Accessibility links

logo-print
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის მანძილზე განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ინფორმაციის თანახმად, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგებს ეყრდნობა, გასულ წელს საქართველოში დაბანდებული უცხოური კაპიტალის მოცულობამ 981 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 20 პროცენტით აღემატება 2010 წლის დაზუსტებულ
მონაცემებს.

დაუზუსტებელი მონაცემების თანახმად, საქართველოში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობით ლიდერობს ნიდერლანდები, შემდეგ მოდის დანია, საერთაშორისო ორგანიზაციები, კვიპროსი, თურქეთი და ა.შ. ამ ქვეყნებს საქართველოს მარტივი ბიზნესგარემო იზიდავს, - აცხადებენ საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, აღსანიშნავია ინვესტიციების ზრდა მრეწველობის სფეროში:

”ვფიქრობ, რომ რამდენიმე ფაქტორი არის მნიშვნელოვანი, პირველი ის, რომ 2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 981 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. მეორე ის, რომ მრეწველობა გავიდა პირველ ადგილზე, რაც პირდაპირ აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.”

ვერა ქობალიას მიერ ნახსენები ინვესტიციების 20 პროცენტიანი ზრდა წინასწარი მონაცემია, რაც დაზუსტების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ეს ტემპი ეკონომიკის ექსპერტების ნაწილს ჯერაც არ აძლევს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საფუძველს. ეკონომიკური კვლევის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნინო ევგენიძის კომენტარი:

”იმის მიუხედავად, რომ შეინიშნებოდა უცხოური ინვესტიციების ზრდა, ქვეყანა ჩამორჩება კრიზისამდელ პერიოდს. 2007 წელს უცხური ინვესტიციების ბუმი იყო.”

მთავრობის წარმომადგენლები ნინო ევგენიძის მიერ ნახსენებ ჩამორჩენის მიზეზებზე უფრო მეტად იმ განსხვავებაზე საუბრობენ, რითაც 2011 წელი, მაგალითად, 2007-ისგან გამოირჩევა. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში რეინვესტიციების მოცულობა გაიზარდა:
დაბალი კვალიფიკაცია ხელს უშლის უმუშევართა დიდი რაოდენობის დასაქმებას.

”რეინვესტიციის ხვედრითი წილი გაიზარდა და არის 38.5 პროცენტი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძალიან კარგი ბიზნესგარემოა ქვეყანაში. ასევე, ინვესტიცია კარგიაქვეყნისთვის იმიტომ, რომ იქმნება ახალი საწარმოები, დამატებითი სამუშაო ადგილები და ხდება ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ქვეყანაში.”

ქეთი ბოჭორიშვილის მიერ ნახსენებ შედეგთა შორისაა დამატებითი სამუშაო ადგილები, რომელთა რაოდენობა უცხოური ინვესტიციების თუ რეინვესტიციების ზრდის მაჩვენებლის პროპორციულად არ იცვლება. საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოში არსებული უმუშევრობა 16 პროცენტის ფარგლებშია და ის, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ დაახლოებით 1 პროცენტით შემცირდა.

ამის მიზეზებზე საუბრისას ექსპერტები, სხვა მიზეზებთან ერთად, ადგილობრივი მუშახელის დაბალ კვალიფიკაციასაც ასახელებენ, რაც ხელს უშლის უმუშევართა დიდი რაოდენობის დასაქმებას მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას.

მაგრამ არის სხვა შემთხვევებიც. მაგალითად, საქართველოში დაბანდებული ინვესტიციების დიდი ნაწილი თურქეთის კომპანიებს ეკუთვნის, რომლებმაც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე სამკერვალო ფაბრიკა გახსნეს, რადგან ადგილობრივი მუშახელი გაცილებით იაფია, ვიდრე თურქეთში.

თუმცა ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა მნიშვნელოვანია არამარტო სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ეკონომიკის ექსპერტის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, უცხოური კაპიტალდაბანდებებით ამუშავებულ კომპანიებს სხვადასხვა სარგებელი მოაქვთ:

”ეს კომპანიები იხდიან გადასახადებს ბიუჯეტში. ამ გადასახადებით ვაფინანსებთ ბევრ სახელმწიფო ხარჯს და, მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას. ესაა ერთადერთი ეკონომიკური ლოგიკა.”

ესაა ერთადერთი ეკონომიკური ლოგიკა...

ზურაბ ჯაფარიძისა და სხვა ეკონომისტების განმარტებით, სწორედ ინვესტიციების მოცულობის მატება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, რომლის გარეშეც საქართველოში არსებული სიღარიბისა თუ სხვა პრობლემების დაძლევა შეუძლებელი იქნება. ექსპერტთა ნაწილი სწორედ ამით ხსნის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის ჰიდრორესურსები ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე დაუთმოს უცხოელ ინვესტორებს.

როგორც რამდენიმე თვის წინ გაცხადდა, თურქეთის ბიზნესი დიდი ინტერესს იჩენს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სფეროში. ამჟამად თურქეთის მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებული და დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა ერთ მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

ენერგეტიკის სფეროში მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკას ჰყავს მოწინააღმდეგენიც, მათ შორისაა ექსპერტი დავით ებრალიძე. იგი მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, თუ ჰიდრორესურსების ექსპლუატაციაზე გარკვეულ გადასახადს დააწესებს.

ამ მოსაზრების ოპონენტების აზრით კი, მაშინ როდესაც ევროპასა და მთელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის ნიშნებია, საქართველოს თუნდაც ენერგეტიკის სფეროში კაპიტალის მოსაზიდად უფრო მარტივი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ესაჭიროება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG