Accessibility links

logo-print
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ პროექტ ”კარდაკარისთვის” შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა. სახელმძღვანელოს დახმარებით ის რეგისტრატორები მომზადდებიან, რომლებმაც, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, აპრილის ბოლოდან 10 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, ე.წ. ველზე გასვლის პრინციპით უნდა იმუშაონ და, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, თითოეული ამომრჩევლის კარზე უნდა მიაკაკუნონ. რეგისტრატორების მომზადება 23 მარტს დაიწყება და 6 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. რა შედეგს ელის კომისია „კარდაკარის“ დასრულების შემდეგ, მოესწრება თუ არა ამომრჩეველთა სიების დაზუსტება და რა პრობლემებზე მიუთითებენ თავად კომისიის წევრები?

”11100 რეგისტრატორი მოივლის ყველა უბანსა და ყველა ოლქს, მოივლის ყველა ოჯახს და ბინას და მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტით განახორციელებს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას”, - თქვა მამუკა კაციტაძემ, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის ხელმძღვანელმა, ”კარდაკარისათვის” შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაციაზე და იქვე დაამატა: ”ეს არის იმედი იმისა, რომ უკვე არა მხოლოდ ერთი პარტიისა და ხელისუფლების ხელში იქნება ბედი ამომრჩეველთა ერთიანი სიის დადგენა-გადაწყვეტისა, არამედ ეს იქნება კომპლექსური პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ხელისუფლების, მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომლებიც უშუალოდ ვართ ჩართულნი კომისიის მუშაობაში და, რაც მთავარია, ეს არის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უშუალო ჩართულობას სიების დაზუსტებაში.”
15 ადამიანს, რომელიც მიწერილია მისამართზე, სადაც ისინი არ ცხოვრობენ, ამოვწერთ სიიდან და თუ შემდეგ სადმე არ დავამისამართებთ, მაშინ გამოდის, რომ ის საარჩევნო სიაში საერთოდ ვეღარ მოხვდება ...

”გამარჯობა! ჩვენ წარმოვადგენთ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას, რომლის საქმიანობის მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. დიდ დროს არ წაგართმევთ და გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხლიდ სიების გადამოწმებისა და შესწორების მიზნით”, - აი, ზუსტად ასეთი მისალმების მოსმენა მოგიწევთ მას შემდეგ, რაც თქვენს კარზე კომისიის წარმომადგენლები მოაკაკუნებენ.

ამომრჩეველთა სიებიდან გარდაცვლილთა ამოღება, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების დაფიქსირება, დაუდგენელი და ე.წ. მიწერილი მოქალაქეების აღმოჩენა - ეს არის ის მთავარი მისია, რომლის შესრულებაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე მომუშავე რეგისტრატორებს ევალებათ. კახა კახიშვილი, კომისიის წევრი და ”არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განსაკუთრებულ აქცენტს სვამს მიწერილი მოქალაქეების პრობლემაზე და ლაპარაკობს იმაზე, რომ კომისიას თავად უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ასეთი მოქალაქეები თავისი გადაწყვეტილებით ამოიღოს ამომრჩეველთა სიიდან. ამ უფლებამოსილების მოპოვების გარეშე, ის ვერ ხედავს კომისიის საქმიანობის პოზიტიურ შედეგს. როგორც კახა კახიშვილი გვეუბნება, ამ მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საჯარო რეესტრთან და, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებამდე კომისია საჯარო რეესტრიდან კონკრეტულ პასუხს მიიღებს, თუმცა ის კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

”პირობითად ვიტყვი, თუკი, მაგალითად, 15 ადამიანს, რომელიც მიწერილია მისამართზე, სადაც ისინი არ ცხოვრობენ, ამოვწერთ სიიდან და თუ შემდეგ სადმე არ დავამისამართებთ, მაშინ გამოდის, რომ ის საარჩევნო სიაში საერთოდ ვეღარ მოხვდება და მათ წაერთმევათ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება. ასე რომ, ეს მექანიზმიც აუცილებლად მოსაფიქრებელია.”

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც კახა კახიშვილი საუბრობს, ამომრჩეველთა სიებში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების რაოდენობისა და მათი მონაცემების დადგენაა. შიდა და გარე მიგრაცია, ეს სწორედ ის პრობლემაა, რომლის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც” მიუთითებს. მათ მიერ ჩატარებული აუდიტის თანახმად, 2011 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩევლის რეგისტრაციის მიმართულებით საარჩევნო სიაში ხარვეზები მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგალითად, როგორც ისინი ამბობენ, სიებში ერთ პროცენტამდე დავიდა გარდაცვლილი მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა სიაში კვლავაც მაღალია იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. პრობლემად რჩებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყნის შიგნით გადაადგილდებიან. სწორედ ამიტომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კომისიამ განსაკუთრებული ყურადღება ამ ხარვეზების აღმოფხვრას უნდა დაუთმოს:

”კომისიამ სიაში სათანადო მითითებები უნდა გააკეთოს, რომ ამომრჩეველი იმყოფება საზღვარგარეთ, რათა ამ ადამიანის ხმით მანიპულირება არ მოხდეს და გამოირიცხოს ეს საკითხი.”

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” „კარდაკარის“ პროცესის უშუალო დამკვირვებელი იქნება და კონკრეტული დასკვნების გამოტანაც მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.

დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია გასული წლის 15 ნოემბერს შეიქმნა. კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო კომისიამ ”კარდაკარის” განხორციელება უფრო ადრე, კახა კახიშვილი, კომისიის წევრი, გვიპასუხებს, რომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები დრო დარჩება იმისათვის, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილ სიებში რაიმე ტიპის ცვლილებები შეიტანოს. რაც შეეხება „კარდაკარის“ განხორციელების შემდეგ სიაში დარჩენილ ხარვეზებს, მამუკა კაციტაძე, კომისიის ხელმძღვანელი, გვიპასუხებს, რომ მათ შესახებ ის პირველი აგვისტოსთვის ისაუბრებს, ანუ მაშინ, როდესაც მას მზად ექნება ამომრჩეველთა ერთიანი სია, თუმცა თავის ვარაუდს მაინც გვიმხელს:

”მე არ მაქვს ილუზია, რომ შედეგი იქნება ასპროცენტიანი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ შედეგი ას პროცენტთან ძალიან იქნება მიახლოებული.”
XS
SM
MD
LG