Accessibility links

მკვლელობაში ბრალდებულ ამერიკელ სამხედროს ავღანეთში სამსახური აღარ სურდა


ავღანეთში 16 უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი სამხედროს ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტს არ სურდა ამერიკის დატოვება და უკვე მეოთხედ ავღანეთში სამხედრო სამსახური. ადვოკატმა ჯონ ჰენრი ბრაუნმა განაცხადა, რომ ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც აშშ-ის ოფიციალურ პირებს არ გამოუცხადებიათ, ორჯერ იყო ადრე დაჭრილი და ის და მისი ოჯახი ფიქრობდნენ, რომ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა აღარ მოუწევდა.

ადვოკატ ჯონ ჰენრი ბრაუნისთვის არ არის ცნობილი სროლის და დანაშაულის გარემოებები, მაგრამ მან იცის თვითონ ბრალდებულის წარსული, იცის, რომ მას აღარ სურდა ავღანეთში სამსახური, მით უმეტეს, რომ სამჯერ ის უკვე იყო მივლინებული ახლო აღმოსავლეთში:

„მას უთხრეს, რომ კიდევ ერთხელ გზავნიდნენ ავღანეთში. ოჯახი ამას არ მოელოდა. მასაც და ოჯახსაც განუცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთში მისი გაგზავნა დასრულდა და შემდეგ, ზუსტად ერთ დღეში, ვითარება შეიცვალა. სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ არც ის და არც ოჯახი არ იყო კმაყოფილი მისი კვლავ სამსახურში გამწესებით.“

ბრაუნი ესაუბრა ბრალდებულის ოჯახის წევრებსაც, რომლებიც, მისი თქმით, „შოკში არიან. მას არასოდეს არაფერი უთქვამს მაჰმადიანების ან ახლოაღმოსავლელების საწინააღმდეგო. ის, საერთოდ, რბილი ადამიანი იყო. ოჯახი მომხდარის გამო შოკშია“, აცხადებს ადვოკატი. ის ამბობს, რომ მან თითქმის არაფერი იცის სროლის შესახებ, იმის შესახებ, თუ რა მოხდა იქ, მაგრამ არ ეთანხმება ცნობებს, თითქოს ალკოჰოლმა, სტრესმა და ოჯახურმა ვითარებამ გამოიწვია ჭკუიდან შერყევა. ბრაუნის ცნობით, 11 მარტის ინციდენტის წინა დღეს ჯარისკაცმა იხილა, როგორ მოაგლიჯა ნაღმმა ფეხი მის თანამებრძოლს, მის მეგობარს. ამ შემთხვევამ გავლენა იქონია ყანდაარში მყოფ ყველა ამერიკელ სამხედროზე.

ყანდაარში 11 მარტს მომხდარმა ამ ამბავმა კვლავ დაძაბა ურთიერთობა ქაბულსა და ვაშინგტონს შორის. მანამდე ავღანეთში მძაფრი პროტესტი მოჰყვა ნატოს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ყურანის ეგზემპლარების შემთხვევით დაწვას. ამ მკვლელობის შედეგად, ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, ნატოს სამხედრო შენაერთებს მოუწოდა დატოვონ სოფლები და დაბრუნდნენ თავიანთ ძირითად სამხედრო ბაზებზე. კარზაიმ ავღანეთში სტუმრად მყოფ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლეონ პანეტას განუცხადა, რომ ავღანეთის მთავრობას სურს თავისი ქვეყნის უსაფრთხოების კონტროლი უკვე 2013 წელს ჩაიბაროს და არა 2014-ში, როგორც ვაშინგტონს აქვს დაგეგმილი. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ თალიბანმა მიატოვა აშშ-თან კატარში გამართული წინასწარი მოლაპარაკებები, რომელთა მიზანია სრული მასშტაბის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნდობის აღდგენა. თალიბანის შეფასებით, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია მკაფიო პოზიცია, რაც დაბრკოლებას უქმნის მოლაპარაკების პროგრესს. განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ თალიბანმა უარყო მოლაპარაკების გამართვა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობასთან. ვაშინგტონმა ამ განცხადებას უპასუხა, რომ ის კვლავაც პოლიტიკური შერიგების მომხრეა, რომელშიც თალიბანიც უნდა იყოს ჩართული. ვაშინგტონი თვლის, რომ წინსვლა ამ საქმეში დამოკიდებულია ავღანეთის მთავრობასა და მეამბოხეთა შორის შეთანხმებაზე.
XS
SM
MD
LG