდენობა, მიანიშნებს, რომ ოპერაციას პოლიტიკური მოტივაცია აქვს და მისი მიზანი ოპოზიციის არსებული და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებაა". ორგანიზაციის განცხადებაში წერია: "“ემნისტი ინტერნეიშენალმა” მიიღო არაერთი ცნობა, რომ დაკითხვა ხშირად აგრესიულად მიმდინარეობდა, პოლიციელთა ფართო დასწრებით. ადამიანებს გულდასმით ჩხრეკდნენ. მათ ეკითხებოდნენ პოლიტიკური სიმპატიებისა და აქტივობების შესახებ. ხშირად უარს ეუბნებოდნენ ადვოკატის ყოლაზე. გამოძახებული პირებიცა და მათი ადვოკატებიც ყვებიან, რომ ხშირად დაკითხვაზე ყურადღება მახვილდებოდა ზოგად შეკითხვებზე პოლიტიკური სიმპატიებისა და აქტივობების შესახებ და არა რაიმე ფინანსურ ტრანზაქციაში პირის მონაწილეობაზე. ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე კონტროლის პალატის მიერ ქუთაისში წარმოებულ დაკითხვაზე ოთხ პირს წარმოადგენდა. მან “ემნისტი ინტერნეიშენალს” განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირისთვის კონკრეტულად არ განუმარტავთ თუ რა ეჭვისა თუ სავარაუდო უკანონო ქმედებისთვის იყვნენ ისინი გამოძახებული დასაკითხავად". "ემნისტი ინტერნეიშენალის" ინფორმაციით, დაკითხვის საშუალო ხანგრძლიობა ორი საათი იყო. გამოძახებულ პირს ერთსა და იმავე შეკითხვას უმეორებდნენ. ზოგიერთი პირი, განსაკუთრებით, ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, მუქარისა და დაშინების ობიექტადაც იქცა. მინიმუმ, ერთი ადვოკატი მუქარით აიძულეს დაეტოვებინა დაკითხვის ოთახი. "ემნისტი ინტერნეიშენალის" განცხადებაში დაკითხულთა მონათხრობსაც გაეცნობით. 19 წლის თეონა ფხალაძემ, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, ყვება: “...მეკითხებოდნენ როგორ და რატომ ვმონაწილეობ ახალგაზრდული ფრთის ღონისძიებებში; რამდენჯერ ვარ ნამყოფი ოპოზიციური პარტიის ოფისში თბილისში; მოვაწერე, თუ არა ხელი და ვაგროვებდი, თუ არა პეტიციებზე ხელმოწერებს ოპოზიციური პარტიების სახელით... როცა ვკითხე, რატომ გამომიძახეს დაკითხვაზე, მიპასუხეს, რომ რაიმე კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა”. მუბარიზ მამედოვს, “რესპუბლიკური პარტიის” საგარეჯოელი წევრი, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა, 12 მარტს სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შენობაში. მან “ემნისტი იტნერნეიშენალს” უთხრა: “მე გამომიძახეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში, რომელიც გარშემორტყმული იყო პოლიციელების მიერ. მეკითხებოდნენ იმის შესახებ, თუ ვის დავუჭერ მხარს არჩევნებზე და რა ტიპის საქმიანობას ვეწევი, როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი. დასასრულისკენ, როცა დაკითხვა უფრო დაძაბული გახდა, მათ მითხრეს, რომ ფრთხილად ვიყო, რადგან ეროვნებით აზერბაიჯანელი ვარ და შესაძლებელია ახალი მთავრობის მოსვლის შემთხვევაში ქვეყნიდან გამაძევონ”. “ემნისტი ინტერნეიშენალი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ გამოძიება აწარმოოს კანონისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ოპოზიციური პარტიების წევრებისა და სავარაუდო მხარდამჭერთა ფართომასშტაბიანი გამოძახება იმისათვის, რომ მათ უპასუხონ შეკითხვებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ სიმპატიებს ეხება, ქმნის დამაშინებელ, შემზღუდავ ეფექტს და აგრეთვე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს.“ემნისტი ინტერნეიშენალი” მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატას და ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, რომ კონტროლის პალატისთვის მინიჭებული უფლებამოსილება - დაკითხოს პირები - გამოყენებული იყოს მხოლოდ კანონის დაცვისთვის და კანონის ფარგლებში; დაკითხვა წარმოებდეს ადამიანის უფლებათა სრული დაცვით და დაკითხვაზე გამოძახებულ პირებს ჰქონდეთ შეუზღუდავი უფლება წარმოდგენილი იყვნენ მათ მიერ არჩეული ადვოკატის მიერ.
XS
SM
MD
LG