Accessibility links

რეაქციები კონტროლის პალატაში მოქალაქეების მასობრივ დაბარებაზე


კონტროლის პალატა

კონტროლის პალატა

კოალიცია ”ქართული ოცნება” მის მხარდამჭერთა ”დაშინებისა” და ”ფსიქოლოგიური დევნის” პროცესის გაგრძელებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ
ყველას, ვინც დაიბარეს, მაგრამ არ გამოცხადდა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, უკვე შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ექნებათ საქმე. ამ პროცესს კანონგარეშედ მიიჩნევენ მე-3 სექტორის წარმომადგენლებიც. აშშ-ის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების შემდეგ, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით 16 მარტს საგანგებო განცხადებას ავრცელებს ”ამნესტი ინტერნეშნალი”. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კი, საქმისწარმოება დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.

კონტროლის პალატის პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად გამოძიების დაწყებას უკანონოდ მიიჩნევს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. საუბარია სამინისტროს მიერ 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს იმ პირთა ”მოწმის სახით” დაკითხვა, რომლებიც არ გამოცხადდნენ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურში ”მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების პროცესში განმარტების მისაცემად.”

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ჯერ ერთი, კონტროლის პალატა მასალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდებით გადასცდა საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს და მეორე - კანონთან შეუსაბამოა შს სამინისტროს შემდგომი ქმედებებიც:

დასმული შეკითხვების დიდი ნაწილის შინაარსი და დაკითხვისთვის დაბარებული უამრავი ადამიანი მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესი პოლიტიკურად არის მოტივირებული ...
”ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი მოწმე განაცხადებს უარს მონაწილეობა მიიღოს ან ახსნა-განმარტება ჩააბაროს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვისაც ჩაბარდათ უწყება, ვერ ექნებოდათ განცდა იმისა, რომ ისინი იყვნენ მოწმეებად დაბარებულები. უწყებიდან იკვეთებოდა, რომ ისინი იყვნენ დაბარებული როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევები.”

შესაბამისად, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურში გამოძახებულ ნებისმიერ პირს ჰქონდა სრული უფლება არ გამოცხადებულიყო ახსნა-განმარტების მისაცემად. ის, რასაც კონტროლის პალატა ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შთაბეჭდილებით, ძალიან ემსგავსება ”პოლიტიკური ნიშნით დევნას”.

დაახლოებით ასეთივე აქცენტი გვხვდება ”ამნესტი ინტერნეშნალის” მიერ 16 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაშიც:

”შერჩევითი დაკითხვა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სავარაუდო მხარდამჭერების, ბევრ შემთხვევაში გამოყენებული დაკითხვის მეთოდი, დასმული შეკითხვების დიდი ნაწილის შინაარსი და დაკითხვისთვის დაბარებული უამრავი ადამიანი მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესი პოლიტიკურად არის მოტივირებული და გამიზნულია ოპოზიციური პარტიის ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დასაშინებლად.”

ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეშნალი” მოუწოდებს კონტროლის პალატასა და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიათა აქტივისტებისა თუ მხარდამჭერების დაბარება და მათთან გასაუბრება წარიმართოს ადამიანის უფლებათა სრული დაცვითა და პროცესი არ გასცდეს კანონის ჩარჩოებს. ”ამნესტი ინტერნეშნალი” შეშფოთებულია, რომ კვირის განმავლობაში ”ოპოზიციური პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაკითხვის ფართოდ გავრცელებულ პროცესს ახლდა ცნობები სამართლებრივი გარანტიების ხელყოფისა და ოპოზიციის გულშემატკივართა დაშინების შესახებ.”

ბატონ ბასის მიერ ამ განცხადების გაკეთება ჩვენ ზურგს გვიმაგრებს იმაში, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიის არადემოკრატიულ და არათავისუფალ ვითარებაში ჩატარების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ...
ასევე შეშფოთებაა გამოხატული განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 15 მარტს სოციალური ქსლის - ”ფეისბუქის” საშუალებით გამოაქვეყნა:

”შეშფოთებული ვარ იმ დაპირისპირების გამო, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. ნათელი განმარტებების ნაკლებობა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არ გაზრდის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუტის ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მისამართით.”

ჯონ ბასის სიტყვებს იმედისმომცემად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილის ”ქართულ ოცნებაში”. როგორც პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, აშშ-ის ელჩის განცხადება კოალიცია ”ქართული ოცნებისა” და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის 15 მარტს გამართული შეხვედრის შედეგს წარმოადგენს:

”ბატონ ბასის მიერ ამ განცხადების გაკეთება ჩვენ ზურგს გვიმაგრებს იმაში, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიის არადემოკრატიულ და არათავისუფალ ვითარებაში ჩატარების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. რასაკვირველია, ეს საარჩევნო გარემოს კი არ აუმჯობესებს, არამედ, პირიქით, აუარესებს და ჩვენც ვიზიარებთ მის აღშფოთებას.”

რაც შეეხება ხელისუფლების პასუხს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ”უკანონო ფინანსური ნაკადებისა და ოლიგარქიული ფულის ქართულ პოლიტიკაში მოხვედრის გაკონტროლება” აუცილებელი პროცესია და, მთლიანობაში, პროცესი კანონთან სრული შესაბამისობით მიმდინარეობს, თუმცა ასევე საჭიროა, რომ კონტროლის პალატამ მეტი სიცხადე შეიტანოს საკუთარ საქმიანობაში და განმარტებები გააკეთოს ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით.

დაბოლოს, 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქმისწარმოება, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო, მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ჟურნალისტების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლას. საუბარია მედიის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ შესაბამისად გაეშუქებინათ კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური ძალის აქტივისტებისა თუ მხარდამჭერებისთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესი და ასევე შეზღუდული იყო მათი ადვოკატირებაც.

ოფიციალურ ვებსაიტზე 16 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ომბუდსმენის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტი დაინტერესდა, მაგალითად, რა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კონტროლის პალატაში, რა სახის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რის საფუძველზე და რა სტატუსით იყვნენ დაბარებული ადამიანები საქართველოს კონტროლის პალატაში და ასე შემდეგ. პასუხებს სახალხო დამცველის აპარატი კონტროლის პალატის პარტიათა ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსისგან ელოდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG